[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები მშვიდობიანი აქციის - ,,არა პანორამას“ დროს დაკავებული და დაჯარიმებული პირების საქმეზე განცხადებას ავრცელებენ

2015 წლის 19 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საკრებულოს შენობასთან მიმდინარე აქციის - ,,არა პანორამას“ დროს დაკავებული 10 პირის საქმეზე, რომელთა ინტერესებსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

პოლიციელების მიერ რვა დაკავებულის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), ხოლო 2 დაკავებულის მიმართ 166-ე მუხლთან ერთად, ოქმის შედგენა განხორციელდა 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3 პირის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება სამართალდარღვევის ფაქტის არ არსებობის გამო, ხოლო 7 პირის ქმედება შეფასდა წვრილმან ხულიგნობად და დაეკისრათ ჯარიმის გადახდა 100 ლარის ოდენობით. სასამართლომ წვრილმან ხულინგნობად შეაფასა აქციის დროს გამოყენებული წარწერა, რომლითაც პროექტი პანორამა სასქესო ორგანოსთან იყო შედარებული.

ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სასამართლომ ვერ შეძლო დაკავებული პირების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული გაუმართლებელი ჩარევის სათანადოდ შეფასება. ამგვარად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდა ის, რასაც საქართველოს კონსტიტუცია და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი“ სიტყვის თავისუფლებად მიიჩნევს. მოცემული გადაწყვეტილებით, კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტი, რომელიც მათ შორის საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკითაც მკვიდრდებოდა, ძალიან დაბლა დაეცა.

აქვე ავღნიშნავთ, რომ შესაძლოა აქციის მონაწილეთა მიერ გამოყენებული კონკრეტული სიტყვა მართლაც მიუღებელი იყოს საზოგადოების ან მისი გარკვეული ნაწილისათვის, თუმცა, გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც გულგრილად ხვდებიან ან ნეიტრალურად მიიჩნევენ სხვა ადანიანები, არამედ ასევე იმ იდეასა და ინფორმაციასაც, რასაც საზოგადოება ან მისი გარკვეული ნაწილი შეურაცხმყოფლად, ამაღელვებლად ან შოკისმომგვრელადაც კი მიიჩნევს. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობის და აზრთა მრავალფეროვნების მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ).

დემოკრატიულ საზოგადოებაში, სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ჩაატაროს საჯარო სივრცეში გამოთქმული აზრებისა და სიტყვების (ფრაზების) წმენდა იმ მიზნით, რომ მხოლოდ გემოვნებიანი ან საზოგადოებისათვის მისაღები გამონათქვამები იყოს გაჟღერებული, ვინაიდან, ის, რაც ერთი ადამიანისათვის შეიძლება ვულგარული იყოს, სხვისთვის შესაძლოა ჩვეულებრივ გამონათქვამს წარმოადგენდეს. ამ ორს შორის პრინციპული განსხვავების დადგენა წარმოადგენს თითოეული ადამიანის პირადი გემოვნებისა და სტილის საქმეს და არა სახელმწიფოსა და მისი მოხელეების კომპეტენციის სფეროს.

(იხ, მაგალითად, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე კოენი კალიფორნიის წინააღმდეგ https://www.law.cornell.edu/supremecourt/text/403/15#writing-USSC_CR_0403_0015_ZO. )

ამასთან, ძალზედ მნიშვნელოვანია, სწორად შეფასდეს კონტექსტი, რომელიც თან ახლდა სადავო სიტყვის (ფრაზის) გამოყენებას. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს უხამსობის რეგულირების უფლებამოსილება, თუმცა, ამავე კანონის პირველი მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, უხამსობა, ეს არის განცხადება, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული გამოხატვა გაკეთებული იყო მშვიდობიანი აქციის პირობებში, რომელიც აპროტესტებდა სახელმწიფოს მოქმედებას, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და ათასობით თბილისის მაცხოვრებლის მიმართვის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებებმა პროექტის მშენებლობის ნებართვა გასცეს ფარულად, დაინტერესებული პირების ჩართულობისა გარეშე), და თავად პანორამას პროექტის მშენებლობას წარმოდგენილ ადგილას, რაც არაერთ დღემდე პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს ქალაქის იერსახის შენარჩუნებასთან მიმართებაში (მათ შორის, ეკოლოგიური, კულტურული, სატრანსპორტო მიმართულებებით.) https://gyla.ge/geo/news?info=2573 შესაბამისად, სადავო გამოხატვა გამოყენებული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემასთან დაკავშირებით და მიზნად ისახავდა ზემოაღნიშნული მწვავე პრობლემებისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რაც ვერ ჩაითვლება უხამსობად და მოქალაქეთა დასჯის კანონიერ საფუძვლად.

გადაწყვეტილების ანალიზი აჩვენებს, რომ სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა განსახილველი გამოხატვის პოლიტიკური ღირებულება და ის შეკრების მონაწილეების პროტესტის შინაარსისა და კონტექსტის გარეშე, ფრაგმენტულად განიხილა. ამასთან, გადაწყვეტილებაში სასამართლომ არ იმსჯელა იმ კონკრეტულ ადრესატ პირზე, რომლის პატივი და ღირსება შეიძლება შელახულიყო მსგავსი გამოხატვით. საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მსგავსი სუბიექტი არც არსებობდა, რადგან პროტესტი კონკრეტული პროექტის და არა ადამიანის მიმართ იყო. შესაბამისად, უხამსობის შეზღუდვის ლეგიტიმური ინტერესი, რომელიც პირებს შორის შესაძლო ძალადობრივი ქმედების პრევენციაა, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს.

გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვების დაწესება და სახელმწიფოს მიერ ზნეობრივი, მორალური კატეგორიების შეფასებაში შესვლა ეწინააღმდეგება პლურალისტური და თავისუფალი საჯარო სივრცის იდეას და რეპრესიული სახელმწიფო აპარატის გამოყენებით კონკრეტული იდეოოლოგიური თუ ეთიკური დისკურსის გაბატონების საფრთხეებს ქმნის. მსგავსმა მიდგომამ შეიძლება გამყინავი ეფექტი შეიძლება იქონიოს მომავალში გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე სხვა ჯგუფების მიმართ.

მიგვაჩნია, რომ ამგვარი პრეცედენტი საფრთხეს უქმნის არამხოლოდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებას სახელმწიფოს მხრიდან.

მოვუწოდებთ ხელისუფლების სამივე შტოს და მის თითოეულ წარმომადგენელს, შეასრულონ კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებები და არამხოლოდ პატივი სცენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ გააკეთონ ყველაფერი მათი კომპეტენციის ფარგლებში, რათა ხელი შეუწყონ აღნიშნული უფლებების პრაქტიკაში რეალიზაციასა და მათ დაცვას არასათანადო ჩარევებისაგან.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

იდენტობა

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

მწვანე ალტერნატივა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“