[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე სარჩელი სასამართლოში გაიგზავნა

ფოტო: ნეტგაზეთი

2017 წლის 10 ივნისს  ა(ა)იპ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა, მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა. მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავენ. სარჩელის ძირითად მოთხოვნას მუსლიმი თემის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული უარყოფითი გადაწყვეტილებების[1] ბათილად ცნობა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმართ სასამართლოს მიერ მეჩეთის მშენებლობის  ნებართვის გაცემის დავალება და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, 2017 წლის 5 მაისის ბრძანებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერმაკოვმა ა(ა)იპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს“, რომელიც ქ. ბათუმში მუსლიმი თემის შემოწირულობების შედეგად, განვადებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიღებას ითხოვდა, მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე) უარი განუცხადა. მერიის სადავო გადაწყვეტილებაში მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემის თაობაზე ძირითადად ორი არგუმენტია გამოყენებული: 1.სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 6-ში (სზ-6), რომელიც არის მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა და მისი განაშენიანების დომინირებულ სახეობას წარმოადგენს საცხოვრებელი სახლები. მერიის მტკიცებით, საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული კვარტლის მყარად ჩამოყალიბებული განაშენიანება არ უნდა შეიცვალოს და მისი სამომავლო განვითარება უნდა გაგრძელდეს იმ ზონაში არსებული დომინირებული სახეობის - საცხოვრებელი სახლების მშენებლობით; 2. საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა გადაადგილების, ავტოტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერების და სხვა თვალსაზრისით, რომლის მოწყობის შესაძლებლობა მითითებულ მიწის ნაკვეთზე რთულია.

 მოსარჩელე მხარის შეფასებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან გამოყენებული არგუმენტები მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა. კერძოდ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ საცხოვრებელ ზონაში საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხზე დისკრეციული უფლებამოსილება[2] კანონის მოთხოვნების დარღვევით გამოიყენა და ქალაქში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ მწვავე სოციალურ საჭიროებას მხოლოდ ქალაქგანვითარების აბსტრაქტული ინტერესი დაუპირისპირა, რითიც მოცემულ შემთხვევაში რელიგიის თავისუფლების დაცვის აღმატებული საჯარო ინტერესი სრულად უგულებელყო.

მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6) წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები, მითითებულ ზონაში ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა.[3]  აღსანიშნავია, რომ სწორედ მითითებული დათქმის შესაბამისად, კანონმდებლობის თანახმად, ქ.ბათუმის ტერიტორიაზე საცხოვრებელ ზონა 6-ში დაშვებულია „საეკლესიო ობიექტების“ მშენებლობა. “საეკლესიო ობიექტი” უნდა განიმარტოს არადისკრიმინაციულად და ნეიტრალურად, რომელიც ეკლესიის გარდა, სხვა სახის საკულტო ნაგებობებსაც მოიაზრებს. თავის მხრივ კი, ასეთი დანიშნულების ობიექტის მშენებლობისთვის საჭიროა სპეციალური ზონალური შეთანხმების მიღება.[4] სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას კი, დასახლებათა   ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის წარდგინების საფუძველზე, იღებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.[5]  აღსანიშნავია, რომ კომისია არის საკონსულტაციო ორგანო, მისი გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები პირისათვის აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი.[6] შესაბამისად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, საცხოვრებელ ზონა 6-ში აშენდეს საკულტო ნაგებობა, უშუალოდ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ხდება.

ამასთან, მოსარჩელე მხარე უთითებს სადავო გადაწყვეტილების დისკრიმინაციულ ხასიათზე და სასამართლოს მხრიდან რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენასა და აღმოფხვრას მოითხოვს. ამ კუთხით, მოსარჩელე მხარე მოუწოდებს სასამართლოს, მხედველობაში მიიღოს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული ზოგადი პოლიტიკური კონტექსტი. მათ შორის, გასათვალისწინებელია საკულტო ხასიათის შენობა-ნაგებობის გახსნასა და მშენებლობასთან დაკავშირებით მუსლიმი თემის მიმართ ბოლო წლებში გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობის, დევნისა და სახელმწიფოს არასეკულარული და დისკრიმინაციული პოლიტიკის პრობლემაც. ამასთან,  იმ პირობებში, როდესაც ქალაქ ბათუმში, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს, არა ერთი საეკლესიო ნაგებობაა აშენებული და ზოგიერთ შემთხვევაში მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთი მართლმადიდებელ ეკლესიას სწორედ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადასცა, სახელმწიფოს მიერ მუსლიმ თემისთვის საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის სამართლებრივი შესაძლებლობის შეზღუდვა, რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციას წარმოადგენს.

სამართლებრივი დავის პარალელურად, მუსლიმი თემი შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშვიდობიან შეკრებასა და რელიგიურ და სოციალურ მსახურებას აგრძელებს. ღია სივრცეში ლოცვას ასობით მუსლიმი რეგულარულად უერთდება და ამ გზით მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესს.

TDI დაEMC იმედოვნებენ, რომ ეროვნული სამართლის სისტემაში შესაძლებელი გახდება მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების აღდგენა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას. სხვა შემთხვევაში, დაიგეგმება საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება, მათ შორის, დავის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმართვა. საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ორგანიზაციები საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიან ინფორმაციას საქმის მიმდინარეობის შესახებ.

განცხადება მომზადებულია პროექტის „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერება დისკრიმინირებული რელიგიური თემებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).” პროექტი  ხორციელდება ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] „EMC-ის შეფასება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე მერიის უართან დაკავშირებით“ https://emc.org.ge/2017/05/11/emc-mosque/

„TDI ბათუმისა და მოხეს მეჩეთების საკითხს ეხმაურება“ http://www.tdi.ge/ge/statement/tdi-batumisa-da-moxes-mechetebis-sakitxs-exmaureba

[2] საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად „დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება;“ ხოლო, მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

[3] „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის15 იანვრის N59-ე დადგენილების მე-12 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი

[4] ქ.  ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის N14 სექტემბრის N50 დადგენილება  „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი

[5]     2012 წლის 14 სექტემბრის ქ. ბათუმის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი

[6] 2012 წლის 14 სექტემბრის ქ. ბათუმის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“