[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ტელეკომპანია "ფორმულადან" გათავისუფლებული ოპერატორების ინტერესებს სასამართლოში დაიცავს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორების პროტესტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და მიიჩნევს, რომ, სამწუხაროდ, ხელიდან იქნა გაშვებული შესაძლებლობა, მხარეებს შორის წამოჭრილი უთანხმოება გადაწყვეტილიყო მოლაპარაკების გზით, როგორც მშრომელების უფლებების, ისე ქვეყანაში არსებული მედიაგარემოს ინტერესების გათვალისწინებით. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 3 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "ფორმულამ"  საინფორმაციო სამსახურის 25 ოპერატორი, რომელიც წინა დღეებში დამსაქმებლისგან ხელფასების ზრდას ითხოვდა და გაფიცვის პროცესი წამოიწყო, გაათავისუფლა. 4 თებერვალს პროტესტის რეჟიმში მყოფმა ოპერატორებმა სოციალური სამართლიანობის ცენტრს, როგორც შრომით უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციას, სამართლებრივი კონსულტაციისთვის მიმართეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული ინდივიდუალური დასაქმებულების დოკუმენტაციის სრულყოფილად შესწავლის საშუალება ამ ეტაპზე არ მოგვეცა, თუმცა დასაქმებულები ჩვენთან შეხვედრისას აცხადებდნენ, რომ მათი შრომის ანაზღაურება, მათი შრომის სპეციფიკისა და ქვეყანაში არსებული ინფლაციის ფონზე, ადეკვატური არ არის და უკვე რამდენიმე თვეა დამსაქმებლის წინაშე მისი გადახედვის საკითხს აყენებენ. უფრო ზუსტად, ოპერატორების მხრიდან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მათი მინიმალური ხელფასი მხოლოდ 500 ლარი იყო და ის გაფიცულ 5 ოპერატორს ჰქონდა, დანარჩენების შრომის ანაზღაურება კი 1000-დან 3000 ლარამდე მერყეობდა. თუმცა ყველაზე მაღალი ხელფასი 3000 ლარი მხოლოდ 2 გამოცდილ ოპერატორს, 2500 ლარი კი - მხოლოდ 4 ოპერატორს ჰქონდა. გარდა ამისა, დასაქმებულები უთითებენ, რომ სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ხშირად უწევდათ არანორმირებულ რეჟიმში, გვიანობამდე მუშაობა. ოპერატორები ასევე საუბრობენ ტელეკომპანიის მენეჯმენტის გარკვეული ჯგუფის მხრიდან მათი შრომის დაუფასებლობასა და უპატივცემულო დამოკიდებულებაზე ზოგადად, ასევე - შრომითი პრობლემების თაობაზე მენეჯმენტთან კომუნიკაციის სირთულეზე. ჩვენთან საუბარში ისინი აღნიშნავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპერატორებმა მენეჯმენტს შრომის ანაზღაურების გაზრდის თაობაზე მიმართეს და ორგანიზაციაში არსებული სახელფასო განაკვეთების გადახედვის საკითხი დამსაქმებლების წინაშე პირველად და მოულოდნელად არ დამდგარა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მართალია, ოპერატორებს პროტესტის დაწყებამდე მედიატორის დანიშვნის თხოვნით, ჯანდაცვის მინისტრისთვის არ მიუმართავთ,[1] თუმცა გაფიცვის პროცესის დაწყების შესახებ, რაც მათ მიერ სამუშაოს შესრულებაზე უარში გამოიხატა, ტელეკომპანიის მენეჯმენტს წერილობით აცნობეს. გარდა ამისა, ოპერატორები მიუთითებენ, რომ მენეჯმენტის მხრიდან მზაობის შემთხვევაში, ისინიც მზად იყვნენ მოლაპარაკებაზე და რომ მათი მხრიდან დამსაქმებლისთვის შეთავაზებული იყო ისეთი კომპრომისული ვარიანტები, როგორიცაა ხელფასის 10%-იანი მატება ან ანაზღაურების ეტაპობრივად გაზრდა.

სამწუხაროდ, ოპერატორების პროტესტს ტელეკომპანიისგან მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი და გაფიცვის უკანონობაზე აპელირება მოჰყვა; ტელეკომპანიის შეფასებით, ოპერატორების მხრიდან სამუშაოს შესრულებაზე უარმა საფრთხე შეუქმნა საინფორმაციო სამსახურის ფუნქციონირებას.

ჩვენი დაკვირვებით, მენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის კომუნიკაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტელეკომპანიის მენეჯმენტის ნაწილმა შიდა კომუნიკაციაში გამოთქვა ეჭვები გაფიცული თანამშრომლების ქმედების მოტივების და პროცესის გარედან პროვოცირების შესახებ, რაც ოპერატორებმა განსაკუთრებით ღირსების შემლახველად აღიქვეს. სოლიდარობის ნიშნად, ტელეკომპანია "ფორმულა" დატოვეს საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებმა მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა, რომლებმაც, თავის მხრივ, სამსახურიდან წამოსვლის მიზეზად სწორედ პროცესის გარედან მართვის შესახებ ბრალდებები დაასახელეს.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე პროცესის ირგვლივ საუბრისას, ტელეკომპანიის მენეჯმენტის და  თანამშრომლების ნაწილი აქცენტს აკეთებდა ოპერატორების მხრიდან პროტესტისთვის შერჩეულ დროზეც, როდესაც ტელეკომპანია მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესის მოლოდინშია, რასაც ნეგატიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ტელევიზიის ფუნქციონირებაზე.

სამწუხაროდ, პროტესტისა და გაფიცვის შესახებ შეტყობინების მიუხედავად, 3 თებერვალს ტელეკომპანიამ პროტესტში ჩართული 25-ვე ოპერატორებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ზედიზედ 1 და 2 თებერვალს, წინ უძღოდა ოპერატორებისთვის მსგავსი შინაარსის საყვედურის გამოცხადება, სწორედ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეუსრულებლობის გამო.  შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, მით უფრო, პროტესტის რეჟიმში მყოფი თანამშრომლების მიმართ, გამოყენებული უნდა იქნას როგორც უკანასკნელი საშუალება (ultima ratio)[2], იმისდა მიუხედავად, რამდენად იყო დაცული გაფიცვის პროცედურული წესები. ამ პირობებში მიგვაჩნია, რომ პროტესტში ჩართული 25 ოპერატორის გათავისუფლებით, მათი შრომითი უფლებები დაირღვა და მან პროტესტში ჩართული დასაქმებულების დასჯის ფორმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ 7 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა კურიერების და ოპერატორების პროტესტს და დამსაქმებლებს მოუწოდა "არ მიმართონ ისეთ რადიკალურ ღონისძიებებს, როგორიც დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაა".

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ 4 თებერვალს გაკეთებულ კოლექტიურ საჯარო განცხადებაში პროტესტში ჩართული ოპერატორები უთითებდნენ, რომ ქვეყანაში მედია მდგომარეობის გათვალისწინებით, ისინი მზად იყვნენ მოლაპარაკებები ეწარმოებინათ ტელეკომპანიასთან. თუმცა, მათ შორის სამოქალაქო აქტორების მხრიდან მოლაპარაკებების პროცესის მოწოდების და ამ პერიოდის განმავლობაში ამგვარი მოლოდინის არსებობის მიუხედავად, საბოლოოდ ტელეკომპანიამ უარი განაცხადა ამ პროცესში შესვლაზე ყველა გაფიცულ ოპერატორთან.

ჩვენს ორგანიზაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია ქვეყანაში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის შეუფერხებლად მუშაობა და ითვალისწინებს ბოლო წლებში მედიისთვის გაუარესებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტს. თუმცა, ჩვენ, როგორც შრომის უფლებებზე და სოციალური სამართლიანობის საკითხებზე  მომუშავე ორგანიზაცია, მივიჩნევთ, რომ დამსაქმებელი ორგანიზაციის საჯარო მნიშვნელობა და მის მიმართ საზოგადოებრივი პატივისცემა, არ ათავისუფლებს მას  ვალდებულებისგან, დაიცვას საკუთარი თანამშრომლების შრომითი უფლებები. შრომითი უფლებები, გარდა იმისა, რომ ინდივიდუალური ადამიანების ღირსებისა და სოციალური ინტერესების დაცვის გარანტიაა, ის დასაქმების ადგილების, სადაც ადამიანები მათი ცხოვრების ყველაზე დიდ დროს ატარებენ, დემოკრატიზაციის საშუალებაა. გაფიცვა მშრომელების ხელში საკუთარი შრომის მნიშვნელობისა და ძალის ჩვენების უფლებაა და დამსაქმებლებს ამ პროცესის მიმართ ყურადღებისა და პატივისცემის გამოჩენა მართებთ. ამასთან, დამსაქმებლებმა უნდა შეძლონ დასაქმების ადგილებზე კრიზისების ეფექტიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით მართვა და ამ პროცესში დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის იმთავითვე არსებული იერარქია სწორედ შრომითი უფლებების განუხრელი დაცვის გზით გააწონასწოროს.  

მიგვაჩნია, რომ ის პოლიტიკური ინტერპრეტაციები, რომელიც ტელეკომპანიის მენეჯმენტის მხრიდან ოპერატორების გაფიცვას მოყვა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, ერთი მხრივ, კრიტიკული მედია ორგანიზაციებისთვის მძიმე სამუშაო გარემოს და დევნის შეგრძნებასა და შიშებს (რამაც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში მძიმე და თვითნებური ფორმები მიიღო), ხოლო, მეორე მხრივ იმას, თუ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია და ანტაგონიზმი რამდენად იჭრება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და აქრობს შინაარსობრივი დისკუსიის და სხვადასხვა მიკრო სოციალური კონფლიქტების დამოუკიდებელი ახსნის შესაძლებლობას.

ამდენად, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები დამსაქმებელსა და გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის, სამწუხაროდ, ვერ შედგა, სამსახურიდან მასობრივად დათხოვნილი ოპერატორების ნაწილი საკუთარი უფლებების დაცვას სამართლებრივი გზებით შეეცდება. მათი ნაწილის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაიცავს. ამ პროცესში ასევე ჩართულები არიან სხვა ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები და პროფესიული გაერთიანებები.

საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ამ საკითხზე სიახლეებს საზოგადოებას რეგულარულად მივაწვდით.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს შრომის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, კოლექტიური დავის დროს გაფიცვის უფლება უფლება წარმოიშობა ამ კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მინისტრისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან ან იმავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მინისტრის მიერ საკუთარი ინიციატივით დავის მედიატორის დანიშვნიდან 21 კალენდარული დღის გასვლისთანავე.

[2] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივნისის განმარტება საქმეზე N ას-127-123-2016, იხ., საქართველოს უზენაესის სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა შრომის სამართალში, თბილისი, 2017, bit.ly/3HLFyOa.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“