საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს 2018 წლის 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ექვსი მეშახტის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესს.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2018 წლის 6 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულია ექვსი პირი, რომელთაც ბრალი ედებათ სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
5 აპრილის საქმეზე ,,საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის“ მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულ რამდენიმე პირს ბრალი, იმავე უბანზე ჯგუფური დაღუპვის ფაქტის განმეორების შემდეგ, წარედგინა (ამ დროისთვის ბრალდებულადაა ცნობილი მინდელის სახელობის შახტის დირექტორი, შახტის მთავარი ინჟინერი, შახტის მენეჯერი, N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი, ამავე უბნის უფროსის მოადგილე და უფროსის თანაშემწე, რომელთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა). აღნიშნული სიცოცხლის მოსპობით დასრულებულ საწარმოო შემთხვევებთან მიმართებით წარმართული გამოძიების პროცესისათვის საგამონაკლისო შემთხვევას წარმოადგენს, რამდენადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევით ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით ამ დრომდე განსაკუთრებული არაეფექტიანობით ხასიათდებოდა. მათ შორის, ტყიბულის შახტებში მომხდარი არაერთი შემთხვევის გამოძიება როგორც წესი რეალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ აყენებდა და/ან დამდგარი შედეგისას ის უმეტესად საშუალო და დაბალი რგოლის დასაქმებულთა პასუხისმგებლობით შემოიფარგლებოდა, რაც მსგავსი შემთხვევების პრევენციას ვერ ახდენდა.
არაეფექტიანი გამოძიების პრობლემურობაზე ასევე მიუთითებს სახალხო დამცველი, რომლის მიხედვითაც 2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. ხოლო წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა მხოლოდ 3 შემთხვევაში. საქმეთა 72,2% არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა მერყეობს 500-დან 5000 ლარამდე[1].
2018 წლის 5 აპრილს მომხდარი შემთხვევის გამოძიების პირველ ეტაპზე, კომპანია ,,საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის“ მენეჯერულ პოზიციაზე მყოფ პირებს ჰქონდათ მცდელობა გამოძიება არა უსაფრთხოების წესების დარღვევის, არამედ ბუნებრივი პროცესით (სამთო დარტყმა) გამოწვეული შემთხვევის ვერსიით წარმართულიყო. კერძოდ, მედიაში და გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირები სამთო დარტყმის შედეგად გამოწვეულ გაუთვალისწინებელ შემთხვევასა და კომპანიის პასუხისმგებლობის არარსებობაზე მიუთითებდნენ. თუმცა, გამოძიების ფარგლებში სამთო დარტყმის ვერსიის გაჩენის მიუხედავად, საქმის მასალები მინდელის სახელობის შახტის N1 მომპოვებელ უბანზე უსაფრთხოების წესების მძიმე დარღვევებზე მიუთითებდა, რაც შესაძლოა პირდაპირ ყოფილიყო დაკავშირებული მომხდარ შემთხვევასთან. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა საექსპერტო კვლევები, მათ შორის დაღუპული მეშახტეების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასახული ინფორმაცია ეწინააღმდეგებოდა მომხდარის თავდაპირველ ვერსიას (სამთო დარტყმის არსებობის შესახებ). გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სამთო-საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურდა და გამოიკვეთა ,,საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის“ მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი კონკრეტულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
გამოძიების პირველ ეტაპზევე შახტაში არსებული უსაფრთხოების წესების მძიმე დარღვევებზე ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, სახელმწიფომ არ უზრუნველყო შახტის ფუნქციონირების დროებითი შეჩერება, რამაც N 1 ნახშირმომპოვებელ უბანზე მოპოვებითი სამუშაოების გაგრძელების შესაძლებლობა შექმნა, რაც 2018 წლის 16 ივლისს კიდევ ერთი ლეტალური საწარმოო შემთხვევით დასრულდა.
მიმდინარე გამოძიებასთან მიმართებით პრობლემურია, რომ 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულში მომხდარი შემთხვევის გამოძიების ფარგლებში, კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიუხედავად (რაც მნიშვნელოვან პრეცედენტს წარმოადგენს), სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ამ დრომდე არ გამოკვეთილა შახტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და მოადგილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა პირდაპირ მოვალეობას შახტაში არსებული უსაფრთხოების წესების დაცვა წარმოადგენდა და რომლებიც გამოძიების მასალების მიხედვით, პერიოდულად ფაქტობრივად ზედამხედველობდნენ #1 მომპოვებელ უბანზე მიმდინარე სამუშაოებს. აღნიშნული გარემოება განსაკუთრებულად მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება ბრალდებული პირების მხრიდან ,,ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევაზე მიუთითებს, რომელთა დაცვის კონტროლი შახტის უსაფრთხეობის სამსახურის პასუხისმგებლობაა. ამასთან, საქმეში ასევე პრობლემურია გარკვეული შეუსაბამობები. კერძოდ, გამოძიების ვერსიის მიუხედავად, რაც აფეთქებითი სამუშაოს ჩატარებას ადასტურებს, გაუგებარია როგორ არ აღმოჩნდა აფეთქების კვალი შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებზე (მათ შორის სავენტილაციო მილის ნაწილზე) და ექსპერტული კვლევისთვის აღებულ ანაწმენდებზე, რაც გამოძიების მხრიდან დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვეთისა და შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელების აუცილებლობას აჩვენებს.
EMC აგრძელებს მიმდინარე გამოძიებაზე დაკვირვებას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას:
საქართველოს პარლამენტს:
[1] 2015 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მონაცემები. საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში გვ. 198. http://www.ombudsman.ge/uploads/other/5/5139.pdf;
[2] საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბ-ნ აკაკი ზოიძის 2018 წლის 2 ივლისის კორესპონდენციით გვეცნობა რომ საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვას კომიტეტი საშემოდგომო სესიის მსვლელობის პერიოდში გეგმავს.
ინსტრუქცია