საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC მწუხარებას გამოთქვამს 3 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 2 ქალი და 4 არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ხის საცხოვრებელს უკიდურეს სიღარიბეში მყოფი, მიუსაფარი ოჯახი თვითდახმარების მიზნით აფარებდა თავს, რომელსაც რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარება მოეხსნა.[1] ბაღდათში მომხდარი ტრაგედია ყველაზე ცხადად აჩვენებს სიღარიბის დამანგრეველ შედეგებს, რომელსაც არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა ქმნის.
სოციალური დაცვის არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს სოციალურ სიდუხჭირეში მყოფი ადამიანების რეალურ გაძლიერებას და მათ მხარდაჭერას, დაძლიონ სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობა. არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ სოციალური უზრუნველყოფის საბიუჯეტო წილის ყოველწიური ზრდის მიუხედავად[2], მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის უცვლელი რჩება.[3]. ამასთან, UNICEF-ის კვლევის თანახმად, ბავშვიან შინამეურნეობებში სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია[4].
ამ მაჩვენებლების მიუხედავად, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა და ოჯახთა რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში შემცირდა და მთლიანი მოსახლეობის 12 %-ია.[5] სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსების სიმწირის გამო, ათიათასობით[6] ღარიბი ოჯახი ვერ იღებს სოციალურ შემწეობასა და სხვა სერვისებს, რომელიც სოციალურად დაუცველის სტატუსთან არის დაკავშირებული. სოციალური დაცვის სისტემაში რესურსების სიმწირესთან ერთად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ხარვეზიანობა, იმდენად, რამდენადაც, ამ მეთოდოლოგიით ვერ ხერხდება სოციალურად მოწყვლადი შინამეურნეობების ეფექტიანი გამოვლენა.
დღემდე სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს, რასაც ადასტურებს NDI-ს და CRRC-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის შედეგები[7]. სახელმწიფოს ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც დღის წესრიგიდან მუდმივად განდევნის საზოგადოებრივ ინტერესს და ჩვენს ყოველდღიურობას კერძო ინტერესსა და მათი მოგების ზრდის მიზანს უქვემდებარებს, წარმოქმნის ეკონომიკური უთანასწორობის იმ მასშტაბებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სიღარიბისთვისა და დაუცველობისთვის სწირავს. ამ მოცემულობაში კი, მიზნობრივი სოციალური დახმარება, პენსია და სხვა სახის სოციალური დახმარებები სოციალური დაცვის და ადამიანთა ფიზიკური გადარჩენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება, რაც თავისმხრივ, მოსახლეობის 60%-ზე მეტს პირდაპირ დამოკიდებულს ხდის.
სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობისა და სიღარიბის უკიდურესად მძიმე მანიფესტაციას საცხოვრებლის არარსებობა წარმოადგენს. უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისი არქონის უკიდურესად მწვავე პრობლემის მიუხედავად, საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების უსაფრთხო და ადეკვატური საცხოვრებლით, ისევე, როგორც, მათ საჭიროებებზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემით უზრუნველყოფა არასოდეს ყოფილა სახელმწიფოს პრიორიტეტი. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, რომელთათვისაც გაძლიერებისა და სიღარიბიდან ამოყვანის სერვისები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კვლავ სახელმწიფოს ხედვის არეალის გარეთ რჩებიან.
ქვეყანას არ გააჩნია ხედვა და პოლიტიკა თუ როგორ უპასუხებს სოციალურად მოწყვლად პირთა საჭიროებებს. უსახლკარობასთან წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის არარსებობის ილუსტრაციაა ისეთი გამოწვევების დღის წესრიგში არსებობა როგორიცაა, უსახლკარო და არასათანადო საცხოვრისში მცხოვრებ პირთა სტატისტიკისა და მისი წარმოების მეთოდოლოგიის არარსებობა, საცხოვრისის სერვისების რეაქციულობა და უკიდურესი სიმწირე, რის შედეგადაც, ეს სერვისები ვიწრო ჯგუფისთვის პრობლემის დროებით გადაჭრაზეა ორიენტირებული, ხოლო ცალკეულ მუნიციპალიტეტებში უსახლკაროთა აღრიცხვა და მათთვის რაიმე სერვისის მიწოდების მექანიზმი მინიმალურ დონეზეც კი არ გვხვდება. ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ფრაგმენტული ზომები მხოლოდ ცალკეულ უსახლკარო ჯგუფებს ხედავს, ხოლო დანარჩენი ჯგუფები, როგორიცაა, თვითდახმარების მიზნით სხვადასხვა ობიექტებში, არაადეკვატურ და საფრთხის შემცველ გარემოში მცხოვრები პირები და მათი საჭიროებები, უმეტესწილად უგულებელყოფილია.
მაშინ, როდესაც სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობა ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მწვავე პრობლემას წარმოადგენს, სოციალური დაცვის პოლიტიკა არაადეკვატური და სუსტია. არსებული ცენტრალური და მუნიციპალური პროგრამები არ არის დაფუძნებული სოციალურად მოწყვლად პირთა საჭიროებების კვლევაზე, შესაბამისად, მათი ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამასთან, სოციალური დაცვის სისტემა შინაარსობრივად არ არის ორიენტირებული მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებისა და მათი სიღარიბიდან ამოყვანაზე, რაც, მათ შორის, დასტურდება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2017 წელს ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევით. ამ კვლევის მიხედვით, 2015 წელთან შედარებით, 2017 წელს როგორც უკიდურესი, ისე ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები სოფლად და ქალაქად მცხოვრები ბავშვებისათვის მნიშვნელოვნად გაიზარდა.[8][9]
არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა ერთი მხრივ ქმნის ნიადაგს მოსახლეობის დიდი ნაწილის უკიდურესი სიღარიბისა და დაუცველობისათვის რომელსაც მეორეს მხრივ არ აზღვევს სახელმწიფოს სათანადო ზრუნვისა და სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკა. არსებული სოციალური დაცვის სისტემა მისი თვალთახედვის მიღმა ტოვებს არაერთი ოჯახის სოციალურ და ეკონომიკურ საჭიროებას, რამდენადაც ის მეტწილად მხოლოდ უკიდურესად მძიმე გამოწვევების ზედაპირულ მოგვარებაზე არის ორიენტირებული. სოციალური დაცვის სისტემის გამართვა და სოციალური დაცვის შესაბამისი სერვისების დანერგვა არ აღიქმება სახელმწიფოს ვალდებულებად და ე.წ. ქველმოქმედებისა და სახელმწიფოს კეთილი ნების მიდგომებს ეფუძნება.
EMC მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს და მთლიანად საზოგადოებას აკისრებს, რამდენადაც ქვეყანაში არსებული უმწვავესი პრობლემების არდანახვას, სახელმწიფოს უმოქმედობასა და საზოგადოების გულგრილობას ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს:
[1] https://netgazeti.ge/news/424281/.
[2] საქართვეკის სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახელმწიფოს ფინანსების სტატისტიკა
[3] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ცხოვრების დონე
[4] მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა
[5] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2018, გვ. 203.
[6] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საარსებო შემწეობის მისაღებად დარეგისტრდა 318 000 ოჯახი, აქედან, სახელმწიფომ მოახერხა მხოლოდ 128 000-მდე ოჯახის უზრუნველყოფა აღნიშნული შემწეობით.
[7] საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში
[8] 2015 წელთან შედარებით 2017 წელს უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები ქალაქად მცხოვრები ბავშვებისთვის გაიზარდა 5.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლად 3.2 პროცენტული პუნქტით. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები ბავშვებისთვის გაიზარდა 7.7 პროცენტული პუნქტით ქალაქად, ხოლო – 1.3 პროცენტული პუნქტით სოფლად.
[9] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2018, გვ. 203 - 205.
ინსტრუქცია