[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა

                                                      

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის წევრების შესარჩევად. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა აქტივისტებს და მკვლევრებს, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული წესრიგის შესახებ, იფიქრონ უფრო სამართლიანი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების შექმნის გზებზე და ჩაერთონ აქტივიზმში.

კონცეფცია

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ორგანიზებული აკადემიური და პოლიტიკური პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობით, არსებული ეკონომიკური წესრიგის ანალიზით, ეკოლოგიით, ქვიარ და ფემინისტური პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდა აქტივისტებისა და მკვლევარებისთვის კრიტიკული თეორიული ცოდნის გაღრმავებისა და კოლექტიური მსჯელობის სივრცის შექმნას. პლატფორმის ფოკუსს ასევე წარმოადგენს  მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო მოქმედების გზების ძიება.

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა საშუალებას მისცემს მონაწილეებს იფიქრონ და იმსჯელონ გლობალური და ადგილობრივი პოლიტიკური მდგომარეობის კონტექსტუალიზებაზე, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კრიზისების გამომწვევ მიზეზებზე, გამოავლინონ და მოიხელთონ ძალაუფლების სხვადასხვა ღერძი და მჩაგვრელობითი წყარო, ეძიონ მჩაგვრელობით სისტემებთან შეწინააღმდეგების ხერხები. აქტივიზმის ადგილობრივი პრაქტიკები ხშირად ვერ ახერხებს ავთენტური, ინკლუზიური და სამართლიანი დღის წესრიგის შექმნას, რომელიც ადგილობრივ კონტექსტს და რეალურ საჭიროებებს დაეფუძნება. პლატფორმა მიზნად ისახავს ამ ხარვეზის შევსებას და ახალი ტიპის კრიტიკისა და მოქმედებების გაჩენის ხელშეწყობას.

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა

პლატფორმის ფარგლებში, წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე, ჩატარდება 20 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომლებსაც გაუძღვებიან შესაბამისი გამოცდილების მქონე პირები აკადემიური სივრციდან და აქტივისტური წრეებიდან. პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე.

ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები (მობილიზაცია, ორგანიზება, მეთოდები და ინსტრუმენტები)

ტექნიკური დეტალები:

  • მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15-20
    ლექციების რაოდენობა: 20 (თვეში 4)
    სალექციო დროის ხანგრძლივობა:  2 საათი
    ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 5 თვე (სექტემბერი-იანვარი)
    ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: შერეული (ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით)

მონაწილეთა შერჩევა:

პლატფორმაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა 

სკოლაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამასრულებელ კურსზე მყოფ) 21 წლიდან 35 წლამდე ასაკის სტუდენტებს, ახალგაზრდა აქტივისტებსა და მკვლევრებს. პლატფორმის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმაში მონაწილეობის მისაღებად შევსებული სააპლიკაციო ფორმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 16 სექტემბერი

სააპლიკაციო ფორმა გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე:  [email protected] 

  • გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ „კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის ორგანიზება ხორციელდება სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) ფინანსური მხარდაჭერით.

სხვა / განცხადება

სასამართლომ შსს-ს მხრიდან კარვების გაშლის თვითნებური და უკანონო შეზღუდვის საქმეზე სამართალწარმოება შეწყვიტა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მოსარჩელეების ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა მოპასუხეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელეები იმ გადაწყვეტილების (ქმედების) ბათილად ცნობის მოითხოვდნენ, რომლითაც მათ შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ კარვის განთავსების შესაძლებლობა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე.

სასამართლომ შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იმის გამო რომ დღეის მდგომარეობით რუსთაველის გამზირზე განთავსებულია რამდენიმე კარავი და აქციის ორგანიზატორებს არ ეზღუდებათ უფლების რეალიზაციის ეს ფორმა, მიიჩნია, რომ არ არსებობდა 26 სექტემბერს მოპასუხეთა მიერ განხორციელებული ქმედებების სამართლებრივი შეფასების კანონიერი ინტერესი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად, შეწყვიტა სამართალწარმოება.

დასაბუთებული განჩინების არარსებობის პირობებში, რთულია სასამართლოს მსჯელობის სრულფასოვანი ანალიზი, თუმცა EMC მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ ნორმის მსგავსი განმარტება და ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს. მსგავსი პრაქტიკა შინაარსის გარეშე ტოვებს სასამართლოს მხრიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული მმართველობითი ღონისძიების კონტროლის ფუნქციასა და მოქალაქის ინტერესს, სასამართლო გზით დადგინდეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვის უკანონობა.

EMC და საია სასამართლოს აღნიშნული განჩინების გასაჩივრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“