[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

EMC არჩევნებზე პოლიციის არაეფექტიანობას ეხმიანება

ფოტოს წყარო: ნეტგაზეთი

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)" 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ ინციდენტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას არაეფექტიანად აფასებს. EMC-ს მიაჩნია, რომ სამართალდამცავმა უწყებამ არჩევნების დღეს გამოვლენილ ძალადობრივ ფაქტებზე რიგ შემთხვევებში დაგვიანებული რეაგირებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი - კანონდარღვევის აღკვეთის ნების არქონით, მართლწესრიგის დაცვა სათანადოდ ვერ უზრუნველყო, რამაც გააძლიერა ძალადობის და არჩევნებთან დაკავშირებული კანონდარღვევების დაუსჯელობის განცდა. ამავდროულად, არჩევნების შემდგომ დღეებში პრობლემურია პოლიტიკური დიალოგის დეფიციტი, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივაზე.

არსებულმა პოლარიზებულმა და ანტაგონისტურმა პოლიტიკურმა გარემომ გავლენა იქონია არჩევნების პროცესზეც და სამწუხაროდ, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებთან და მიმდებარე ტერიტორიებზე არაერთ ძალადობრივ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. პოლიტიკური პარტიები და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლები წინასაარჩევნო პერიოდში მუდმივად იყენებდნენ აგრესიულ და მტრულ რიტორიკას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რამაც მოსახლეობის ზოგად განწყობებზეც იქონია გავლენა. ასეთ პირობებში  წარიმართა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რა დროსაც, წესრიგის, მშვიდობის და თანასწორი გარემოს შექმნის მთავარი ხაზი არა პოლიტიკურ კონსენსუსსა და ურთიერთ ნდობაზე, არამედ საპოლიციო ძალაზე გადიოდა.

საარჩევნო უბნებზე წესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ყველა რეგიონში პოლიციის მობილური ჯგუფები შექმნა, რომელთა ამოცანა, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონდარღვევებზე მყისიერი რეაგირება იყო. უწყების ინფორმაციით, საპოლიციო ძალები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით.[1] მთლიანობაში, არჩევნების დღეს თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდსა და სენაკში დაფიქსირებულ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო 12 სისხლის სამართლის საქმეზე.[2] 16 ფაქტს მოჰყვა საქმისწარმოების დაწყება და 9 ადამიანის ადმინისტრაციული წესით  დაკავება.[3] ჟურნალისტისთვის საქმიანობის ხელშეშლასა და მასზე ძალადობისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა ერთი პირი.[4]

აღსანიშნავია, რომ არჩევნების მიმდინარეობისას, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, გახშირდა ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის შემთხვევები საარჩევნო პროცესში (დამკვირვებლები, კომისიის წევრები, უბნებთან მყოფი პარტიების წარმომადგენლები, კოორდინატორები)  მონაწილე პირებს შორის. თვალშისაცემი იყო მასმედიის წარმომადგენლების და არჩევნების დამკვირვებლების მიმართ აგრესია და შეურაცხყოფა. მათ შორის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები კახეთში, სადაც საარჩევნო კომისიის წევრებმა ჟურნალისტები საარჩევნო უბანზე არ დაუშვეს, თბილისში - გლდანის რამდენიმე საარჩევნო უბანზე, სადაც მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო უბანთან შეკრებილი პირები ვითარების გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ.[5]

საარჩევნო უბნებთან სამართალდამცავების მობილიზების მიუხედავად, ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე პოლიციამ დროული რეაგირების ნება არ გამოავლინა სამგორის 39-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი ინციდენტის,[6] გლდანის N10 საარჩევნო ოლქში დღის მანძილზე მომხდარ არაერთი ძალადობრივი დაპირისპირების აღსაკვეთად.[7]

სამართალდარღვევებზე სუსტი რეაგირების გარდა, აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არჩევნების დღის განმავლობაში ავრცელებდნენ ინფორმაციას ქუთაისში,[8] ზუგდიდსა[9] და მარნეულში[10] პოლიციის თანამშრომლების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევის, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებზე ზემოქმედების თაობაზე. პოლიციის არაეფექტურობა განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, რომ საარჩევნო უბნებზე ძალადობრივი ჯგუფების მობილიზებას დიდი ხნის პრაქტიკა აქვს საქართველოში და შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოებისგან მეტი მოლოდინი არსებობდა, რომ ადეკვატურ პრევენციულ ზომებს გაატარებდნენ.

აღსანიშნავია, რომ პოსტ-საარჩევნო პერიოდშიც არსებობს სხვადასხვა ჯგუფებს შორის ფიზიკური დაპირისპირების რისკები. გასულ დღეებში არაერთი საპროტესტო აქცია და ფიზიკური დაპირისპირება ვიხილეთ მათ შორის მოქალაქეებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის.[11] ვითარებას ამძიმებს პოლიტიკოსების, განსაკუთრებით კი ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა, რომელიც არ არის მიმართული პოლიტიკური დისკუსიის დაწყებისკენ და ზოგადად, ხელისუფლების მხრიდან დიდწილად იგნორირებულია კრიზისის მართვის პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმები. ასეთ ვითარებაში, მოსახლეობაში და ოპოზიციურ პარტიებში არსებული პროტესტის შეკავება/მართვა მხოლოდ საპოლიციო ძალის გამოყენებით მიმდინარეობს, რაც კრიზისის განმუხტვის პერსპექტივას ასუსტებს და ამავდროულად, ზრდის მოსახლეობის უნდობლობას პოლიციის მიმართ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, EMC მოუწოდებს ხელისუფლებას:

  • პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, უფრო მეტად დაეყრდნოს სამართლებრივ და პოლიტიკურ ბერკეტებს; აგრეთვე გააძლიეროს კონსტრუქციული და დიალოგზე ორიენტირებული რიტორიკა;

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს საპარლამენტო არჩევნების დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევებზე, უზრუნველყოს ჟურნალისტური და არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობის დაუბრკოლებელი განხორციელება და აღკვეთოს მასმედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივი ქმედებები;
  • უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება მიმდინარე გამოძიებების თაობაზე, აგრეთვე ზოგადად ძალადობრივი ფაქტების პრევენციის მიზნით მიღებულ ზომებზე;
  • პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა პოსტ-საარჩევნო პერიოდში; მათ შორის, უზრუნველყოს შეკრების უფლების დაცვა და შეკრებების მონაწილეების უსაფრთხოება.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იხ. შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 ოქტომბრის განცხადება: https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/14086

[2] სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც გლდანში "პუბლიკას" ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, დაემატა სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. 

სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გამოძიება დაიწყო ქალაქ თბილისში, N40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე;

სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში, N39 და N40 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით; 

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით არის დაწყებული გამოძიება თბილისში, კახეთის გზატკეცილზე განთავსებულ N78 საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;

​სსკ-ს 187-ე მუხლით და 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება თბილისში N90 საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;

ასევე, ქალაქ ქუთაისში, N37 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ქუთაისის რაიონულ სამმართველოში სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო გამოძიება;

​სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაა დაწყებული გამოძიება რუსთავის N16 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;

​სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება რუსთავში N64 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი;

​სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო გამოძიება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52 საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;

​სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება 31 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე N89 საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;

​სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო გამოძიება სენაკის N64 საოლქო საარჩევნო კომისიის მე-16 საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;

​სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაა გამოძიება დაწყებული ზუგდიდის N80 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. 

[3] იხ. შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 ნოემბრი განცხადება: https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-ministris-pirveli-moadgilis-kakhaber-sabanadzis-brifingi/14096

[4] „რადიოთავისუფლება“, 3 ნოემბრის სიახლე: „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით ერთი კაცი დააკავეს“ https://www.radiotavisupleba.ge/a/30928259.html?fbclid=IwAR3IPKR4LEIfjKw71xy5q9GY3cGCwTsMW-zDfbz1HyqHYevdBYjubeZdnR0

[5] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების შედეგების შეჯამება“, 1 ნოემბერი, https://transparency.ge/ge/post/2020-clis-31-oktombris-saparlamento-archevnebis-dakvirvebis-shedegebis-shejameba https://gyla.ge/ge/post/2100-saatistvis#sthash.t5hX00Ht.dpbs

[6] ძალადობის ფაქტი თბილისში, სამგორის N39-ე საარჩევნო უბანზე: http://www.myvideo.ge/tv/formula/2020-10-31/12:30:05

[7] ფიზიკური დაპირისპირებები თბილისში, გლდანის საარჩევნო უბნებთან: http://www.myvideo.ge/tv/formula/2020-10-31/18:05:00

[8] ძალადობის ფაქტი ქუთაისში: http://www.myvideo.ge/tv/formula/2020-10-31/15:26:24 http://www.myvideo.ge/tv/formula/2020-10-31/15:27:05

[9] ძალადობის ფაქტი ზუგდიდში:  http://www.myvideo.ge/tv/formula/2020-10-31/14:08:47

[10] ძალადობის ფაქტი მარნეულში:  http://www.myvideo.ge/tv/formula/2020-10-31/14:08:42

[11] დაპირისპირება ისანში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა, 4 ნოემბერი, 2020 https://bit.ly/32g7AO0   

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“