[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / განცხადება

„კოალიცია თანასწორობისთვის“ თბილისში ტრანსგენდერი ქალის სასტიკად ცემის ფაქტს ეხმიანება

fb_coverr (2)

„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციები ეხმიანებიან 14 ოქტომბერს, თბილისში ტრანსგენდერი ქალი სასტიკად ცემის ფაქტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის დროული და ეფექტური გამოძიებისაკენ მოუწოდებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, ორთაჭალაში, ტრანსგენდერი ქალი სასტიკად სცემა ორმა ადამიანმა, მსხვერპლს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული ყელის არეში და დამტვრეული აქვს სახის ძვლები. შსს-ს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.[1]

აღნიშნული სასტიკი ძალადობა არ არის საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანზე განხორციელებული პირველი თავდასხმა. წლების განმავლობაში, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები  ექვემდებარებიან განგრძობით ძალადობასა და დისკრიმინაციულ მოპყრობას საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან. აღნიშნულის დასტურია 2014 წელს ტრანსგენდერი ქალის – საბი ბერიანის მკვლელობის საქმე, რომელშიც ეროვნულმა სასამართლომ  ბრალდებული პირი უდანაშაულოდ ცნო, საქართველოს პროკურატურის მიერ არასაკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენის გამო.[2]

ლგბტ თემის წევრთაგან ტრანსგენდერი ადამიანები როგორც საქართველოში[3], ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ.[4] ტრანსგენდერ ადამიანთა არსებითად მძიმე უფლებრივ მდგომარეობასა და გავრცელებულ ძალადობრივ პრაქტიკებზე საქართველოს სახალხო დამცველმა მის საპარლამენტო ანგარიშებში არაერთხელ გაუსვა ხაზი და სახელმწიფოს მოუწოდა ეფექტური ნაბიჯების გადადგმისკენ ლგბტ თემის წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და შევიწროების სრულყოფილი  გამოძიების მიზნით.[5]

OSCE/ODIHR -ის სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულში თუ დანაშაულის მსხვერპლი უმცირესობის წარმომადგენელია ან ისტორიულად მარგინალიზებულ და ჩაგრულ ჯგუფს წარმოადგენს, აღნიშნული უკვე საკმარისია, რათა სამართალდამცავმა ორგანომ შესაძლო შეუწყნარებლობის მოტივზე გამოძიება დაიწყოს.[6] ამასთან, ძალადობრივ დანაშაულებში, როდესაც სხვა უფრო აშკარა მოტივის იდენტიფიცირება პირველად ეტაპზე ვერ ხერხდება და როდესაც მსხვერპლისა და სავარაუდო დამნაშავეს განსხვავებული იდენტობა აქვთ, დანაშაულის სიმძიმე და მისი სისასტიკე, წარმოადგენს ძლიერ ინდიკატორს, იმის მისანიშნებლად, რომ დანაშაული შეუწყნარებლობის მოტივით იქნა ჩადენილი. იმ ადამიანთა დეჰუმანიზებისა და ღირსების შელახვის მიზნით, რომელთა წინააღმდეგაც სავარაუდო დამნაშავე ფლობს ნეგატიურ წინასწარგანწყობებს, დანაშაული სწორედ არსებითად სასტიკი ფორმით შეიძლება გამოვლინდეს.[7]

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ჰომო/ბი/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სახელმწიფოს აშაკარად არაეფექტურმა პოლიტიკამ, მათ შორის, გახმაურებულ საქმეებზე (2012 და 2013 წლის 17 მაისის საქმეებზე თემის წევრებისა და აქტივისტების ძალადობრივი დარბევის[8], საბი ბერიანის მკვლელობის საქმეები[9]) მართლმსაჯულების სისტემის არსებითმა ხარვეზებმა  და ამ კუთხით ადამიანის უფლებებზე და თანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარების ნების არ არსებობამ, საზოგადოებაში დაუსჯელობის გარემო შექმნა და ლგბტ თემი ყველაზე მარგინალიზებულ სოციალურ ჯგუფად აქცია.

აღნიშნული მიდგომებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობის საქმე და ქმედებას სათანადო კვალიფიკაცია მისცეს, მათ შორის, ჯეროვნად შეისწავლოს დანაშაულის მოტივისა და სხვა დამამძიებელი გარემოებების (მაგალითისთვის, ჯგუფურობა) მაიდენტიფიცირებელი გარემოებები და სავარაუდო სიძულვილის მოტივი ადეკვატურად ასახოს ქმედების სამართლებრივ შეფასებაში.

ამასთან, უნდა აღინიშნოს,  რომ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოებულმა სიძულვილის ენამ, რომელიც ემსახურებოდა საზოგადოებაში მორალური პანიკის წარმოებისა და ლგბტ პირთა პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას (ამ კუთხით, ხაზი უნდა გეასვას ქორწინებასთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ დაყენებულ ინციატივას[10]), ხელი შეუწყო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) საფუძველზე პირთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების გაუარესებას, რომელიც ძალადობასა და დისკრიმინაციულ პრაქტიკაში გამოიხატა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საჯარო განცხადებებითა და სისტემური პოლიტიკის გატარების გზით პოლიტიკურ დონეზე  აჩვენოს მისი მყარი პოზიცია, რომ სახელმწიფო არ იქნება ლოიალური სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ და თანასწორობის წინააღმდეგ მიმართულ სამართალდარღვევებს სრული სიმკაცრით ებრძვის. სახელმწიფომ უნდა გაიაზროს ამგვარი დანაშაულების სიმბოლური მნიშვნელობა და ის გარემოება, რომ ნეგატიური სოციალური ეფექტი არა მხოლოდ ინდივიდუალურ მსხვერპლ(ებ)ს არამედ, მთელს თემს ადგება და თემის წევრებში შიშის, დაუცველობის განცდებსა და სასოწარკვეთას წარმოშობს.

ამდენად, „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას:

  • დროულად მოახდინონ ტრანსგენდერი ქალის მიმართ გამოვლენილი სასტიკი ძალადობის საქმის ირგვლივ ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლა, მათ შორის, სავარაუდო სიძულვილის მოტივის შეფასება;
  • დროულად მოახდინონ დამნაშავე პირ(ებ)ის იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ დევნის დაწყება;
  • საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანოებმა მოახდინონ საზოგადოების პერიოდული ინფორმირება გამოძიების პროგრესის თაობაზე;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ დაგმონ აღნიშნული ფაქტი და მყარი პოზიცია დაიკავონ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ.

ამასთან მნიშვნელოვანია, მედიამ საქმის გაშუქების დროს ჯეროვნად დაიცვას ადამიანის უფლებების, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები საქმის მიმდინარეობის პროცესს აქტიურ მონიტორიგს გაუწევენ და საზოგადოებას მომავალშიც მიაწვდიან ინფორმაციას საქმესთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF);

იდენტობა;

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);

კავშირი საფარი;

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იხ: http://liberali.ge/news/view/25323/tbilisshi-transgenderi-qali-stsemes-dazaralebuli-reanimatsiashia

[2] იხ: http://liberali.ge/news/view/17950/sabi-berianis-mkvlelobashi-braldebuli-sasamartlom-ganzrakh-mkvlelobis-natsilshi-gaamartla

[3] „ლგბტი პირთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში“, EMC, 2016წ

[4] FRA–ს მონაცემებით, ტრანსგენდერი რესპოდენტებიდან, რომლებიც დაექვემდებარნენ ძალადობას ან ძალადობის მუქარას, 56% აღნიშნულის მიზეზად მათ გენდერულ იდენტობას ასახელებს. იხ: FRA, Being Trans in the EU, 2014, გვ. 54; ამასთან, მხოლოდ 2016 წელს WISG-მა ტრანსგენდერი ქალების წინაღმდეგ განხორციელებული დანაშაულებისა და სამართალდარღვევების 20-მდე ფაქტის დოკუმენტირება მოახდინა.

[5] საქართველოს სახალხო დამცველის 2014 და 2015 წლების საპარლამენტო ანგარიშები.

[6] OSCE/ODIHR, Prosecuting hate crimes: a Practical guide, 2014, გვ. 47-48

[7] იქვე

[8] იხ: https://emc.org.ge/2016/05/30/emc-66/

[9] იხილეთ WISG-ისა და EMC-ის ერთობლივი განცხადება: https://emc.org.ge/2015/12/22/17-maisi-shefaseba/

[10] იხილეთ, პლატფორმა „არა ფობიას“ განცხადება კონსტიტუციაში ცვლილების ინიციატივაზე: https://emc.org.ge/2016/08/09/emc-112/

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“