[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

EMC-ს პრესკონფერენცია მაჩალიკაშვილის საქმეზე

28იან

Cover image

28 იანვარს, 17:00 საათზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გამართა პრესკონფერენცია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზეც დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიება შეწყდა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო, თუმცა, მედიისთვის გაზიარებულ მასალაში უწყებამ ღიად მიუთითა, რომ ამ საქმეზე არსებობდა მტკიცებულებითი სტანდარტი ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მაჩალიკაშვილის მიერ მომსახურების გაწევის შესახებ.

 

პროკურატურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უნდა ითქვს, რომ გამოძიების დინამიკა და მასზე სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის აშკარა გავლენები, ჩვენ იმთავითვე გვიჩენდა ღრმა ეჭვს, რომ გამოძიების პროცესი ფორმალური, მორჩვენებითი და არაეფექტიანი იყო და ყოველგვარი ნდობა პროკურატურის გამოძიების მიმართ მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრებსა და მათ უფლებათა დამცველებს დაკარგული გვქონდა.

 

ამის მიუხედავად, ამ პერიოდში საქმეზე მიღებული ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან გამოძიების პროცესში ჩვენ, როგორც მაჩალიკაშვილების ოჯახის დამცველებს, არაერთი განცხადება გვქონდა დაყენებული სპეცრაზმის წევრებისა და სუს-ის სხვა თანამშრომლების გამოკითხვის შემდეგ იდენტიფიცირებული არაერთი არსებითი შეუსაბამობისა და უზუსტობის გამო. მათ შორის, რამდენიმე დღის წინ, 24 იანვარს დამოუკიდებელ ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ, EMC-მ გააგზავნა დასაბუთებული განცხადება პროკურატურაში, რომელშიც სადავოს ხდიდა სპეცრაზმელების ჩვენებების სანდოობას და შესაბამისობას (მათ შორის, თემირლანის მიერ საკუთარ ლოგინში თითქოსდა ხელყუმბარის ქონისა და გამოყენების, სპეცრაზმელების მიერ ხელყუმბარის გადაადგილების და განადგურების საკითხებთან დაკავშირებით) და მათ ხელახალ გამოკითხვასა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ვითხოვდით. აღნიშნული დასაბუთებული მიმართვების მიუხედავად, ჩვენთან ყოველგვარი წინასწარი კომუნიკაციის გარეშე, 1 დღეში, 25 იანვარს პროკურატურამ ამ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო და გამოძიება შეწყვიტა.

აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელი და თვითნებურია, რამდენადაც გამოძიებამ ვერ უპასუხა არაერთ მნიშვნელოვან გარემოებას რაც საქმეში სახელმწიფოს მხრიდან არსებით გადაცდომებზე მიუთითებდა.

სიმპტომატურია, რომ პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებულ ორივე საქმეზე გადაწყვეტილება თანადროულად გამოაქვეყნა, რითიც კიდევ ერთხელ გაამყარა ის პოლიტიკური ნარატივი, რომლითაც ის თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორისტად გამოცხადებას და მის მიმართ ძალის გამოყენების გამართლებას ცდილობს. პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილს იმთავითვე არ მიანიჭა ბრალდებულის სტატუსი და ამ გზით მას თავის დაცვის შესაძლებლობა იმთავითვე წაართვა. ამ პირობებში ხელისუფლება საინფორმაციო კამპანიებით პირდაპირ და არაპირდაპირ ცდილობდა თემირლან მაჩალიკაშვილის დეჰუმანიზებას და მის წინააღმდეგ ფრაგმენტული, კონტრავერსიული და არადამაჯერებლი მასალების გამოქვეყნებას. ოჯახის არა ერთი თხოვნის მიუხედავად კი პროკურატურამ აღნიშნული საქმის მასალებზე წვდომა არ მოგვცა.

იმ პირობებში, როდესაც საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ახორციელებს ზედამხედველობას და 31 მარტს საქართველოს მთავრობას საკუთარი პოზიციების გაგზავნა უწევს სასამართლოში, და ამასთან, მთავარი პროკურორი ჯერ კიდევ არ არის დანიშნული, სტრატეგიულ საქმეზე გადაწყვეტილების ამ პირობებში მიღება გაუგებარი ჩანს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება ბოლო თვეებში ხელისუფლების იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც არ აღიარებს და ღიად უგულებელყოფს იმ სოციალურ და პოლიტიკური უკმაყოფილებებს, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებობს, და ძალაუფლების დემონსტრირებით და ხისტი გადაწყვეტილებებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით EMC:

  1. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა, გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ფორმალურად გაასაჩივრებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
  2. მთავარ პროკუტუროს მოვოწოდებთ ოჯახთან საჯაროდ მიცემული დაპირების გათვალისწინებით, გაგვაცნოს თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის მასალები, რომ ჩვენ მისი შეფასებისა და საზოგადოების ინფორმირების შესაძლებლობა მოგვეცეს;
  3. გამოძიების შეწყვეტისა და მისი დასაბუთების შესახებ შეფასებას უახლოეს მომავალში წარადგენს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;
  4. პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრიტიკას EMC ასევე გაუზიარებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს.

ამასთან, EMC მოუწოდებს სახალხო დამცველს შეისწავლოს მიღებული გადაწყვეტილება და საჯაროდ შეაფასოს პროკურატურის გადაწყვეტილება.

უახლოეს მომავალში, საქმის დამატებითი მასალების გაცნობის შემდეგ EMC დასაბუთებულ სამართლებრივ შეფასებას გამოაქვეყნებს საქმეზე.

EMC მხნეობას უსურვებს მაჩალიკაშვილების ოჯახს და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ამ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების იმედს გამოხატავს.

 

საქმესთან დაკავშირებით არსებული მნიშვნელოვანი შეკითხვები და გარემოებები, რაც გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და უკანონობაზე მიუთითებს:

  1. სპეცოპერაციის დაგეგმვა სუს-ის მიერ სათანადო მომზადებისა და პრევენციული ზომების მიღების გარეშე მოხდა. სუს-ს არ ჰქონდა სათანადოდ გაზომილი დასაკავებელი პირებისგან მომდინარე რისკები და არც დაკავებასთან დაკავშირებული წინაპირობები. ცხადია, რომ ამ პირობებში მასშტაბური შეიარაღებული სპეცოპერაცია დაგეგმა წინააღმდეგობაში მოდის სიცოცლის უფლებასთან დაკავშირებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტებთან.
  2. თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლა და გარსოლა თანადროულად განხორციელდა, სპეცრაზმელის მხრიდან წინასწარი გაფრთხილებისა და სხვა მითითების გარეშე. სროლის მომენტში თემირლანი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თავი ედო ბალიშზე, რაც მისი მხრიდან ხელყუმბარის ლოგინიდან ამოღებისა და გამოყენების შესახებ სუს-ის ვერსიას სრულად უსაფუძვლოს ხდის. პროკურატურამ არც კი გამოძია თემირლანის მიერ ტელეფონისა და ყურსასმელის გამოყენებასთან დაკავშირებული გარემოებები, რაც მაღალი ალბათობით მის მიერ სპეცოპერაციის დაწყების შესახებ ინფრომაციის არ ქონის გარემოებაზე უთითებდა.
  3. თემირლანის ოთახზე თითქმის 2 საათის განმავლობაში სრული კონტროლი სპეცრაზმელებს ქონდათ და სწორედ მათ მიერ უშუალოდ უკანონოდ ხელყუმბარის გადაადგილება და უკანონო ამოღება. საბოლოოდ ხელყუმბაა და სხვა საქმის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები სწორედ სუს-ის მიერ განადგურდა ან შეცივალა. ცხადია, რომ ამ პირობებში, გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უკანონო და ის პროკურატურის მხრიდან სუს-ის მიმართ პოლიტიკური ლოიალობის და ადამიანის უფლებათა დარღვევის უკიდურესად მძიმე შემთხვევას წარმოადგენს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“