საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2017 წლის 2 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) კონსტიტუციურ სარჩელს 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის იმ ნორმების კონსტიტუტციურობის თაობაზე, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს პირდაპირ დაფინანსებას ითვალისწინებს. EMC-ის სარჩელი არადომინანტი რელიგიური რწმენის, ასევე ათეისტი, აგნოსტიკოსი და სეკულარისტი მართლმადიდებელი საქართველოს მოქალაქეების სახელით აქვს შეტანილი და მიიჩნევს, რომ საბიუჯეტო რესურსების არასეკულარული, წმინდა რელიგიური მიზნებისთვის გამოყენება არღვევს მოსარჩელე პირების რელიგიის თავისუფლებასა და საკუთრების უფლებას და ამავდროულად დისკრიმინაციულია. ამასთან, EMC უთითებს, რომ დაფინანსების არსებული პრაქტიკა წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებთან და სამართლებრივი სახელმწიფოსა და სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპებთან.
2002 წლიდან საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოსგან რეგულარულად იღებს საბიუჯეტო სუბსიდიებს. 2002 წლიდან 2017 წლის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილმა პირდაპირმა დაფინანსებამ 260 672 200 ლარი შეადგინა. 2009 წლიდან 2013 წლამდე ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები 22–დან 27 მილიონამდე მერყეობდა, ხოლო 2013 წლიდან ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი სტაბილურად 25 მილიონს ითვალისწინებს საპატრიარქოს დაფინანსებისათვის. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შესახებ კანონის საფუძველზე გაცემული სუბსიდიების გარდა, მართლმადიდებელი ეკლესია დამატებით ფინანსურ და მატერიაულ მხარდაჭერას იღებს მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან[1] და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან. ამასთან, საქართველოს მთავრობა ეკლესიას რეგულარულად გადასცემს დიდი მასშტაბის უძრავ და მოძრავ ქონებას.[2]
აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს დაფინანსების არსებული პრაქტიკა არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართელოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების პირობებს, რომელიც ითვალისწინებს ეკლესიისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას. კონსტიტუციური შეთანხმებით, კომპენსაციის მასშტაბი ლიმიტირებულია და სახელმწიფო ზიანის ანაზღაურებას, როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი კისრულობს. კონსტიტუციური შეთანხმების შესაბამისად, ეკლესიისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემის საკითხები მხარეებს შორის პარიტეტულ საწყისებზე შექმნილ კომისიას უნდა განესაზღვა. იმის გამო, რომ მსგავს კომისიებს რეალურად არასდროს უმუშავიათ, სახელმწიფო ყოველგვარი დაანგარიშების გარეშე, ახორციელებს განუსაზღვრელი ოდენობის სუბსიდიების გადაცემას საპატრიარქოსთვის, რომელიც არ ეფუძნება განჭვრეტად, ობიექტურ, სამართლიან და ზიანთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს და მხოლოდ ხელისუფლების შიშველ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებულია.
ბიუჯეტის ნორმები პირდაპირ უთითებს დაფინანსების წმინდა კონფესიურ მიზნობრიობაზე: „ახალგაზრდების ქრისტიანული ღირებულებებით აღზრდისათვის დაფინანსდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში) საპატრიარქოს 70–ზე მეტი საგანმანათლებლო–კულტურული და საქველმოქმედო ორგანიზაცია, [..].“[3]
EMC მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის შესახებ 2017 წლის კანონით 21 146 000 ლარის ფარგლებში განსაზღვრული სახელმწიფო დაფინანსება წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 (რელიგიის თავისუფლება), 21-ე (საკუთრების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის დაუშვებლობა) მუხლებთან. EMC-ის მტკიცებით ათეისტი, აგნოსტიკოსი და სეკულარისტი მართლმადიდებელი მოსარჩელე პირები დაბეგვრის შედეგად კონკრეტული რელიგიის დაფინანსებაში იძულებით მონაწილეობენ, რაც მათი რელიგიის თავისუფლებისა და საკუთრების უფლებაში არასეკულარული, არალეგიტიმური საჯარო მიზნით ჩარევას განაპირობებს და ამავდროულად დისკრიმინაციულია. ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობის გარდა, საპატრიარქოს დაფინანსების არსებული პრაქტიკა ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და სეკულარიზმის კონტიტუციურ პრინციპებს, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთერთადამოუკიდებლობას აღიარებს. [4]
უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის მიზანს წარმოადგენს არა საქართველოს საპატრიარქოსათვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მატერიალური რესურსის გადაცემის შეწყვეტა, არამედ ასეთი გადაცემის კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრულ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა და სეკულარული, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ დაფინანსების დემოკრატიული და სეკულარული მოდელი ასევე არსებითია ეკლესიის პოლიტიზირების მინიმიზებისა და სოციალური ცნობიერების განვითარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ EMC მანამდე ასევე ასაჩივრებდა 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის იდენტურ ნორმებს, თუმცა, 2017 წლის პირველ იანვარს საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა სადავო ნორმების ძალადაკარგულობის (საბიუჯეტო კანონის ვადის ამოწურვის) გამო.
EMC იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს გასაჩივრებული სადავო ნორმების დროებით ხასიათს და მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების პროცესს გონივრულ ვადაში წარმართავს.
ინსტრუქცია