საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
12თებ
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგისა ცენტრმა (EMC), პროექტის INSPIRED+ Georgia-ს ფარგლებში გამართა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „საქართველოს შრომით მედიაციის მექანიზმზე მრავალწარმომადგენლობითი დიალოგი: დაბრკოლებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციებზე შეჯერება“.
კონფერენციას დაესწრნენ შრომითი პოლიტიკის სფეროს მთავარი აქტორები - სოციალური პარტნიორები, სამთავრობო და საპარლამენტო ორგანოების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
კონფერენციის მთავარი მომხსენებელი იყო სლოვენიის ყოფილი პრეზიდენტი, საერთაშორისო სამართლის პროფესორი, დანილო ტურკი. მან წაიკითხა მოხსენება, თემაზე: „სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობა და სახელმწიფოს როლი მის მხარდაჭერაში“.
მედიაცია, როგორც კოლექტიური შრომითი დავის მოგვარების ალტერნატიული მეთოდი, ქართულ კანონმდებლობაში ხუთი წლის წინ, 2013 წელს დამკვიდრდა და მიზნად დაისახა შრომით ურთიერთობებში მზარდი კოლექტიური დავების მცირე დროში, სასამართლო დანახარჯების გარეშე გადაჭრა. მედიაციის სისტემის არსიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, ის უნდა გამხდარიყო შრომითი უფლებების რეალიზაციის დამატებითი მხარდამჭერი მექანიზმი, რომელსაც შრომის ინსპექციასა და სასამართლო სისტემასთან ერთად, შრომითი უფლებების ეფექტიანი დაცვა უნდა უზრუნველეყო. მიუხედავად შრომითი მედიაციის ამოქმედებისა და მედიაციის მექანიზმის მზარდი გამოყენებისა დასაქმებულთა მხრიდან, მედიაციის დღეს არსებული სისტემა ვერ გახდა კოლექტიური შრომითი დავის გადაჭრის ეფექტიანი გზა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მედიაციის მექანიზმის ხარვეზებისა და შრომის პოლიტიკის სტრუქტურული გამოწვევების პირობებში, სისტემამ ვერ უზრუნველყო მის მიმართ სოციალურ პარტნიორთა სათანადო ნდობის ჩამოყალიბება.
საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავდა, შრომითი მედიაციის მექანიზმის შესახებ პოლიტიკური დისკუსიის წახალისებას, შემუშავებულ რეკომენდაციაზე აქტორებს შორის დებატების გაჩენას და მექანიზმის გაუმჯობესებისთვის საჭირო პოლიტიკის ადვოკატირებას.
კონფერენცია გაიმართა პროექტის INSPIRED + Georgia-ს ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის (EPD).კონფერენციას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელ ორგანიზაციას წარმოადგენს ფრიდრიხ ებერტის ფონდი (Friedrich Ebert Foundation).
ინსტრუქცია