[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

სოლიდარობის პლატფორის ვიზიტი ზინობიანში

14ნოე

Cover image

14 ნოემბერს სოლიდარობის პლატფორმის წევრები ყვარლს მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს უდიური თემი ცხოვრობს.

უდიები კავკასიის ალბანელების შთამომავლები არიან და მრავალსაუკუნოვანი ისტორიას და კულტურას ატარებენ. საქართველოს უდიური თემი ზინობიანში 1920-იანი წლებიდან ცხოვრობს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ზინობიანში 200-მდე ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას ტრადიციული ქართული დაბოლოებით გვარები აქვს, სოფელში ხშირია შერეული ქორწინებები. საქართველოს უდიები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან და სოფელში ახლად აშენებული ეკლესიაც აქვთ.  

სოფლის სკოლაში კვირაში ერთი საათით ისწავლება უდიური ენა. სოფელში არ არის ეთნომუზეუმი, რომელიც საქართველოს უდიების ისტორიას, ყოფასა და კულტურას ასახავდა.

მოსახლეობის თქმით, სოფელში ბაზისური ინფრასტრუქტურა სუსტად არის განვითარებული. სოფელში მოშლილია სასმელი წყლის სისტემა და მოსახლეობას მხოლოდ ტექნიკური წყალი და ისიც გრაფიკით მიეწოდება. პრობლემურია სოფლის შიდა გზებიც. სოფლის საძოვრები და ზინობიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია გასხვისებულია კერძო პირზე, რაც  სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადგილობრივებს დიდ სირთულეებს უქმნის.

ზინობიანი სოფელი ჭიკაანის ადმინისტრაციულ ერთეულთან არის მიერთებული და სოფელს არ ჰყავს საკუთარი  წარმომადგენელი  ადგილობრივ თვითმმართველობაში, რაც ართულებს ამ ჯგუფის სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვის პოლიტიკას.  

ბოლო პერიოდში, უდიური თემის ახალგაზრდებმა დაიწყეს თვითორგანიზება და სოფელში მისი დამფუძნებლის ზინო სილიკაშვილის სკულპტურა გახსნეს. ახალგაზრდები ამ ეტაპზე სოფელში სათემო ცენტრის, ბიბლიოთეკისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის გახსნაზე ფიქრობენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ადგილობრივმა თვითმმართველობამ და სახელმწიფო უწყებებმა ხელი შეუწყონ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“