[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / მედია

რატომ უწოდებს გახარია დარბევაზე დასმულ კითხვებს „ემოციურს“

წყარო:

ნეტგაზეთი

Media Cover Image

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 20-21 ივნისის დარბევასა და დაშავებულებზე ტვ “პირველზე” 11 ივლისს გასულ საათნახევრიან ინტერვიუში წამყვანის კითხვებსა და კრიტიკას 8-ჯერ უწოდა „ემოციური“, ხოლო საკითხის მიმართ თავისი პოზიცია „რაციონალურად“ წარმოაჩინა – თქვა, რომ ძალის გამოყენება ლეგიტიმური და პროპორციული იყო.

აქციის დაშლასა და შემდეგ განვითარებულ პროცესებზე დასმული რელევანტური კითხვების მხოლოდ „ემოციურად“ მონათვლა  ემსახურება სახელმწიფოს კრიტიკის დელეგიტიმაციასა და ყურადღების გადატანას, — ეუბნებიან ნეტგაზეთს უფლებადამცველები, რომლებიც აქციებს თვალს ადევნებდნენ.

„ემოციური“ თუ პირიქით, რაციონალური?

„მესმის თქვენი ემოციური პათოსი“, „ბევრი ემოცია გამოთქვით“, „როდესაც თქვენ მე ამაზე მესაუბრებით ემოციურად, მესმის“, „თქვენ ხართ ჟურნალისტი და გაქვთ ვალდებულება, იყოთ ემოციური. მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი“… — ასე პასუხობდა 11 ივლისს ტვ პირველზე ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ მინისტრი გახარია, როდესაც წამყვანი უსვამდა კითხვებს ძალის გადამეტებაზე, ადამიანებისთვის თვალების დათხრასა და სხვა დაზიანებების მიყენებაზე.

არადა, გაჩენილი კითხვები და დისკუსია 20-21 ივნისის მოვლენებზე „რაციონალური და მყარია“, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში სოფო ვერძეული, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი.

„ბუნებრივია, ეს თემა არის ემოციური იმ შედეგების გამო, რაც მოჰყვა, და ძალიან მძიმეა ადამიანური ტრაგედიები, მაგრამ მთლიანად 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების ძალიან კონკრეტული სამართლებრივი და ინსტიტუციური პრობლემები იკვეთება პოლიციის მუშაობასა და შსს-ს გადაწყვეტილებებში“, — ამბობს ვერძეული. მაგალითად:

  • „აქციის დაშლის წინ პოლიციას აქციის მონაწილეები ადგილზე არ გაუფრთხილებია”
  • „აქციის დაშლის პროცესში პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა“;
  • „მთელი ღამის განმავლობაში ადამიანებს აკავებდნენ თვითნებურად და უსაფუძვლოდ;
  • „ზოგიერთ შემთხვევაში დაკავებულების მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენეს“;

ამასთან, ვერძეულის მოსაზრებით, დარბევისას ბევრი მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშავება ნიშნავს იმას, რომ პოლიციამ საპოლიციო ძალა და საშუალებების პროპორციულად გამოყენება ვერ მოახერხა.

„ზოგიერთ შემთხვევაში ვხედავდით, რომ ყოველგვარი პროტოკოლისა და წესის დარღვევით ძალიან მოკლე დისტანციიდან, თავის და სახის არეში დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს ტყვიებს”, – ამბობს სოფო ვერძეული ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

„ეს არის დოკუმენტირებული და გაანალიზებული შემთხვევები. ამიტომ, ემოციებთან ერთად, ძლიერ სამართლებრივი არგუმენტები აქვს იმ ხალხს, რომელიც დღეს ფიქრობს, რომ მომხდარი შემთხვევების სიმძიმის გათვალისწინებით, საჭიროა, ამაზე პოლიტიკური პსაუხისმგებლობა სწორედ მინისტრმა აიღოს“, — უთხრა სოფო ვერძეულმა „ნეტგაზეთს“.

„სიმძიმის ცენტრების გადატანა“

ამ მოსაზრებას იზიარებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საიას) ხელმძღვანელი სულხან სალაძე. მისი თქმით, „ხელისუფლება პერიოდულად ცდილობს სიმძიმის ცენტრების გადატანას, თემის შეცვლას, დისკუსიის სხვა მიმართულებით განვითარებას, თუმცა სინამდვილეში იმ კითხვებს, რაც არსებობს, აუცილებლად უნდა გასცენ პასუხი — და არამხოლოდ სატელევიზიო ეთერით უნდა დააფიქსირონ მოსაზრებები“.

„როდესაც გვეუბნებიან, რომ იქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მარტივი კითხვა დავსვათ: „როგორ დაზიანდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი“? მარტივი კითხვაა. აქ არც რაციონალურ, ემოციურ თუ სხვა ფონზე არ ვლაპარაკობთ. აქ ვლაპარაკობთ კონკრეტულად კითხვაზე, რომელზეც პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია“, — ამბობს სალაძე.

აქციის დარბევისას, ჟურნალისტების გარდა, ასობით დემონსტრანტი დაშავდა. იმ ღამეს დაშავდა 80-მდე პოლიციელიც. „თუ იქ პრობლემები არ იყო, ამდენი დაზარალებული როგორ გვყავს, როგორც ერთ [დემონსტრანტების], ასევე მეორე [პოლიციის] მხარეს? არიან ადამიანები, რომლებიც შემთხვევით იყვნენ იქ და ფიზიკური დაზიანებები მიიღეს; უამრავი შემთხვევა გვაქვს ნანახი დამიზნებით ნასროლი რეზინის ტყვიებისა“, — გვეუბნება საიას წარმომადგენელი და ამბობს, რომ ამ ყველაფრის ახსნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მინისტრი გიორგი გახარიას მხრიდან.

იმავე ინტერვიუში გიორგი გახარიამ თქვა, რომ ახლა გადადგომა „პასუხისმგებლობისგან“ გაქცევა იქნებოდა და არა პასუხისმგებლობის აღება, ამიტომაც რჩება პოსტზე. სულხან სალაძე ამბობს:

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ მინისტრი იმიტომ უნდა დარჩეს პოზიციაზე, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული, მინდა ვუთხრა, რომ მინისტრი კი არ უნდა იძლეოდეს გამოძიების გარანტიას, არამედ კანონი უნდა იყოს ამის გარანტი და პოლიტიკური ნება, რომ საქმე იყოს გამოძიებული“.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სალაძეც გვეუნება: „ის კითხვები, რაც ისმის 20 ივნისიდან მოყოლებული, რაციონალური კითხვებია და მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის ინტერესი შეიძლება იყოს, რომ ამ კითხვებს დააბრალოს, თითქოს ის არარაციონალურია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ამ ტიპის განცხადებები მხოლოდ ავნებს ხელისუფლებას საბოლოო ანგარიშში. დღეს-ხვალ, შესაძლოა, [კრიზისი] გადააგორონ, მაგრამ შერეულ პერსპექტივაში კიდევ უფრო ბევრი პრობლემა გამოჩნდება“.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“