[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

დისკუსია - ომის ადამიანური და სოციალური დანაკარგები

08აგვ

Cover image

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 8 აგვისტოს გამართა საჯარო დისკუსია - "14 წელი ომის შემდეგ - ომის ადამიანური და სოციალური დანაკარგები".

 

პირველი პანელი: ომით დაზარალებული ადამიანების ყოველდღიურობა და მყიფე რეალობა

  • ნანა გოგოხია, ასოციაცია თანხმობის ადამიანის უფლებების პროგრამების მენეჯერი
  • ანა ქოჩუა, ორგანიზაცია people-in-need
  • ლია მიქელაძე, მერეთის საერთო ორგანიზაციის ხელმძღვანელი
  • ქეთევან ბებიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გორის ოფისის ხელმძღვანელი

მოდერატორი: თეონა ფირანიშვილი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

მეორე პანელი: დანაკარგების, გამოტოვების, მარგინალიზაციის პირისპირ

  • ნარგიზა არჯევანიძე, სოციოლოგი, გენდერის მკვლევარი
  • მალხაზ თორია, ისტორიკოსი
  • ქეთევან მურუსიძე, მშვიდობის და კონფლიქტების მკვლევარი

მოდერატორი: თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი. 

ომის მძიმე ადამიანური და სოციალური შედეგები დღემდე ურთულეს მდგომარეობაში ამყოფებს კონფლიქტის ზონასთან, გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობას და ომით დაზარალებულ ადამიანებს, რომლებიც ან დევნილობაში აგრძელებენ ცხოვრებას, ან უშუალოდ კონფლიქტის ზონაში ცხოვრობენ მძიმე უფლებრივ და სოციალურ ყოფაში. მუდმივი საფრთხის შეგრძნება და შიში, დისკრიმინაცია და უფლებრივი შეზღუდვები, ყოველდღიური სოციალური პრობლემები და სიღარიბე ამ ადამიანების ცხოვრების ნაწილია. ხელისუფლებების სამშვიდობო პოლიტიკა მუდმივად გამოტოვებს ამ ჯგუფების პრობლემებს და ვერ ხედავს მათი მოგვარების სისტემურ გზებს და პროცესებს.

ომიდან 14 წლის შემდეგაც გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი კვლავ ომის შედეგად დანგრეულ სახლებში ცხოვრობს. სიღარიბის და მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობა 33%ით შემცირდა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2019 წლის კვლევის თანახმად გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის 76% არ მიუღია ომის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მძიმეა დევნილობაში მყოფი მოსახლეობის სოციალური ყოფაც, რომლებიც წლებია საცხოვრისის მოლოდინში არიან და ხშირად სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ცხოვრობენ. 2020 წლის ბოლოს მონაცემებით, საქართველოში 288 146 დევნილი პირი და 91 023 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. 2020 წლისთვის სახელმწიფოს 42 370 ოჯახი ჰყავს განსახლებული, ხოლო 40 131 ოჯახს დადგენილი წესით შევსებული აქვს განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით და განსახლების მოლოდინშია.

მძიმე სოციალურ ყოფას ართულებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მუდმივი პრობლემა, რასაც ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი ქმნის. მხოლოდ 2020-2021 წლებში აფხაზეთის მიმართულებით ბორდერიზაციის 25 შემთხვევა, ხოლო ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 190 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 4 წელიწადში კი საოკუპაციო რეჟიმმა 400ზე მეტი საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავა.

კონფლიქტის ზონაში ცხოვრება კი ომით და განგრძობადი კონფლიქტით გამოწვეული პრობლემების ცალკე მიმართულებას ქმნის, რაც უკავშირდება სისტემურ დისკრიმინაციას, ეთნიკური ნიშნით შევიწროებას და უფლებრივ შეზღუდვებს, სოციალურ სიდუხჭირეს და იზოლაციას.

საჯარო დისკუსიის მომხსენებლებთან ერთად ჩვენ შევეცადეთ სრულად წარმოგვედგინა ომით გამოწვეული მძიმე ადამიანური და სოციალური შედეგები ომით დაზარალებული მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისთვის. დისკუსიის ერთ პანელზე მომხსენებლებმა ისაუბრეს აღნიშნულ პრობლემებზე სწორედ ომით დაზარალებული მოსახლეობის პერსპექტივიდან, ხოლო მეორე პანელზე მკვლევრებმა წარმოადგინეს მათი კვლევითი გამოცდილებიდან შექმნილი თეორიული და პოლიტიკური დაკვირვებები და მიგნებები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“