[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

EMC და „მწვანე ალტერნატივა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში  მიმდინარე პროცესებს აფასებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტო

 

2019 წლის 7 ნოემბრიდან, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები აქციას მართავენ. მათ სოფელში მდებარე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროს ფუნქციონირება შეაჩერეს. მოსახლეობა კომპანიის საქმიანობის შედეგად მათი სახლებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. EMC მოუწოდებს სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, უზრუნველყონ დაზარალებულთა საცხოვრისისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებების დაცვა.

შუქრუთის მოსახლეობამ მაღაროების მუშაობა მიმდინარე წლის სექტემბერშიც შეაჩერა. ადგილობრივები ხაზს უსვამენ სოფელში არსებულ მძიმე სოციალურ, ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას, რაც, მათი მტკიცებით, სწორედ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებულ სამთო-მოპოვებით სამუშაოებს უკავშირდება. კერძოდ, სავალალო მდგომარეობაა მოსახლეობის კუთვნილ სახლებსა და ეზოებში. სავარაუდოდ სამთო-მოპოვებითი სამუშაოების შედეგად, ადგილობრივების სახლები, დამხმარე ნაგებობები და მიწა იბზარება და სოფლის ინფრასტრუქტურა ზიანდება. ასევე, დაზიანებულია სოფლის ეკლესია და სასაფლაო[1]. ადგილობრივების თქმით, არაერთი დაპირების მიუხედავად, კომპანია მოსახლეობისათვის კომპენსაციების მიცემის მოთხოვნას არ ასრულებს.

ჯერ კიდევ სექტემბრის პროტესტის დროს, შუქრუთელები „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან მათი საკუთრებისთვის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას და ამ პროცესის გონივრულ ვადაში გაწერას ითხოვდნენ[2]. შუქრუთის მოსახლეობამ და კომპანიის წარმომადგენლებმა შუალედურ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც ექსპერტების, კომპანიის და სოფლის მცხოვრებლების წარმომადგენლებით შექმნილ კომისიას, შესაბამისი კვლევის საფუძველზე, დამდგარი ზიანის და მისი ანაზღაურების წესის შესახებ დასკვნა უნდა შეემუშავებინა. თუმცა, კომისიის მუშაობის შედეგების შესახებ დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ სპეციალურმა კომისიამ მოინახულა საცხოვრებელი სახლები და დაადგინა, რომ აღწერილი დაზიანებები უკავშირდება არა კომპანიის მიერ, არამედ საბჭოთა კავშირის დროს წარმოებულ სამუშაოებს.[3]

გასათვალისწინებელია, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ სახით, მოსახლეობის კრიტიკა მიემართება კომპანიას, რომელიც არაერთხელ არის დაჯარიმებული ლიცენზიის პირობების და წიაღით სარგებლობისას გარემოსა და უსაფრთხოების დაცვისთვის არსებული ნორმებისა და წესების დარღვევისათვის, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მითითებულ ვადებში დარღვევების გამოუსწორებლობის გამო[4].

 “ჯორჯიან მანგანეზზე“ 40 წლის ვადით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირობების თანახმად, მანგანუმის მოპოვების და მანგანუმის კონცენტრატის გადამუშავების წინასწარ დამტკიცებული გეგმის გარდა, კომპანიას  ევალება, შეასრულოს წიაღით, როგორც ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები[5]. აღნიშნულის მიუხედავად, კომპანიის საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანი ასეულობით მილიონ ლარს შეადგენს. კერძოდ, არასრული შემოწმების შედეგად, 2013-2017 წლებში „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 416 110 418,51 ლარით განისაზღვრა[6]. 2013 წელს შემოწმების შედეგად ასევე გამოვლინდა კომპანიის მიერ უკანონო ტყეთსარგებლობის და ხე-ტყის განადგურების არაერთი ფაქტი[7]. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების შედეგად გაირკვა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ ოპერირების ტერიტორიაზე “მდგომარეობა როგორც მდინარის, ასევე ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით კომპანიამ არათუ გამოასწორა, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე, ფაქტობრივად, ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფასს სიტუაციას ქმნის.“ ამიტომ 2017 წლის მაისში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საწარმოში სპეციალური მმართველის დანიშვნა, რომელიც სიტუაციის ეტაპობრივ გამოსწორებაზე იქნებოდა პასუხისმგებელი[8]. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიის სპეციალურ მმართველად ნიკოლოზ ჩიქოვანი დაინიშნა, რომელსაც მიენიჭა არა მხოლოდ ლიცენზიისა და ნებართვის პირობების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის, არამედ სრულად საწარმოს ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად მართვის უფლება.

ზემოთაღნიშნული პრობლემების შუქზე, შუქრუთში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით, ყველაზე თვალსაჩინო - სახელმწიფოს პასიურობაა. დაზარალებული მოსახლეობა მხოლოდ კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის იმედადაა და პროცესისადმი მათი უნდობლობაც არ არის გასაკვირი. მაშინ, როდესაც საკმაოდ დიდია დაზარალებულთა რიცხვი და ზიანის  მასშტაბი, ამასთან საკითხის მიმართ ფართო საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მოახდინოს მყისიერი რეაგირება და უზრუნველყოს შუქრუთის მოსახლეობისათვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება, რომელიც, ამასთანავე, მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას,  დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ[9]. სახელმწიფომ, ასევე, უნდა უზრუნველყოს სოფელ შუქრუთის მოსახლეობის საკუთრების უფლების დაცვა და არ დაუშვას სავარაუდოდ, კერძო კომპანიის ქმედებების შედეგად მოსახლეობის საკუთრებაზე იმგვარი ზემოქმედება, რომელიც ფაქტობრივად შინაარსს აცლის საკუთრების უფლებას.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ასევე მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს მთავრობას ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და ორგანიზება გაუწიოს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მათ რაციონალურ გამოყენებას; მთავრობას ასევე აქვს უფლებამოსილება, ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შექმნას სამთავრობო კომისია[10].

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა შეისწავლონ სოფელ შუქრუთში მანგანუმის მომპოვებელი სამუშაოების სავარაუდო ეფექტები გარემოზე და მოსახლეობის საკუთრებაზე, ასევე, ზედამხედველობა გაუწიონ ზიანის დაანგარიშებისა და კომპენსაციების გაცემის პროცესს.

რაც შეეხება სახელმწიფო კონტროლის კუთხით უშუალოდ პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, ლიცენზიის პირობების შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - წიაღის ეროვნული სააგენტო[11].

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის ერთ-ერთი ფუნქციაა „გარემოზე ბუნებრივი და ანთროპოგენური ზემოქმედების შეფასება და საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარება“[12].

სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი სფეროა ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, მათ შორის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება[13].

ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სამთო ობიექტებზე ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს უშუალოდ სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემის და აღნიშნული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს; იგივე უწყება ახორციელებს ასევე პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ისეთ საზედამხედველო ობიექტებზე, როგორიცაა კარიერი, მაღარო, შახტი სასარგებლო წიაღისეულის მექანიზებული წესით მოპოვების შემთხვევაში[14].

ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად, EMC  და მწვანე ალტერნატივა მოუწოდებენ:

საქართველოს მთავრობას:

  • დაინტერესდეს შუქრუთის მოსახლეობის წუხილებით და სპეციალური კომისიის შექმნის გზით, შეისწავლოს ადამიანების ბუნებრივ და სოციალურ (მათ შორის ჯანმრთელობაზე) გარემოზე ზემოქმედების მასშტაბი და ფორმები, ასევე, შეიმუშავოს ზიანის დაანგარიშების მეთოდოლოგია და უზრუნველყოს კომისიის დასკვნითი დოკუმენტების საჯაროობა.

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს:

  • შეისწავლოს სოფელ შუქრუთში მაღაროს ოპერირების გეოლოგიური ზეგავლენა და დაადგინოს არის თუ არა კავშირი აღნიშნულსა და შუქრუთის მოსახლეობის საკუთრებისა და ინფრასტრუქტურისათვის მიყენებულ ზიანს შორის.

სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს:

  • შეამოწმოს თუ რამდენად სრულდება სოფელ შუქრუთში და მიმდებარე ტერიტორიაზე წიაღით სარგებლობისთვის დადგენილი წესები და ნორმები და შპს “ჯორჯიან მანგანეზზე” გაცემული ლიცენზიის პირობები;

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს:

  • ჩაატაროს შუქრუთის მაღაროს პერიოდული სპეციალური ტექნიკური ინსპექტირება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს:

  • შუქრუთში გარემოს დაბინძურების და ბუნებრივი რესურსებით არარაციონალური (და შესაძლოა უკანონო) სარგებლობის აღკვეთისა და პრევენციისათვის განახორციელოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლი.

 

EMC და მწვანე ალტერნატია განაგრძობენ ადგილზე არსებული სიტუაციის მონიტორინგს და სურვილის შემთხვევაში, შუქრუთის მოსახლეობას გაუწევენ სამართლებრივ დახმარებას, მათ შორის, დავის სასამართლოში წარმოების გზით.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] http://bit.ly/32HGJYl

[2] http://bit.ly/2OfXa9t

[3]https://www.facebook.com/231291297445484/photos/a.232831020624845/547506672490610/?type=3&theater

[4] იქვე.

[5] საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ 2016 წლის 27 ივნისს EMC-სთვის მოწოდებული ინფორმაცია.

[6]http://liberali.ge/news/view/45352/jorjian-manganezis-garemoze-miyenebuli-zianis-odenoba-minimum-416-milioni-laria--angarishi

[7] იქვე.

[8] ჯორჯიან მანგანეზის სპეციალური მმართველი - საწარმოს გაჯანსაღების, თუ წილების გადანაწილების მორიგი მცდელობა?, მწვანე ალტერნატივა 2018

[9] საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 29.

[10] საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, მუხლი 5.

[11] საქართველოს მთავრობის დადგენილება №84 „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, 2018 წლის 16 თებერვალი, მუხლი 5.

[12] საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის ბრძანება №2-255, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 5.2.“კ“.

[13] “საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის  №26 ბრძანება

[14] საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/1527 2012 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“