საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„კოალიცია თანასწორობისთვის“ მიესალმება 2019 წლის 14 მაისს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ და ინსტიტუციურ გარანტიებს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებითი თუ ტრანსფორმაციული თანასწორობის მიღწევას სისტემური პოლიტიკური, სოციალური და ინსტიტუციური გამოწვევები არსებითად ასუსტებს, დისკრიმინაციასთან ეფექტიანად ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია, სულ მცირე, მყარი საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა. 2014 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღების ეტაპზე, კანონში რჩებოდა არაერთი ხარვეზი, რომელიც თანასწორობის მექანიზმების ეფექტიან მუშაობას ართულებდა. მნიშვნელოვანია, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები თანასწორობის მექანიზმების და გარანტიების გაძლიერებაზე არის ორიენტირებული.
საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო როგორც პროცესუალურ, ასევე მატერიალურ-სამართლებრივ საკითხებს: გაიზარდა სასამართლოსთვის მიმართვის ვადა, კერძო პირებთან მიმართებით, გაძლიერდა საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი, ასევე, მოხდა სექსუალური შევიწროების რეგლამენტაცია.
სასამართლოსთვის მიმართვის გაზრდილი ვადა
მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოსთვის მიმართვის 3 თვიანი ვადა გაიზარდა 1 წლამდე, რაც მტკიცებულებების მოძიებისა და კვალიფიციური სარჩელის შედგენისთვის ერთ-ერთი წინაპირობაა. ასევე, სამთვიანი ვადის მოქმედების პირობებში, ხშირ შემთხვევაში, სახალხო დამცველი, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საქმის წარმოებას აჩერებდა, როდესაც მსხვერპლი პარალელურად იმავე ფაქტების შესახებ სასამართლოს მიმართავდა, სასამართლოსთვის მიმართვამდე კი საქმის შესწავლის დასრულება ვერ ესწრებოდა. ამ მხრივ, 1 წელი გონივრული ვადაა, რომლის განმავლობაში სავარაუდო მსხვერპლი ორივე მექანიზმის გამოყენებას შეძლებს. სამწუხაროა, რომ სასამართლოსთვის მიმართვის 1 თვიანი ვადა შენარჩუნებულია შრომით დავებთან მიმართებით, რის გამოც, დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებში, სავარაუდო მსხვერპლს სარჩელის წარდგენა კვლავ შემჭიდროებულ ვადაში მოუწევს, დამატებით სახალხო დამცველის მექანიზმის გამოყენების საკითხი კი კვლავ პრაქტიკულ პრობლემად დარჩება.
საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის გაძლიერება კერძო პირებთან მიმართებით: ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება და აღსრულების მექანიზმი
არსებითია სახალხო დამცველის, როგორც თანასწორობის ორგანოს მანდატის გაძლიერება კერძო პირებთან მიმართებით. ცვლილებების შედეგად, ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს დაეკისრათ ვალდებულება, სახალხო დამცველს სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით 10 დღის განმავლობაში მიაწოდონ ინფორმაცია. კერძო პირებს ასევე დაეკისრათ ვალდებულება, სახალხო დამცველს 20 დღის განმავლობაში აცნობონ მათ მიმართ გაცემული რეკომენდაციის ან ზოგადი წინადადების განხილვის შედეგები.
ამასთან, შეიქმნა აღსრულების მექანიზმი, რომლის მეშვეობით, იმ შემთხვევაში, როდესაც კერძო პირი მის მიმართ გაცემულ რეკომენდაციას არ შეასრულებს, სახალხო დამცველი უფლებამოსილია, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნით საერთო სასამართლოებს მიმართოს. სამწუხაროდ, ეს მექანიზმი მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან პირთა გაერთიანებებს მიემართება და არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე.
კერძო პირებზე პროცედურული ვალდებულებების გავრცელებას არსებითი მნიშვნელობა აქვს თანასწორობის მექანიზმის ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის. „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციების სამართალწარმოების პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა გვხვდება, როდესაც სახალხო დამცველის მიერ საქმის შესწავლა სწორედ კერძო პირი მოპასუხის მხრიდან ინფორმაციის გაუცემლობის გამო შეფერხდა, კერძო პირის მიმართ რეკომენდაციის გაცემის შემთხვევაში კი მოპასუხის მიერ დოკუმენტის განხილვის შედეგები უცნობი დარჩა.
სექსუალური შევიწროების რეგულირება
თანასწორობის სრულყოფილი უზრუნველყოფისთვის არსებითად მნიშვნელოვანია სექსუალური შევიწროების დისკრიმინაციის ფორმად აღიარება და შესაბამისი რეგულირება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 19 თებერვლის ცვლილებებით დისკრიმინაციის ეს ფორმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში აისახა. გარდა იმისა, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებით შრომით ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ ჩანაწერი დაკონკრეტდა, ეს ქმედება დარეგულირდა ასევე საჯარო სივრცეში და შესაბამისი სანქციები დაწესდა. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სივრცეში მომხდარი სექსუალური შევიწროების ფაქტის თავისებურების გათვალისწინებით, კომპეტენტურ უწყებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტრო განისაზღვრა.
განხორციელებული ცვლილებების პარალელურად, კვლავ რჩება საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო რეგულირებას საჭიროებს. მაგალითად, უარი გონივრულ მისადაგებაზე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის ფორმა, კანონმდებლობით ჯერ კიდევ არ არის რეგლამენტირებული.
აღსანიშნავია, რომ „კოალიცია თანასწორობისთვის“ ამ და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ 2014 წლიდან ადვოკატირებდა. კოალიცია განაგრძობს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელების შეფასებას და, დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, მომავალი ცვლილებების ადვოკატირებას.
პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფისთვის მთავრობას სჭირდება სისტემური პოლიტიკა, რომელიც კონკრეტული სოციალური ჯგუფების გარიყულობისა და საჭიროებებისა და არსებული პოლიტიკის ხარვეზების ფუნდამენტურ კვლევას დაეფუძნება და აჩვენებს სახელმწიფოს ურყევ პოლიტიკურ ნებას ხელი შეუწყოს თავისუფალი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობას. სამწუხაროდ, ამ დრომდე თანასწორობის მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკა ფორმალური, ნაკლოვანი და წინააღმდეგობრივია. ინსტიტუციური დისკრიმინაცია, რასიზმი, ქსენოფობია კვლავ ფართედ გავრცელებული პრაქტიკებია და სახელმწიფოს არ გააჩნია თანასწორობის ხელშეწყობაზე ორიენტირებული პოზიტიური სპეციალური პოლიტიკები.
„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრები:
ინსტრუქცია