[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / მედია

როცა სამართალდამცველი სამართალდამრღვევია

რამდენიმე კვირის წინ პოლიციის განყოფილებაში ადვოკატ გიორგი მდინარაძეს სცემეს. ამ შემთხვევამდეც და მის შემდეგაც მედია სხვადასხვა რეგიონში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტების შესახებ საუბრობდა. მდინარაძის შემთხვევის მსგავსად სხვა საქმეებში დაზარალებულებიც არაერთგზის უთითებენ უკანონო ქმედებებში პოლიციის მაღალი თანამდებობის პირების (პოლიციის უფროსების) მონაწილეობის შესახებ.

გამოცდილება აჩვენებს, რომ იქ, სადაც მედია, საზოგადოება და აქტიური ჯგუფები მობილიზებას ახერხებენ, სისტემა იძულებული ხდება, რეაგირება მოახდინოს და უარი თქვას საკუთარი ღირსების დაცვის პრაქტიკაზე. თუმცა გამოცდილება იმასაც აჩვენებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, დაზარალებულები საკმარის ყურადღებას და საზოგადოების მხარდაჭერას ვერ იღებენ. უფრო მძიმე შემთხვევებში კი ძალაუფლებრივი სტრუქტურები ახერხებენ თავად დაზარალებულების მარგინალიზებასა და სოლიდარობის ამ ფორმით შესუსტებას.

დანაშაულის გამოძიების სისტემა იმგვარადაა მოწყობილი, რომ ის სრულად აკმაყოფილებს სამართალდამცავი ორგანოების ინტერესებს. მარტივად მართვადი, მანიპულირებადი და კონტროლირებადია.

დანაშაულის გამოძიების კომპეტენციით ხუთი უწყება სარგებლობს და მათ შორის საგამოძიებო საქმეების ქვემდებარეობის საკითხი იუსტიციის მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული. ბრძანების მიხედვით, პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეები პროკურატურას ექვემდებარება. თუმცა:

1. კანონის მიხედვით, მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადაუხვიოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ქვემდებარეობის წესებს და სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად ერთი საგამოძიებო ორგანოდან სხვა საგამოძიებო ორგანოს გადასცეს. ამ პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს ქვემდებარეობის წესების დადგენა და იქმნება ინტერესთა კონფლიქტის რეალური საფრთხე, თუ პროკურორი გადაწყვეტს, რომ საქმე გამოსაძიებლად შეიძლება გადაეცეს იმავე უწყებას, რომლის თანამშრომელმაც სავარაუდოდ ჩაიდინა დანაშაული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ წერილში ადასტურებს, რომ საკუთარი თანამშრომლის მიმართ გამოძიებას ცალკეულ შემთხვევებში აწარმოებდა (სამინისტრო არ უთითებს სტატისტიკას), როდესაც მას საქმე გამოსაძიებლად გადაეცა მთავარი პროკურორის, ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით;

2. პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების კომპეტენცია აქვს შსს-ის გენერალურ ინსპექციასაც. გენერალური ინსპექცია სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის ფორმით არსებობს და ის სრულად ექვემდებარება მინისტრს. გენერალური ინსპექცია კომპლექტდება მინისტრის მიერ და მის წინაშე ანგარიშვალდებული რჩება. ამდენად, მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლად საქმის შესწავლის მოლოდინი უკიდურესად მცირეა.

მიუხედავად ამისა, შსს-ის ოფიციალური წერილი მიუთითებს, რომ გენერალური ინსპექციის  წარმოებაში ამჟამადაც არის სისხლის სამართლის ოთხი საქმე, რომელიც სამინისტროს ექვს თანამშრომელს შეეხება (სამინისტრო არ უთითებს მათ სტატუსს/თანამდებობას). დანაშაული ეხება ქურდობას ჯგუფურად და დიდი ოდენობით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას და ქრთამის აღებას.

3. პროკურატურის რეფორმის პირობებშიც კი, პროკურატურის სისტემა მთავრობასთან შეზრდილი რჩება. მთავარი პროკურორის კანდიდატურა ერთპიროვნულად იუსტიციის მინისტრის მიერ სახელდება და პარლამენტის უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერით მტკიცდება. იუსტიციის მინისტრი თავმჯდომარეობს ახლადშექმნილ საპროკურორო საბჭოს, რომლის სხდომებიც იუსტიციის სამინისტროში ტარდება. ამდენად, პროკურატურა ვერ ჩაითვლება საკმარისი ავტონომიის მქონე დამოუკიდებელ ორგანოდ, რომელიც თავისუფალია გავლენებისა და ინტერსთა კონფლიქტისგან.

4. სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გასცემს ინფორმაციას, გასული წლების განმავლობაში, შსს-ის თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების საერთო რაოდენობის და თანამშრომლებისთვის ბრალის წაყენების სტატისტიკის შესახებ. სამინისტრო მიუთითებს, რომ მსგავს საქმეებზე გამოძიებასა და დევნას პროკურატურა ახორციელებს.

პროკურატურის ოფიციალური პასუხის მიხედვით კი, ისინი არ აღრიცხავენ ინფორმაციას დანაშაულის ჩამდენი პირების თანამდებობების მიხედვით. გამოდის, რომ ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც აღწერს პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულების, წარმოებული გამოძიების, ბრალის წაყენების რაოდენობას.

ადვოკატის ცემის ფაქტმა კიდევ ერთხელ დასვა საკითხი: რამდენად ლეგიტიმურია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება მოქმედ, სტანდარტულ საგამოძიებო ფორმატსა და სტრუქტურებში?

საგამოძიებო სისტემის ხარვეზები, ინტერსთა კონფლიქტის უხეში ფორმები, საგამოძიებო და პროკურატურის ორგანოებს შორის მჭიდრო და კოლეგიური ურთიერთობის გამოცდილება და პროკურატურის არასათანადო დისტანცირება მთავრობისგან საკმარისია დასკვნის გასაკეთებლად - დაუსჯელობის პრობლემასთან გამკლავება ტრადიციული საგამოძიებო და დევნის ორგანოების მეშვეობით პრაქტიკულად შეუძლებელია. საჭიროა, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან სრულად დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ინსტიტუტის შექმნა, რომელსაც ექნება იურისდიქცია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასა და დევნაზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“