[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ დიოკნისსა და დაშთაფაშის მოსახლეობასთან

16თებ

Cover image

16 თებერვალს EMC-ის თანამშრომლები ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ დიოკნისსა და დაშთაფაში იმყოფებოდნენ მოსახლეობის პრობლემებისა და ადგილზე არსებული სიტუაციის შესასწავლად.
 
უკვე რამდენიმე დღეა სოფელ ადგილობრივი დაშთაფაში გლეხების უკმაყოფილება ისმის. ისინი ორგანიზებულები არიან და სახელმწიფოსგან მათი სოფლის შემოგარენში მდებარე სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთით სარგებლობისთვის სათანადო პირობების შექმნას მოითხოვენ. სოფელს სარწყავი წყალი შეფერხებით მიეწოდება, რადგან წყალი მათ საკმაოდ შორი დისტანციიდან მიეწოდება და სანამ მათ სოფლამდე მოაღწევს, მიმდებარე სოფლების მოსახლეობა იყენებს იმავე არხის წყალს. შესაბამისად, დაშთფაკაში უკვე ძალიან მცირე რაოდენობით წყალი აღწევს, რაც მათ ურთულებს მიწის სამუშაოებს. ეს კი ამ სოფლის მაცხოვრებლებისთვის ცხოვრებისა და შემოსავლის მიღების ერთადერთი წყაროა. რადგან ადგილობრივებს არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსები, რომ მთლიანად საკუთარი ძალებით მოახერხოს საირეგაციო სისტემის მოწყობა, მოსახლეობა ითხოვს, სახელმწიფომ აღმოუჩინოს დახმარება მათ სოფლის მეურნეობის საქმიანობაში და გამოყოს თანხები წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად ისე, რომ მათ შეძლონ მიწის სათანადო დამუშავება და მოსავლის მოყვანა.
 
უკვე რამდენიმე კვირაა სოფელი ახალი დიოკნისის მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი სოფლის მიმდებარედ მდებარე მნიშვნელოვანი მიწის ნაკვეთის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრების მიერ საკუთრებაში რეგისტრაციაა. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, ეს მიწის ნაკვეთი წლების განმავლობაში კოლექტიურ სარგებლობაში იყო, სოფლის მაცხოვრებლების მას შეთანხმებულად იყენებდნენ საძოვრად და ამ ნაკვეთის ერთი პირის მიერ რეგისტრაცია მათი თქმით, უკანონო გადაწყვეტილების განცდასა და ნიშნებს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ სოფელ ახალ დიოკნისში 30 წელზე მეტია ცხოვრობს აჭარელი ეკომიგრანტების დაახლოებით 80 კომლი. ეკომიგრანტების უმეტესობას ამ დრომდე გაჭიანურებული აქვს საკარმიდამო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესიც კი. სახელმწიფომ ეკომიგრანტების ცხოვრებისა და განვითარების ბაზისური პირობებიც კი არ შეუქმნა და მათ სოფლებში არსებული მძიმე პირობები მათ თვითკმარი ეკონომიკური ურთიერთობების ორგანიზების შესაძლებლობასაც კი უკარგავს.    
 
როგორც ახალ დიოკნისში, ასევე დაშთაფაში მოსახლეობას აწუხებს შიდა გზების მოუწესრიგებლობის პრობლემა. ახალ დიოკნისში ერთადერთი მოასფალტებული გზა მხოლოდ ახლად აშენებულ სკოლამდე მიდის, დანარჩენ შემთხვევებში სოფლის გზა მოუწესრიგებელია, რაც ზამთარში გადაადგილების პრობლემას ქმნის. ამ სოფლებში ათწლეულებია არ ჩატარებულა სანიაღვრე არხების მომწესრიგებელი სამუშაოებიც და ასევე არ არის საბავშვო ბაღებიც, რაც ურთულებს შვილებზე სათანადო ზრუნვას მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს.
 
EMC აგრძელებს ამ პრობლემების შესახებ მოსახლეობის მხარდაჭერას და ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:
  • გაითვალისწინონ გლეხების სოციალური ინტერესი და მათი უფლება მიწაზე, როგორც ბაზისურ ბუნებრივ რესურსზე და დააკმაყოფილოს მათი ინტერესი ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო მიწებით სარგებლობაზე და სამართლებრივად მოაწესრიგოს ეს პროცესი;
  • ორივე სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების გადაჭრის მიზნით მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია შეხვდეს ადგილობრივ თემებს, რათა მათ მოისმინონ და უპასუხონ მათ საჭიროებებსა და პრობლემებს;
  • მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრები მიმართონ სოციალურ საჭიროებების გადამჭრელ და ცხოვრების ხარისხის გამაუმჯობესებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა მაგალითად საბავშვო ბაღი, შიდა გზების და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება და ამ პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინონ ადგილობრივების მოთხოვნები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“