[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

2023 წლის 17 და 18 ივლისს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა სოფლებში, რუხი და განმუხური მცხოვრებ მოსახლეობას სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს

17ივლ

Cover image

შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობამ გაგვიზიარა მათი წუხილები და გამოწვევები. მოქალაქეებმა აღნიშნეს, რომ მათი ძირითადი პრობლემა სიღარიბე და მძიმე სოციალური ფონია. უმეტესობას აქვს გადაუხდელი სესხები, დიდ ნაწილს კი ჯერაც არ მიუღიათ საცხოვრებელი და ცხოვრებენ დროებით დევნილთა დასახლებებში. სოფლებში პრობლემაა სასმელი წყლისა და კანალიზაციის  სისტემების გაუმართაობაც.

სოფელ განმუხურის მაცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ უშუალოდ საოკუპაციო ზოლთან არსებული დასახლებების ინფრასტრუქტურული ქსელები ფუნქციონირებს აფხაზეთის ელექტროენერგიით, რომელიც დაბალი სიმძლავრის გამო სრულყოფილად ვერ ამუშავებს მათ. ამავე სოფელში ერთ-ერთ დევნილთა დასახლებას წლებია არ მიეწოდება წყალი, 2022 წელს მაცხოვრებლებმა თავად უზრუნველყვეს საჭირო ხარჯების კალკულაცია და დაადგინეს, რომ წყლის შემოყვანას დაახლოებთ 10 000 ლარი სჭირდება, გასულ წელს მოითხოვეს ეს თანხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტისგანაც, თუმცა უშედეგოდ.

ნიშანდობლივია, რომ რუხში და განმუხურში მცხოვრები დევნილები ხშირად დადიან აფხაზეთში, შესაბამისად სისტემატურად უწევთ გამყოფ ხაზზე არსებული ე.წ. უსაფრთხოების პროცედურების გავლა. მოქალაქეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ღირსების შემლახავია რუსულ და ქართულ საგუშაგოებზე არსებული შემოწმების პროცედურა, რაც მოიცავს გარკვეულ შემთხვევებში ყოველგვარი ეჭვის და მიზეზის გარეშე მათ ჩხრეკას და პირადი ნივთების დეტალურ დათვალიერებას. აღსანიშნავია, რომ ქართულ საგუშაგოზე მხოლოდ მამაკაცები მუშაობენ, შესაბამისად, შემოწმებისას იმავე სქესის უფლებამოსილი პირის გამოყოფის პრინციპი დაცული არ არის. ამასთან, შემოწმების პროცესი არ გამოიყენება შესაბამისი ტექნიკა/აღჭურვილობა (სკანერი, დეტექტორი და მსგავსი), უფლებამოსილი წარმომადგენლები შიშველი ხელებით ასრულებენ პროცედურებს. ყოველივე აღნიშნული კი, პირადი ჩხრეკისას უხერხულობას უქმნით განსაკუთრებით ქალებს. პრობლემურია ასევე რუსული საგუშაგოდან სოფლებში ტრანსპორტირება, მათ მხოლოდ ერთი ავტობუსი ემსახურებათ, რომელიც არ არის საკმარისი მსურველთა რაოდენობის და გადაადგილების ინტენსივობის გათვალისწინებით, შესაბამისად ხშირად ტვირთით ხელში ფეხით უწევთ 3 კილომეტრამდე მანძილის გავლა.

მოსახლეობამ ზემოაღნიშნულ შეხვედრებზე მიიღო ინდივიდუალური კონსულტაციებიც საკუთრების, მემკვიდრეობს, განქორწინების, სოციალური დაცვის, ჯანდაცვის და დევნილის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ცენტრი სოფლებში გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და სხვა რელევანტური სახელმწიფო უწყებების ინფორმირებას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კვლავ აგრძელებს სამართლებრივი დახმარების შეხვედრების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვან ქალაქებსა და სოფლებში.

შეხვედრები ჩატარდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) და კვინა ტილ კვინას მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის წახალისება კონფლიქტებთან დაკავშირებული ისტორიის კრიტიკული გადააზრების და ქალთა პერსპექტივების გაძლიერებით“ ფარგლებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“