საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
18მაი
2023 წლის 18 მაისს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის მოსახლეობას იურიდიული დახმარების მობილური კლინიკის ფარგლებში სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს. აღსანიშანავია, რომ სოფლის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აჭარელი ეკომიგრანტები შეადგენენ.
მოსახლეობამ ჩვენთან შეხვედრისას მათი სოფლის წინაშე არსებულ ძირითად პრობლემად დაასახელა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების სიმცირე. იმ ფონზე, როცა სოფლის მოსახლეობის უმეტესობა თავს მხოლოდ მიწათმოქმედებით და მესაქონლეობით ირჩენს მათ საკუთრებაში არსებული 1 ჰა მიწა მეურნეობის განსავითარებლად საკამრისი არ არის. მოსახლეობის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გუმბათი არის მაღალმთიანის რეგიონის სტატუსის მქონე სოფელი, ისინი ვერ სარგებლობენ ამ სტატუსის შესაბამისად მიწის ნაკვეთების მიღების ბენეფიტებით. მათი შეფასებით, სოფელში არის საკმარისი მიწები, თუმცა მათი არაერთი მიმართვის მიუხედავად, ქონების მართვის სააგენტო უარს ამბობს იჯარით გაცემაზე.
მოსახლეობამ ჩვენთან შეხვედრისას, ასევე მნიშვნელოვან პრობლემად დაასახელა, მათ მფლობელობაში არსებული სახლების რეგისტრაცია. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ სოფელ გუმბათში მათი ჩასახლება სახელმწიფომ 1998 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო, თუმცა უმეტესობას ამ დრომდე არც ეკომიგრანტის სტატუსი გააჩნია და არც სახლები გადაცემიათ საკუთრებაში. სახლები, სადაც აჭარელი ეკომიგრანტები ცხოვრობენ წარმოადგენს სოფელში ადრე მცხოვრები ეთნიკური ბერძენი მოსახლეობის საკუთრებას, რის გამოც საჯარო რეესტრი თავდაპირველი მესაკუთრის თანხმობის გარეშე უარს აცხადებს რეგისტრაციაზე.
შეხვედრის ბოლოს მოსახლეობამ ისაუბრა სოფელში არსებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე. მათი განმარტებით, სოფელში არ არის საბავშვო ბაღი , მშობლებს კერძო ტრანსპორტით დაჰყავთ ბავშვები მეზობელი სოფლის ბაღში. ხოლო სოფელში არსებული სკოლა ყოფილი მეურნეობის შენობაშია განთავსებული და ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. აგრეთვე, სოფელში არ არის წყალი სახლებამდე მიყვანილი და ზამთარში მდინარის წყლის გაყინვის გამო სასმელი წყლის გარეშე რჩება.
სოფელში პრობლემას წარმოადგენს ტრანსპორტი, დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი ტრანსპორტი დადის ცენტრამდე და ვინაიდან სოფელში არ არის სამედიცინო პუნქტი, ან აფთიაქი, საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სერვისებთან წვდომა მნიშვნელოვნად ურთულდება.
მითითებულ პრობლემებზე მოსახლეობას გაეწია შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაცია და იდენტიფიცირებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია აგრეთვე მიეწოდება ადგილობრი მუნიციპალიტეტს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი კვლავ აგრძელებს სამართლებრივი დახმარების შეხვედრების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვან ქალაქებსა და სოფლებში.
შეხვედრები ტარდება პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
ინსტრუქცია