[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ღონისძიებები

კონფერენცია „დემოკრატიული რეფორმები უსაფრთხოების სექტორში"

18ივნ

Cover image

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ (TI) ერთობლივ კონფერენციაზე კვლევის შედეგები წარადგინეს, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმას. კონფერენციაზე ხელისუფლების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და უსაფრთხოების სექტორის ექსპერტებთან ერთად, შეფასდა არსებული სამართლებრივი მოცემულობა და მსჯელობა წარიმართა იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რომელთა დროული რეფორმირება აუცილებელია, უსაფრთხოების სექტორის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გასაძლიერებლად.

EMC-ისა და TI-ს ერთობლივი კვლევის უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა საქართველოში შედეგები და გამოწვევები მიხედვით, შემდეგი ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები გამოიკვეთა:

  1. ძირითადი მიგნებები:
  • 2015 წლის რეფორმის შედეგად, ერთი ძლევამოსილი სამინისტროს დაშლით ორი სტრუქტურა ჩამოყალიბდა – ჭარბი ძალაუფლებით, დუბლირებული ფუნქციებითა და უფლებამოსილების გადაჭარბების მაღალი რისკებით. უსაფრთხოების სამსახურის მანდატი და უფლებამოსილებები არ არის ნათლად განსაზღვრული, რაც, მაღალი საიდუმლოებისა და სუსტი კონტროლის პირობებში, ამ სამსახურის რესურსების არამიზნობრივად გამოყენების საფრთხეს ჰქმნის;
  • საკანონმდებლო დონეზე სათანადოდ განსაზღვრული არ არის სუს-ის დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მყარი გარანტიები;
  • სამსახურის უფროსის დანიშვნის ანდა მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ ერთი -  მმართველი გუნდის პოლიტიკური ნებაც კი საკმარისია, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო ზრდის სისტემის პოლიტიზირების რისკებს;
  • პრობლემურია უსაფრთხოების სამსახურის ხელთ არსებული შემდეგი ინსტრუმენტები: საგამოძიებო, მათ შორის კორუფციული და თანასწორობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფუნქცია, სამართალდაცვითი და ძალის გამოყენების ფუნქციები, დროებითი მოთავსების იზოლატორის ფლობა, ფარული მიყურადების არსებული სისტემა, უსაფრთხოების ოფიცრის - ე.წ. „ოდეერის“ ინსტიტუტი;
  • უსაფრთხოების სამსახურზე განხორციელებული ზედამხედველობა არ არის  კომპლექსური და ამ პროცესში ეფექტურად და სიღრმისეულად არ არის ჩართული რამდენიმე აქტორი, მათ შორის პარლამენტი, სპეციალიზებული ორგანოები, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო, ასევე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები;
  • მთელ რიგ სფეროებში სუს-ის მიერ განხორციელებული  ღონისძიებები ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე წარიმართება;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბების დღიდან არ ჩატარებულა არც ერთი სახის აუდიტი;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტების ნაწილის დებულება, რომელიც წესით მხოლოდ ფუნქციების აღწერას უნდა შეიცავდეს საიდუმლოა;
  • საჯარო ინფორმაციის გაცემა არ ხდება ეროვნული უსაფრთხოებისა და ინფორმაციაზე უფლების შესახებ გლობალური პრინციპების შესაბამისად;
  • სუსტია უსაფრთხოების სამსახურის შიდა კონტროლის მექანიზმი. არ არსებობს სუს-ის გენერალური ინსპექციისთვის მოქალაქის მიმართვის ეფექტური მექანიზმი.
  1. ძირითადი რეკომენდაციები
  • უსაფრთხოების სამსახურსა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებს შორის კოორდინაციის გაძლიერების მიზნით, ასევე, უსაფრთხოების სამსახურზე პირდაპირი პოლიტიკური კონტროლისა და გავლენების პრევენციისთვის, სამსახურის საქმიანობაზე მეთვალყურეობა, ისევე როგორც საქმიანობის დაგეგმვა უნდა ხორციელდებოდეს ერთობლივად ხელისუფლების სხვადასხვა შტოსა და ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მეშვეობით;
  • უსაფრთხოების სამსახურის მიმართ გაცემულ სამთავრობო დირექტივებზე უნდა გავრცელდეს გარე, საპარლამენტო ზედამხედველობა;
  • აუცილებელია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დანიშვნის პროცესში საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერება და საპარლამენტო უმცირესობის უშუალო მონაწილეობის უზრუნველყოფა;
  • უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გათავისუფლება იმპიჩმენტის მექანიზმის სფეროში უნდა მოექცეს;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ უნდა სარგებლობდეს საგამოძიებო კომპეტენციით და მისი დანიშნულება არ უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, ან კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება;
  • უსაფრთხოების სამსახურს არ უნდა ჰქონდეს უშუალო სამართალდაცვითი ფუნქციები, რაც მოქალაქეებთან კონტაქტსა და საჯარო სივრცეში მათი უფლებების შეზღუდვას გულისხმობს;
  • კანონმდებლობით უნდა გაიწეროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობის პროცედურები სხვა/შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ უნდა იყოს უფლებამოსილი ფლობდეს და მართავდეს თავის დროებითი მოთავსების იზოლატორებს;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლება უნდა ჩამოერთვას ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს და უნდა გადაეცეს ინსტიტუციურად დამოუკიდებელ ორგანოს, რომელსაც ამ პროცესის მიმართ პროფესიული დაინტერესება არ გააჩნია;
  • სუს-ის მაკონტროლებელ პარლამენტის კომიტეტთან უნდა შეიქმნას ექსპერტთა საზედამხედველო მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც პერმანენტულ რეჟიმში გააკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პასუხისმგებელი იქნება პარლამენტის წინაშე;
  • სახალხო დამცველს უნდა მიენიჭოს უფლება, რომ მას საკუთარი ინიციატივით შეეძლოს სუს-ის საიდუმლო ნორმატიული აქტების ადამიანის უფლებების სტანდარტთან შესაბამისობის შედარება და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოახდინოს აუდიტორული საქმიანობის პრიორიტეტების იმგვარად ფორმირება, რომ შესაძლებელი გახდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფინანსური ზედამხედველობა;
  • უნდა გასაჯაროვდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტების საიდუმლო დებულებები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“