[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / განცხადება

კანონმდებლობიდან გენდერისა და გენდერული თანასწორობის ტერმინებისა და პრინციპების გაქრობა  ქალთა მდგომარეობას  გააუარესებს

 

2025 წლის 19 თებერვალს, ერთპარტიულმა პარლამენტმა ანტიგენდერული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დააინიცირა, რომლის საფუძველზეც,  ქართული კანონმდებლობიდან, ტერმინების -„გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“, სრული ამოღება იგეგმება. საკანონმდებლო ბაზიდან, გენდერულად მგრძნობიარე ტერმინების ამოშლის ინიციატივა 16 მოქმედ კანონში ტერმინების სრულ რედაქტირებას ითვალისწინებს და თითოეულ მათგანში „გენდერის“ ნაცვლად, „ქალისა და მამაკაცის“, ასევე „სქესის“ ცნებების შემოღებას გულისხმობს. ამასთან,  კანონებში არსებული ჩანაწერი „გენდერული საკითხები“ შეიცვლება ჩანაწერით -„ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი „გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“, იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“, ხოლო კანონში გამოყენებული სიტყვები „გენდერულად მგრძნობიარე“ რედაქტირდება სიტყვებით „სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე“.[1]

ნიშანდობლივია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით, პრაქტიკულად შინაარსისა და კანონით განსაზღვრული მიზნისაგან იცლება „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონი, რომელიც ცვლილებების მიღების შემდგომ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონად დასათაურდება.[2] დამატებით, კანონიდან ამოღებული იქნება  გენდერის სამართლებრივი დეფინიცია, რომელიც, თავის მხრივ, გენდერს-სქესთა შორის ურთიერთობის სოციალურ ასპექტად მოიაზრებდა და სქესზე, სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებად და  საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გამოხატულ ცნებად  განმარტავდა.[3]კანონში გათვალისწინებული უფლებები, რომლებიც შრომით და საოჯახო ურთიერთობებში, საარჩევნო, სოციალურ, მეცნიერების, განათლების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში, გენდერული თანასწორობის დაცვის პრინციპს განამტკიცებდა, გენდერის მარკერისაგან დაიცლება.[4]

ასევე საგანგაშოა,  საკანონმდებლო ინიციატივა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის საფუძველზეც, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის დანაშაულის ჩადენა, როგორც დამამძიმებელი გარემოება აღარ იარსებებს და  ქალისა და მამაკაცის შეუწყნარებლობის ნიშნით იქნება  ჩანაცვლებული.

გენდერის ცნება და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული უფლებრივი გარანტიები ამოიღება სხვა არა ერთი სხვა საკანონმდებლო აქტიდანაც.[5]

საგულისხმოა, ცვლილებათა პროექტის განმარტებით ბარათში გაკეთებული ჩანაწერი, რომ  გენდერთან დაკავშირებული ტერმინები, საქართველოს კანონმდებლობაში, ხელოვნურად, უცხოური გავლენისა და მათი წარმომადგენლების ლობირების გზით დაინერგა და რომ, „აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობიდან ხელოვნურად შექმნილი ტერმინის, „გენდერი“, ამოღება და მის ნაცვლად საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება.“ თავის მხრივ,  განმარტებითი ბარათის მიხედვით, ქალის, მამაკაცისა და სქესის ცნებები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით, მხოლოდ პირის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლებით განისაზღვრება.[6] 

გენდერისა და გენდერული თანასწორობის  კონცეფციისა და პრინციპების სამართლებრივი სისტემიდან განდევნის მძიმე სოციალური, უფლებრივი და პოლიტიკური შედეგების გააზრებისთვის აუცილებელია,  გენდერული თანასწორობის ძირითადი ჩარჩოს სათანადო გაანალიზება.

გენდერული თანასწორობა ფართო ცნებაა, რომელიც აღიარებს, რომ უთანასწორობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ბიოლოგიური განსხვავებებით, არამედ მოიცავს სოციალურ როლებს, მოლოდინებსა და ძალაუფლებრივ სტრუქტურებს, რომლებიც ხელს უწყობს ქალთა დისკრიმინაციას, ჩაგვრას და გარიყულობას. გენდერის ამგვარი განმარტება, ქალების ისტორიული და მრავალშრიანი ჩაგვრის აღიარებას ეფუძნება და ადგენს, რომ ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის პოლიტიკამ უნდა უპასუხოს სწორედ ზემოთ აღნიშნულ პატრიარქალურ  სოციალურ როლებს, მოლოდინებს და ისტორიულად შექმნილ პოლიტიკურ, ეკონომიკური და კულტურულ ძალაუფლებრივ იერარქიებს.

ბოლო წლებში გენდერულად მგრძნობიარე მიდგომებმა შესაძლებელი გახადა ქალთა მიმართ სისტემური უთანასწორობის იდენტიფიცირება სხვადასხვა სფეროში (განათლება, ჯანდაცვა, დასაქმება და ა.შ. ) და მათზე სათანადო რეაგირება, ვინაიდან გენდერის ბინარული აღქმის ნაცვლად, ამ დროს კომპლექსურ და ინტერსექციურ მიდგომას ენიჭება უპირატესობა, რაც ადამიანების სხვადასხვა სოციალურ კატეგორიებს/მარკერებს ერთმანეთთან ურთიერთკავშირში აანალიზებს. სამართლიანი პოლიტიკის შემუშავებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით, გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების დანერგვა მნიშვნელოვანია რესურსებისა სამართლიანი გადანაწილების მოთხოვნისა და არსებული სოციალური იერარქიების კრიტიკულად შეფასების კუთხით. საქართველოში პოლიტიკის ოფიციალურ დოკუმენტებსა და საკანონმდებლო ენაში, გენდერის ცნების ინტეგრირება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ადამიანის უფლებების დაცვისა და რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით. დღეს სახელმწიფოს მიერ მხოლოდ ბიოლოგიურ სქესზე აქცენტის გადატანა  კი თანასწორობის  პოლიტიკის საფუძველს აქრობს, რადგან ის საფუძველშივე უგულებელყოფს ქალთა მიმართ სოციალური უთანასწორობის გამომწვევ სტრუქტურულ, ისტორიულ და კომპლექსურ მიზეზებს.

ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ასუსტებს გენდერული ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკას. გენდერული ძალადობა (მაგალითად, ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება) ხშირად პატრიარქალურ წესრიგში ქალების სოციალურ როლებთანაა დაკავშირებული და არა მხოლოდ ბიოლოგიასთან. როდესაც გენდერის ცნება კანონმდებლობიდან ქრება, გენდერულ ძალადობაზე რეაგირება რთულდება, რადგან აღარ არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის პროცესში სოციალური უთანასწორობისა და იერარქიზების პრაქტიკებს დაუპირისპირდება.  

ამასთან გენდერის სამართლებრივი ენიდან გაქრობა ნიშნავს, რომ ტრანსგენდერი, არაბინარული და გენდერულად არაკონფორმული ადამიანები სამართლებრივად უხილავები ხდებიან. ამგვარი ცვლილებით ისინი კარგავენ დაცვას დისკრიმინაციის, ძალადობისა და სოციალურ გარიყვისგან. დღესდღეობით საქართველოში ლგბტქი ადამიანები უკიდურესად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ და ხშირად ხდებიან ძალადობის სამიზნე, ტრანსგენდერი ქალების მიმართ კი განსაკუთრებით ხშირია სიძულვილით მოტივირებული ძალადობა.

მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის  უფლებების დაცვის არაერთ უნივერსალურ დოკუმენტთან, მათ შორის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის (CEDAW) და სტამბოლის კონვენციებთან, რომელთა რატიფიცირებით საქართველოს სახელმწიფომ  გენდერული თანასწორობის და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავებისა და დაცვის გარანტიების შექმნის ვალდებულება აიღო. უფრო მეტიც, ქართული ოცნების მიერ  ამ საკანონმდებლო ცვლილებების  მიღება არა ერთ შემთხვევაში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა და ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პრობლემასაც კი წარმოშობს საქართველოსთვის, რაც საერთაშორისო სამართლის სისტემასთან დაპირისპირების უფრო დიდ ნორმატიულ პრობლემას აჩენს. ამასთან აშკარაა, რომ აღნიშნული კანონპროექტების მიღება წინააღმდეგობაში მოდის ევროინტეგრაციის ამოცანებთანაც, რომლის ფუნდამენტური პრინციპიც, სწორედ დისკრიმინაციის აკრძალვა და თანასწორობის იდეის დაცვაა.

აღსანიშნავია, რომ ანტიგენდერული პოლიტიკა ავტორიტარული რეჟიმებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც გამოიყენება სოციალური კონტროლის გაძლიერებისა და კრიტიკული სოციალური მოძრაობებისა და ჯგუფების დასუსტებისთვის. ავტორიტარული მთავრობები ხშირად უტევენ გენდერულ თანასწორობას, რადგან ის დაკავშირებულია დემოკრატიულ ღირებულებებთან, ადამიანის უფლებებთან და სოციალური სამართლიანობის პრინციპებთან. გენდერული უფლებების შეზღუდვით, ავტოკრატიები ცდილობენ დაასუსტონ სამოქალაქო საზოგადოება, ფემინისტური და ლგბტქი მოძრაობები, რომლებიც ხშირად წარმოადგენენ დემოკრატიული ცვლილებების ინიციატორებს გარდამავალ დემოკრატიებში. ეს პროცესები მჭიდროდ უკავშირდება ავტორიტარული რეჟიმების ინტერესსაც, შექმნან “შიდა მტრის ხატი” და კონსერვატიული და ნაციონალისტური სენტიმენტების მობილიზაციით განამტკიცონ ძალაუფლება და გაზარდონ საზოგადოებრივი პოლარიზაცია.

შემთხვევითი არ არის, რომ ქართული ოცნების მიერ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის მზარდ პროცესში ჰომო/ბი/ტრანსფობიის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებასთან ერთად, უკვე გამოჩნდა ანტიგენდერული პოლიტიკის ნიშნები, რომელიც ქალთა უფრო დიდ ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზე მოახდენს გავლენას.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ გენდერის სამართლებრივი ცნების გაქრობა ასუსტებს ქალთა უფლებების და თანასწორობის დაცვის პოლიტიკას საქართველოში, რადგან ის საფუძველშივე ანადგურებს გენდერულ თანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკის ფუნდამენტს - აღიაროს და დაუპირისპირდეს სტრუქტურულ უთანასწორობებსა და სოციალურად კონსტრუირებულ პატრიარქალურ როლებს და იერარქიებს და შესაბამისად, ქალების ფართო ჯგუფებს უსპობს მანამდე მოპოვებული საკანონმდებლო დაცვის გარანტიებს. ცხადია, რომ ამგვარ საკანონმდებლო ცვლილებებს ორმაგად მძიმე გავლენა  ექნება ქალთა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის და პირველი რიგში, ტრანსგენდერი ქალებისთვის.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/yrrtHob1

[2]საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/NrritcBY

[3]საქართველოს კანონი, გენდერული თანასწორობის შესახებ, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, 15.12.2022-წლის რედაქცია, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/0rruwaST

[4]საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

[5]მათ შორისაა: 1. საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“; 2. საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“; 3. საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“; 4. საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“’; 5. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“; 6. საქართველოს კანონი „მოხალისეობის შესახებ“; 7. საქართველოს კანონი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“; 8. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; 9. საქართველოს კანონი „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“; 10. საქართველოს კანონი „შრომის ინსპექციის შესახებ“; 11. საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; 12. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; 13. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი;

[6]განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, გვ.1-2, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/1rrtJTbQ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“