საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
07ივლ
7 ივლისს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა ორი კვლევის პრეზენტაცია:
პირველ ანგარიშში (მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა) კრიტიკულად შეფასებულია საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც ბოლო 3 წლის პერიოდში განხორციელებული რეფორმების შედეგად ჩამოყალიბდა. სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღამ“ დისციპლინური პასუხისმგებლობის განახლებულ და გაუმჯობესებულ სისტემას ჩაუყარა საფუძველი. ამის საპირისპიროდ, 2021 წლის 30 დეკემბრის, ნაჩქარევად და ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზულად უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელიც აუარესებს კანონმდებლობის განჭვრეტადობის ხარისხს, შეიცავს მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ხელყოფის მომეტებულ რისკებს და ამარტივებს მათ მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების პროცესს.
ანგარიშში ასევე ვრცლად არის განხილული დისციპლინურ სამართალწარმოებაში მონაწილე ორგანოების დაკომპლექტების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, რომელიც ცხადყოფს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სათანადოდ არ ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებებს, რის გამოც სამართალწარმოება ვადების მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. ამასთან, საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის სამართალწარმოების პროცესში მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო არსებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი არადამაკმაყოფილებელია. ბოლოს, საბჭოში გადაწყვეტილების მიღებისას არასოდეს ფიქსირდება განსხვავებული აზრი და მოსამართლეებიც არ სარგებლობენ სხდომების გასაჯაროვების უფლებით, რაც სისტემის უკიდურეს ჩაკეტილობაზე და მის შიგნით კრიტიკული აზრის ნაკლებობაზე მიუთითებს.
მეორე ანგარიშში (საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა სასამართლოში) კრიტიკულადაა გაანალიზებული საერთო სასამართლოებში საქმეთა შემთხვევით, ელექტრონულად განაწილების სისტემა, რომელიც სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში დანერგილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური სიახლე იყო. ახალ წესს საქმეთა განხილვის მიუკერძოებლობა, პროცესის გარე ჩარევებისგან დაცვა და მართლმსაჯულების დროული და ეფექტიანი განხორციელება უნდა გაეუმჯობესებინა. თუმცა, როგორც 2020-2021 წლების პერიოდზე დაკვირვება მოწმობს, არაერთი ხარვეზის და ბუნდოვანების არსებობის მიუხედავად, სისტემის გაუმჯობესება საქართველოს პარლამენტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის პრიორიტეტული აღარ არის. ბოლო 4 წლის განმავლობაში საქმეთა 1/3-ზე მეტი, სტაბილურად, შემთხვევითობის პრინციპის დაუცველად ნაწილდება. საქმეთა განაწილების წესი კვლავ ვერ აზღვევს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობაზე არასათანადო გავლენების რისკებს. ასევე ხშირად ბუნდოვანი და გაუმჭვირვალეა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეების, ისე სასამართლოების კანცელარიებისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის როლი ამ პროცესში. ბოლოს, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა ამ მიმართულებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტები, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სისტემის ფუნქციონირების ეფექტიან მონიტორინგს.
დისკუსია გაიმართა პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დოკუმენტების შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დოკუმენტებში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.
ინსტრუქცია