[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური სამართლიანობა / განცხადება

EMC-მ საკონსტიტუციო სასამართლოში ელექტროენერგიის მომსახურების შეწყვეტის წესის არაკონსტიტუციურობაზე „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება წარადგინა

 

EMC-მ საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება ანა ფირცხალაშვილის კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ელექტროენერგიის, დასუფთავების ან/და წყალმომარაგების მომსახურებების საფასურის გადაუხდელობის მარეგულირებელი წესის[1] კონსტიტუციურობაზე. კონსტიტუციური სარჩელი სადავოდ ხდის წესს, რომელიც ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს (სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“)[2] ავალდებულებს მომხმარებელს შეუწყვეტოს თავისი მომსახურება, იმ შემთხვევაში თუ პირს დასუფთავების ან/და წყალმომარაგების მომსახურებების საფასური არ გადაუხდია.

EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული წესი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის მე-17 მუხლით განმტკიცებულ ღირსების დაცვის სტანდარტთან, რადგან სახელმწიფო ზომებს იღებს მომსახურებების მომწოდებელი კომპანიების მიერ ‘ვალის ამოღებისთვის’ ისეთი პირველადი რესურსის შეწყვეტით, როგორიც ელექტროენერგიაა, მაშინ როდესაც პირს ამ უკანასკნელი მომსახურების საფასური გადახდილი აქვს. ამასთან, გასაჩივრებული წესით ელექტროენერგიის გათიშვა დასუფთავების და წყალმომარაგების საფასურის გადაუხდელობის გამო  ყოველგვარი გამონაკლისისა და დამცავი მექანიზმების გარეშე ხორციელდება.

„სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება ყურადღებას ამახვილებს ელექტროენერგიაზე წვდომის სოციალურ მნიშვნელობაზე, რასაც არაერთი სოციალური უფლებით სარგებლობისას განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება. ამ კუთხით, მიმოხილულია საერთაშორისო და ადგილობრივი სასამართლოების მიდგომები ელექტროენერგიის მომსახურებების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან მიმართებით.

EMC მიიჩნევს რომ კანონმდებლობით დადგენილი  მექანიზმი სხვა მომსახურებების გადაუხდელობის გამო სასჯელად იქცევა პირის ღირსეული ცხოვრებისთვის სწორედ ელექტროენერგიის მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროენერგიის გათიშვა არ უკავშირდება პირის მიერ კონკრეტულ მომწოდებელთან ხელშეკრულების დარღვევას. ამასთან, მივიჩნევთ, რომ უგამონაკლისო წესი ზრდის მექანიზმის რეპრესიულობას  და სახელმწიფოს ეს მიდგომა მომსახურების ბუნების გათვალისწინების გარეშე, სოციალურ უზრუნველყოფაზე საკუთარ პოზიტიურ ვალდებულებებს სრულად უარყოფს. კერძოდ, სახელმწიფო პირის ბაზისურ მომსახურებაზე დამოკიდებულებას იყენებს და მისი ‘საჭიროებებით’ მანიპულირებს, რაც კერძო კომპანიების მიერ სხვა გადასახადების’ ამოღებას’ ემსახურება. ამისთვის უალტერნატივოდ პირის მინიმალურ საარსებო რესურსებზე წვდომის უარყოფა სახელმწიფოს მხოლოდ მონოპოლიების ინტერესებზე ორიენტირებულს ხდის და ააშკარავებს აუცილებელი მომსახურების გარეშე დარჩენილი პირების ინდივიდუალური გარემოებებისადმი გულგრილობას. მეტიც, სადავო ნორმებით ინდივიდუალური საჭიროებების უგულებელყოფა კიდევ უფრო ‘რეპრესიულია’, რადგან ის მომსახურების გარეშე პირს ტოვებს მისი ‘კეთილსინდისიერების’, მის მიერ კონკრეტული მომსახურების საფასურის გადახდის მიუხედავად.

ამდენად, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული მექანიზმი კონსტიტუციის მე-17 მუხლთან წინააღმდეგობაში (ღირსების უფლება) უშვებს პირის ‘მიზნის მიღწევის საშუალებად’ გამოყენებას და  კომპანიების ვალის ამოღებისთვის უშვებს მოქალაქეების სოციალური უსაფრთხოების დონის გაუარესებასაც.

სასამართლო მეგობრის მოსაზრება მიმოიხილავს სოციალურ უფლებებზე მსჯელობის საერთაშორისო, სხვა ქვეყნების და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოცდილებასაც  და მოყვანილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ სადამსჯელო, ბლანკეტური რეგულირება არაგონივრულია იმიტომაც, რომ ის სახელმწიფოს სოციალურ ვალდებულებებს სრულად უგულებელყოფს და მექანიზმს ინტერესთა გაწონასწორების ანალიზს არ უქვემდებარებს.

 

 

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილება

[2] ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემით ადმინისტრირებას დაექვემდებარა ელექტროენერგიის განაწილება, წყალმომარაგება და დასუფთავების მომსახურება, ხოლო ერთიანი სისტემის ადმინისტრატორებად განისაზღვრა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები, კერძოდ,  სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“