საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
როგორც ცნობილია, 2017 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის შეურაცხყოფისთვის 2000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება EMC-იმ, 2018 წლის 6 იანვარს, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 16 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველმა ამ საქმეზე “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება წარუდგინა სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ზვიად რატიანის სამართალდამრღვევად მიჩნევის თაობაზე დადგენილება, საქმეში ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის გამო, მთლიანად ემყარება ზვიად რატიანის დამკავებელი პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, მათი კეთილსინდისიერებისა და მიუკერძოებლობის ვარაუდს. „სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სამართალდამრღვევის გამომვლენის მიერ უზუსტობის, მიკერძოების ან არაობიექტური შეფასების კონკრეტული შემთხვევის გამოვლენა.“ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესის განხილვის დროს ყველაზე მეტი დრო დაეთმო პოლიციელთა თავდაპირველი წერილობითი განმარტებებისა და მოწმის სახით მიცემულ ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობების გამოკვლევას, სასამართლომ მხოლოდ მათი ჩვენებები სამართალდარღვევის ჩადენის დადგენისთვის სარწმუნო მტკიცებულებად მიიჩნია.
ამასთან, სასამართლოს დადგენილებაში არ უმსჯელია სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში მოქალაქის შეჩერების დროს პოლიციელთა ვალდებულებაზე, ჩართული სამხრე ვიდეო კამერით დაეფიქსირებინათ მოქალაქესთან კომუნიკაცია. სასამართლო დადგენილ გარემოებად უთითებს, რომ წინამძღვრიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე “საპოლიციო კონტროლის ფარგლებში მოძრაობდნენ პოლიციის თანამშრომლები, რა დროსაც შეაჩერეს მოაქალაქე ზვიად რატიანი...”. ნათელია, რომ სასამართლოსთვისაც სადავო არ ყოფილა ის,რომ რატიანის შეჩერება რეიდის ფარგლებში მოხდა, რაც პოლიციას ამ კომუნიკაციის ვიდეო გადაღების ვალდებულებას აკისრებდა.
სასამართლოს ასევე არ განუმარტავს, რა გარემოებებმა დაარწმუნა, დაკავებამდე ზვიად რატიანის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, მაშინ როცა პოლიციელთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების გარდა, საქმეში არსებული არც ერთი ნეიტრალური მტკიცებულებით და წარდგენილი ფრაგმენტული ვიდეო ჩანაწერებით აღნიშნული გარემოება არ დგინდება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილებით სამართალდარღვევის არარსებობის თაობაზე მტკიცების ტვირთი ფაქტობრივად სახელმწიფოს ნაცვლად მოქალაქეს დაეკისრა. ამასთან დაკავშირებით, სასამართლოსთვის წარდგენილ მოსაზრებაში, სახალხო დამცველი აღნიშნავს: “მოცემული საქმე ასევე ასახავს სასამართლოში დამკვიდრებულ არასწორ პრაქტიკას, რომლის შედეგად მოქალაქეები კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული გარანტიების გარეშე რჩებიან. ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნობით პირის პასუხისგებაში მიცემა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და იწვევს მტკიცების ტვირთის სახელმწიფოდან მოქალაქეზე გადასვლას, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს”.
მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღმოფხვრას ის სამართლებრივი ხარვეზები და შეცდომები, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 დეკემბრის დაუსაბუთებელი დადგენილებით იკვეთება და საქმეზე დართული მტკიცებულებების შესაბამისად, მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. ამასთან, EMC მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით და მხარეებს მისცეს შესაძლებლობა იმსჯელონ, პირველი ინსტანციის მიერ, არასრულფასოვნად გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.
რაც შეეხება, ზვიად რატიანის საქმეში არსებული ფრაგმენტული ვიდეო ჩანაწერების კანონიერებას, ამ საკითხის შესწავლის მიზნით, EMC-იმ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.
შსს-ს გენერალური ინსპექციის მხრიდან დისციპლინური წარმოების ფარგლებში უნდა დადგინდეს:
- სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების დროს, 2017 წლის 23 დეკემბერს, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილების შესაბამისი თანამშრომლები ასრულებდნენ თუ არა “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონისა და შს მინისტრის 21 დეკემბრის ბრძანებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, კერძოდ, ატარებდნენ თუ არა რეიდს შესაბამისი სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლით, იყვნენ თუ არა აღჭურვილი ჩართული ვიდეო გადამღები ტექნიკით და ახორციელებდნენ თუ არა რეიდის ფარგლებში მოქალაქეებთან კონტაქტის ვიდეო გადაღებას უწყვეტ რეჟიმში.
- დამოუკიდებლად შესწავლას საჭიროებს, ზვიად რატიანთან კონტაქტის პირადი მობილური ტელეფონით გადაღების კანონიერება, ასევე ვისი გადაწყვეტილებით დაიწყეს პოლიციელებმა რატიანის დაკავების შემდგომი მოვლენების ვიდეო გადაღება და რატომ არ არსებობს პოლიციისა და რატიანის თავდაპირველი შემხებლობის სრული ვიდეოჩანაწერი. საპოლიციო საქმიანობის შესახებ არსებული საკანონმდებლო აქტებიდან არც ერთი მათგანი არ ანიჭებს პოლიციის თანამშრომელს უფლებამოსილებას, საპოლიციო საქმიანობის დაფიქსირებისთვის პირადი მობილური ტელეფონი გამოიყენოს.
პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის მხრიდან შემოწმებას ექვემდებარება:
- პოლიციელების მიერ ზვიად რატიანთან კონტაქტის პირადი მობილური ტელეფონით გადაღების კანონიერი საფუძვლების არსებობა. პირადი მობილური ტელეფონით მოქალაქესთან კონტაქტის ფრაგმენტულად აღბეჭდვა ქმნის საქმის გარემოებების ფალსიფიცირების რისკებს, ასევე არღვევს პერსონალური მონაცემების მოპოვების და დამუშავების სტანდარტს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევის საშიშროებას.
- ასევე, უნდა შეფასდეს შს სამინისტროს მიერ ზვიად რატიანის დაკავების შემდგომ გაკეთებული ეპიზოდური და არასრული ვიდეო ჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრინციპების - მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად, სამართლიანად და კანონიერად დამუშავების, ასევე მონაცემთა მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის დამუშავების პრინციპების დაცულობა.
ინსტრუქცია