[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

დისკუსია - “რელიგია, პოლიტიკა, ყოველდღიურობა”

18ივნ

Cover image

18 ივნისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა საჯარო დისკუსია - “რელიგია, პოლიტიკა, ყოველდღიურობა”.

ამ დისკუსიის მიზანი იყო მართლმადიდებელი ეკლესიის პოლიტიკური და სოციალური გავლენების შესახებ ნახევრად აკადემიური და საზოგადოებრივი განხილვების წახალისება.

მომხსენებლები:

  • თორნიკე მეტრეველი - რელიგიის სოციოლოგი, სოციალური მეცნიერების დოქტორი, ლუნდის უნივერსიტეტი;
  • სოფო ზვიადაძე - სოციოლოგი და რელიგიის მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • ქეთი გურჩიანი - ანთროპოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • არქიმანდრიტი კირილ ჰოვორუნი - თეოლოგი, ეკლესიოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკუმენიზმის პროფესორი/თარგმნა დეკანოზ გიორგი წეროძემ.

მოდერატორი: თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ეკლესიის ჭარბი გავლენები და რელიგიური დისკურსებისა და სიმბოლოების შემოჭრა ჩანს როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე ჩვენს ყოველდღიურობაში. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ აშკარაა, რომ სუსტი პოლიტიკური ელიტები ცდილობენ ეკლესიის მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას და მასთან ლოიალობისა და შეკავების პოლიტიკებს ატარებენ.

ხელისუფლებების ეს მიდგომა ეკლესიასთან, ხშირად საპატრიარქოს სამართლებრივი, ეკონომიკური და კულტურული დომინაციის მიზეზი ხდება, რაც საბოლოოდ უსამართლო გავლენას ახდენს არაერთი სოციალური ჯგუფის აღიარებასა და სოციალურ მდგომარეობაზე.

მართლმადიდებელი ეკლესიის პოლიტიკური გავლენების შესახებ მსჯელობა კიდევ უფრო მწვავე გახდა უკრაინაში მიმდინარე ომისა და პოლიტიკურ ორთოდოქსიასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური შინაარსის და კონტექსტის ფონზე. ამ რეალობამ პოლიტიკური გეოგრაფიაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილისა და თეოლოგიაზე და პრაქტიკაზე რუსეთი ეკლესიის გავლენის შესახებ კითხვები და დისკუსიები კიდევ ერთხელ გააძლიერა.

პოლიტიკურ ენასა და პრაქტიკაში რელიგიის ჭარბი რეპრეზენტაციის მიღმა აშკარაა მისი ცოცხალი გავლენები ჩვენს ღარიბ და უიმედო სოციალურ ცხოვრებაზე, რომელშიც რელიგიური გრძნობები შვების მიღების, იმედის წარმოების, საეკლესიო სივრცეები კი სოციალური კავშირების შენების გზა ხდება.

რელიგიის გავლენების შესახებ მსჯელობა ჩვენს რეალობაში ლიბერალური და კონსერვატიული დაპირისპირების უხეშ ფორმას იღებს და მისი უფრო ღრმა ისტორიული და სოციალური ანალიზი ნაკლებად ხდება. დისკუსიის მიზანი სწორედ ამ ორმაგი დისკურსული დაპირისპირებიდან გასვლა და ალტერნატიული ინტერპრეტაციების წარმოდგენაა.

დისკუსიების სერია ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“