საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
22აპრ
22 აპრილს, 19:00 საათზე EMC-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაიმართა მორიგი დისკუსია ლაივში: "ჩაკეტილი მარნეული და ბოლნისი - სოციალური კრიზისისა და რასიზმის პირისპირ".
მომხსენებლები:
მოდერატორი: თამთა მიქელაძე, EMC-ს თანასწორობის პროგრამის დირექტორი
დისკუსია მიზნად ისახავდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის რეჟიმის გამოცხადების პირობებში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური საჭიროებებისა და სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის კრიტიკულ შეფასებას.
22 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დაწესების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ამ მუნიციპალიტეტების სოფლებში ისედაც პრობლემური იყო წვდომა ბაზისურ სოციალურ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, სასმელ წყალზე, აფთიაქებზე, მაღაზიებზე, სოციალურ სერვისებზე. ადგილობრივი თემის დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია სოფლის მეურნეობასა და ვაჭრობაში. ისტორიულად მიწის უსამართლო განაწილების პრაქტიკამ ადგილობრივი გლეხების დიდი ნაწილი საკუთარი მიწის რესურსების გარეშე დატოვა და ისინი იაფ მუშახელად არიან დასაქმებულები ე.წ. „არენდატორების“ მეურნეობებში. ამ პირობებში ცხადია, რომ ოჯახების დიდი ნაწილი ყოველდღიურ შემოსავალზეა დამოკიდებული. თემში მაღალია საბანკო ვალდებულებების წილიც. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ და სამსახურის დაკარგვამ, ასევე, უკვე აღებული მოსავლის რეალიზების სათანადო პრაქტიკის არქონამ ოჯახების დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დატოვა და მათი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
თვითმმართველობების სოციალური მხარდაჭერის პროგრამები აშკარად სუსტი და ფრაგმენტულია და ვერ პასუხობს ადგილობრივების რეალურ საჭიროებებს. სამწუხაროდ, სუსტი პოლიტიკური რეპრეზენტაცია, დემოკრატიული პრაქტიკისა და ტრადიციის არქონა ამ რეგიონებში თემის საჭიროებების და უკმაყოფილების სათანადო არტიკულირებას და დღის წესრიგში დაყენებას ხელს უშლის.
აღსანიშნავია, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადებას სოციალურ ქსელებში რასიზმის ტალღა მოჰყვა, რომელმაც ადგილობრივ თემში გარიყულობის მძმე აფექტები გააჩინა. ეს განცდა კიდევ უფრო გააღრმავა საპატრიარქოს გადაწყვეტილებების კონტექსტში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის მხარდამჭერმა და მკვეთრად არასეკულარულმა რიტორიკამ. ამ მოცემულობაში კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში ჩვენი ერთობის დომინანტური გაგების კრიტიკული გააზრებისა და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობის აუცილებლობის საკითხი.
დისკუსიის ფარგლებში მსჯელობა შემდეგ ძირითად საკითხებს დაეთმო:
ინსტრუქცია