[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ღონისძიებები

ანგარიშის პრეზენტაცია - აქტივიზმი და შეკრების უფლებით სარგებლობა

05მაი

Cover image

2022 წლის 5 მაისს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა ახალი ანგარიშის პრეზენტაცია „აქტივიზმი და შეკრების უფლებით სარგებლობა, ქართული პრაქტიკის ანალიზი“. ანგარიშში შეფასებულია 2021 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით გამართული საპროტესტო დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან გამოყენებული ძალის პროპორციულობა და უფლებრივ დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტიანობა. ტენდენციები და მიგნებები დაფუძნებულია პარტნიორი ორგანიზაციების -“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI),” “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია)”, “უფლებები საქართველოს” და “ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გაწეულ სამართლებრივ დახმარებასა და სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე.

ანგარიშის თანახმად, საპოლიციო ძალა სულ უფრო ხშირად გვევლინება პროცესების მართვის წამყვან მექანიზმად, როგორც პოლიტიკური კრიზისების დროს, ისე სხვადასხვა სოციალურ საკითხთან დაკავშირებულ კონფლიქტებში.  განსაკუთრებით მწვავე იყო 5 ივლისს განვითარებული მოვლენები, როდესაც ერთი მხრივ ჩვენ ვნახეთ,  პოლიციის უმოქმედობა, როდესაც ხელისუფლებამ დაუშვა და ირიბად წაახალისა ძალადობრივი მოქმედებები. მეორე მხრივ, ნამოხვანის პროტესტის მიმდინარეობისას, ჩვენ ვიხილეთ  ჭარბი/ინტენსიური საპოლიციო ძალების მობილიზება, როდესაც ხისტი და რეპრესიული მეთოდებით, ხელისუფლება ცდილობდა ჭარბი საპოლიციო ძალით ფიზიკური ბარიერები შეექმნა და ხელი შეეშალა რიონის ხეობის მცველების ლეგიტიმური, მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტისთვის.

გაანალიზებული საქმეებიდან გამოიკვეთა, რომ ხშირ შემთხვევაში, აქტივისტების დაკავება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შაბლონური საფუძვლებით, თვითნებურად ხდებოდა; არაეფექტიანია ის მექანიზმიც, რომლითაც პირის დაკავების კანონიერება უნდა მოწმდებოდეს. კერძოდ, სასამართლო, როგორც წესი, პირს სამართალდამრღვევად ისე ცნობს, რომ საერთოდ არ მსჯელობს მისი დაკავების კანონიერების შესახებ.

ფორმალურ ხასიათს ატარებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სასამართლო განხილვებიც, სადაც გადაწყვეტილებები ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გარეშე, შაბლონურად, კონვეიერული წესით მიიღება. როგორც წესი, საქმეები უკიდურესად მცირე დროში, ობიექტური შეფასებისთვის საჭირო და აუცილებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში განიხილება. ანგარიშის თანახმად, ბუნდოვანი და ადამიანის უფლებების სტანდარტებისგან დაშორებული კანონმდებლობა, სამართალდამცავი ორგანოების დაბალი ანგარიშვალდებულება და არაეფექტიანი სასამართლო კონტროლი, მთლიანობაში ქმნის ფართო არეალს საპოლიციო თვითნებობისთვის.

 

ანგარიში მომზადდა პროექტის – „იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის“, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“