საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტოს წყარო: პუბლიკა
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველაზე მძიმე ფორმაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ღირსების, პირადი ცხოვრებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას განაპირობებს და ცხოვრების და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას ართმევს. გენდერული ძალადობის პირობებში შეუძლებელია გენდერული თანასწორობისა და სამართლიანობის მიღწევა და სწორედ ამიტომ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ გაატარონ სპეციალურ პოზიტიური ზომები და პოლიტიკები მისი აღმოფხვრისთვის.
გენდერული ძალადობის სტატისტიკა საქართველოში შემაშფოთებელია. საქართველოში ყოველი 7 ქალიდან 1 ქალი მაინც გამხდარა ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი მისი პარტნიორისგან მათ ცხოვრებაში და 29 ქალიდან 1 ქალი მხოლოდ ბოლო წელს. საქართველოში ქალთა 26,2 % განცდილი აქვს სექსუალური ძალადობა არა-პარტნიორისგან (1), სექსუალური ძალადობა ბავშვობის დროს (2) და სექსუალური შევიწროება (3). პანდემიის დროს გენდერული ძალადობის მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზარდა. სტრესი, სოციალური და დამცავი სისტემების და ქსელების მოშლა, შემოსავლის დაკარგვა და სხვადასხვა სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის შემცირება არსებითად ზრდის ქალების მიმართ ძალადობას.
მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში ჩანს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების მუშაობის გაუმჯობესება, და მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ქალთა მიმართ ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა,[1] ამგვარი ძალადობის დროული და ეფექტიანი პრევენცია, მსხვერპლების უსაფრთხოების და სოციალური ინტერესების რეალური დაცვა და ძალადობის რეალური შემცირებისკენ მიმართული პოლიტიკა სუსტია და ის სახელმწიფოს პოლიტიკური ხედვისა და მიდგომების ძირეულ ცვლილებას საჭიროებს.
საქართველოში ქალთა/ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობა 2006 წლიდან არსებობს. თუმცა, ოჯახში/ქალთა ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფოს ეფექტური რეაგირება დიდი ხნის განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა. ამ სახის ძალადობა განიხილებოდა როგორც ,,ოჯახის შიდა საქმე“ და პოლიციის თანამშრომლები მომხდარ შემთხვევებზე ხშირად არ რეაგირებდნენ. სახელმწიფოს ამგვარი დამოკიდებულება კი ცხადია დანაშაულის პრევენციას ხელს უშლიდა და ქალები კვლავ ძალადობის ციკლში აგრძელებდნენ ცხოვრებას.
2014 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო შედარებით აქტიური ბრძოლა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. მიღებული იქნა სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება, დაიწყო საერთაშორისო კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესი. მათ შორის, 2017 წელს რატიფიცირებული იქნა ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია“ (სტამბოლის კონვენცია). ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე გამკაცრდა სისხლის სამართლის პოლიტიკა და სამართალდამცავმა უწყებებმა აქტიურად დაიწყეს შემთხვევების გამოძიება. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად აქტიურად გამოიყენება შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემისა და ძალადობის მსხვერპლის დროებითი დაცვის მექანიზმები. საქართველოს კანონმდებლობით აგრეთვე გათვალისწინებულია მსხვერპლის დაცვის სოციალური ღონისძიებები, რაც მსხვერპლისთვის თავშესაფრის, ფსიქოლოგისა და სამედიცინო სერვისის შეთავაზებით გამოიხატება. თუმცა, მსხვერპლისთვის შეთავაზებული სერვისები მოკლევადიანია და მის გაძლიერებას ნაკლებად უწყობს ხელს.
არსებულ პოლიტიკაში მკვეთრად სუსტია ძალადობის მსხვერპლების შემდგომ ზრუნვაზე და გაძლიერებაზე მიმართული სამუშაოები, რაც ქალებისთვის საცხოვრისის, დასაქმების, განათლების მიღების, ეკონომიკური გაძლიერების გარანტიების შექმნას და მათთვის რეალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას გულისხმობს.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არსებულ პოლიტიკაში სრულად არის გამორიცხული ტრანსფორმაციული მართლმსაჯულების მიდგომები, რომელიც სწორედ ძალადობის სტრუქტურული მიზეზების გააზრებას და გარდაქმნას, ასევე მოძალადესთან სათანადო ტრანსფორმაციულ მუშაობას და ძალადობის მსხვერპლის სოციალურ გაძლიერებას გულისხმობს. ტრანსფორმაციული მართლმსაჯულების მიდგომების მიღმაც კი, სახელმწიფო სასჯელის გამოყენების დროს არ უზრუნველყოფს მოძალადის სათანადო რეაბილიტაცია პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, რაც კონკრეტულ ოჯახებს და ადამიანებს ძალადობის განგრძობადი და კიდევ უფრო მძიმე რისკების წინაშე აგდებს.
ამდენად, ბოლო წლებში სულ უფრო თვალნათელი ხდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკაში მხოლოდ სადამსჯელო მიმართულებით სახელმწიფოს გააქტიურება, თუმცა, ის არსებითად სუსტია ძალადობის მსხვერპლების მდგრადი და რეალური დაცვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიმართულებით, რომელიც გენდერული ძალადობის სისტემური მიზეზების იდენტიფიცირებას, მათ გარდაქმნას და დანაშაულის ჩამდენი პირების ქცევის, დამოკიდებულებების და ცნობიერების რეალურ ტრანსფორმაციას გულისხმობს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ არსებითია სახელმწიფოს არსებული პოლიტიკა არსებითად გაუმჯობესდეს და ის ძალადობის აღმოფხვრის უფრო მრავალშრიან ხედვას და მიდგომებს დაეფუძნოს. მნიშვნელოვანია მასში ერთის მხრივ, მკვეთრად გაძლიერდეს მსხვერპლი ქალების რეალურ საჭიროებებზე და გრძელვადიან გაძლიერებაზე მიმართული მუშაობა, მეორეს მხრივ, კი შეიქმნას ინტერ-დისციპლინურ ცოდნაზე და ინტერ-უწყებრივ (საპოლიციო, მართლმსაჯულების, სოციალური და პენიტენციალური სფეროების) კოორდინაციაზე დაფუძნებული სისტემური პოლიტიკა, რომელიც ძალადობის სტრუქტურულ მიზეზებს უპასუხებს, ძალადობის ჩამდენ პირებს ქცევის, ცნობიერებისა და მიდგომების რეალურ ცვლილების პირობებს შეუქმნის და მოახერხებს ძალადობის რისკების გაზომვის უფრო დროული და დახვეწილი მეთოდოლოგიების დანერგვას.
[1] მსხვერპლად აღიარებული ქალების რიცხვი 2015 წლიდან 2020 წლამდე 3,8 ჯერ არის გაზრდილი. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით გამოძიების მიერ ძალადობის მსხვერპლად აღიარებული ქალების რიცხვი ბოლო წლებში შემდეგია:2015 წელი - 122 ქალი; 2016 წელი - 175 ქალი; 2017 წელი - 189 ქალი; 2018 წელი - 292 ქალი; 2019 წელი - 452 ქალი; 2020 წელი - 463 ქალი; თავშესაფარში მოხვედრილი ქალების ოდენობაც ბოლო 5 წელში 3, 4 ჯერ არის გაზრდილი; 3, 8 ჯერ არის გაზრდილი გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობაც. 2015 წელს მათი რიცხვი მხოლოდ 2726 იყო, 2020 წელს კი 10321 იყო.
ინსტრუქცია