[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთში უფლებები მასობრივად არ ირღვევა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, რომლებიც ეხება რუსეთის ფედერაციიდან საერთაშორისო დაცვის მაძიებელთა საქმეებს. ორგანიზაციის წარმოებაში არსებულ ბოლო საქმეებში მიგრაციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთში ადამიანის უფლებები მასობრივად არ ირღვევა და სწორედ ამის გამო კონკრეტულ პირებს არ უნდა მიეცეთ საერთაშორისო დაცვა. უწყება სრულიად უსაფუძვლოდ ამტკიცებს, რომ "რუსეთის ფედერაციაში, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, არ ფიქსირდება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები". ინდივიდუალურ საქმეებში კი დეპარტამენტი ხშირად უთითებს, რომ "ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, საპატიმრო პირობებში მოთავსების შემთხვევაში წამების, არაადამიანური მოპყრობის და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რეალური რისკის წინაშე აღნიშნული პირები არ დადგებიან".

სოციალური სამართლიანობის ცენტრი განმარტავს, რომ მის წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზი ავლენს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ განმცხადებელთა მტკიცებულებების არასათანადო შეფასების პრაქტიკას. ეს მტკიცებულებები ეხება რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობასა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს კრემლის რეჟიმისა და უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის მიმართ, ასევე ღიად უჭერენ მხარს უკრაინას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უწყებას ამ საქმეებში არ გაუთვალისწინებია საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები და საჯაროდ გამოქვეყნებული არაერთი შეფასება, რომლებშიც ნათლად ჩანს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოებისა და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან აქტივისტებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტები. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიუთითებს, რომ ეს პრაქტიკა საგანგაშოა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში არსებული მდგომარეობის შესახებ.

მაგალითად, Human Rights Watch მის 2023 წლის ანგარიშში მითითებულია, რომ რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუარესებულია. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის განმავლობაში ომის მოწინააღმდეგე აქტივისტების მიმართ ძალადობის და წამების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე პრობლემა იყო პატიმრების მიმართ ძალადობა. ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფო მოქალაქეების აქტიურობას კვლავ პასუხობს აკრძალვით, რეპრესიული კანონების მიღებითა და პოლიტიკური მოტივებით პირების დემონსტრაციული დევნით. ორგანიზაციის განმარტებით, რუსეთის ფედერაციაში კვლავ ფართოდ არის გავრცელებული წამების, არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, განსაკუთრებით წინასწარი პატიმრობის ადგილებში და ციხეებში. თუმცა, ხელისუფლება როგორც წესი უარყოფს და უარს ამბობს წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიებაზე.

რუსეთის ფედერაციაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე მიუთითებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშიც. ანგარიშში საუბარია, რომ რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პირების უფლებები ხშირად ირღვევა, მათ შორის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს პატიმართა საპატიმროებში არსებულ მძიმე ვითარება. ანგარიში საუბრობს სასჯელაღსრულების დაწესებულებების გადატვირთულობაზე, არასაკმარისი ვენტილაციისა და სანიტარიის პრობლემებზე, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ძალადობის შემთხვევებზე, სამედიცინო რესურსებისა და საკვებზე შეზღუდულ წვდომაზე. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება პრობლემად რჩება, ხოლო მსჯავრდებულებს საკვებით ხშირად მათი ოჯახები ან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ. ამასთან ერთად, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის საპატიმროების ადმინისტრაცია ხელს უშლიდა დამკვირვებლებს მოესმინათ პატიმრების საჩივრები. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) წევრებს მიეცათ ციხეების ნახვის შესაძლებლობა, რუსეთის ფედერაციამ არ მისცა ნებართვა ბოლო ანგარიშის გამოქვეყნებაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით ხელისუფლება პოლიტიკური მიზეზების გამო აკავებდა და სდევნიდა პირებს. როგორც წესი, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში გამოყენებული ბრალდებები მოიცავდა „ტერორიზმს“, „ექსტრემიზმს“, „სეპარატიზმს“ და „ჯაშუშობას“. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტპატიმრები მოთავსებულნი იყვნენ პატიმრობის განსაკუთრებით მძიმე პირობებში და ექვემდებარებოდნენ სხვა სადამსჯელო მოპყრობას ციხის სისტემაში, როგორიცაა სამარტოო საკანში ან ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაყვანა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა არ ჰქონდათ შეხვედროდნენ პოლიტპატიმრებს.

უფლებადამცველმა ორგანიზაცია „მემორიალმა“ გამოაქვეყნა რუსეთში 628 პოლიტპატიმრის სია. მათი შეფასებით, რუსეთში ამ პირების რაოდენობა 4-ჯერ მაინც აღემატება მათთვის ცნობილ ფაქტებს. მემორიალის შეფასებით, პოლიტპატიმრების საერთო რაოდენობა 2015-დან 2022 წლამდე თითქმის 10-ჯერ გაიზარდა. მემორიალის სიაში შედიოდნენ ოპოზიციის აქტივისტები და პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და უფლებადამცველები, რომლებიც სწორედ უკრაინის მხარდაჭერისა და ომის შეწყვეტის შესახებ საჯაროდ გამოთქმული პოზიციის გამო დააპატიმრეს.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური მომხსენებლის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით რუსეთში არსებული პროპაგანდისტული რეჟიმის მიერ მიღებული ცვლილებების ფართო, ბუნდოვანმა და არაზუსტმა ფორმულირებამ გამოიწვია უკრაინაში ომის მოწინააღმდეგის თვითნებური დაპატიმრება და გამოხატვის თავისუფლებაში არალეგიტიმური ჩარევა. ალექსეი გორინოვი იყო პირველი, ვინც 2022 წლის ივლისში მის მიერ საჯარო უკრაინის მხარდაჭერის გამო გაასამართლეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რუსეთის ხელისუფლებამ გასულ წელს სულ მცირე 38 სისხლის სამართლის საქმეში ცნო დამნაშავედ ჟურნალისტები, რომლებსაც ბრალი ედებოდათ „ყალბი ამბებისა“ „ჯარის დისკრედიტაცია“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში.

საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში მითითებულია, რომ რუსეთის ფედერაციაში პრაქტიკულად შეუძლებელია ადამიანის უფლებათა მასშტაბების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, რადგან რუსეთის ხელისუფლებამ ფაქტობრივად აკრძალა, როგორც აქტივისტების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა. ამიტომ ბევრი ფაქტი, რომელიც ადამიანების წამებას, ძალადობას უკავშირდება უხილავი რჩება.

ამდენად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიუთითებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შეფასებები, რომლებიც უსაფუძვლოდ აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციაში არ ფიქსირდება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები, ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და უფრო მეტად რუსეთის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკურ ლოიალობაზე მიანიშნებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ნიშნების გათვალისწინებით, მიგრაციის დეპარტამენტის მხრიდან ამგვარი დასაბუთებისა და მიდგომების გამოყენება სიმპტომატურად აჩვენებს მმართველობის საშუალო რგოლებშიც პოლიტიკის ცვლილებას და შემაშფოთებელია. ჩვენი აზრით, ასეთი მიდგომები არღვევს დევნილი აქტივისტების უფლებებს და უსპობს მათ საქართველოში სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტიებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს

შსს მიგრაციის დეპარტამენტს

დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები და გადაწყვეტილებები მოიყვანოს უფლებების დაცვის სულისკვეთებასთან შესაბამისობაში.

საქართველოს სახალხო დამცველს

საგანგებოდ შეისწავლოს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებები და საქართველოში მყოფი უფლებადამცველების მდგომარეობა, და მიიღოს შესაბამისი ზომები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“