[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

დისკუსია: აჭარის მაუწყებელი - პოლიტიკური და მედია კონტექსტი

02მაი

Cover image

2 მაისს, 19:00 საათზე EMC-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაიმართა მორიგი დისკუსია ლაივში: „აჭარის მაუწყებელი - პოლიტიკური და მედია კონტექსტი“.

მომხსენებლები:

  • მალხაზ რეხვიაშვილი - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარე;
  • გოგი გვახარია - კინომცოდნე;
  • ლაშა ქავთარაძე - მედიამკვლევარი;

მოდერატორი - თამთა მიქელაძე: EMC-ს თანასწორობის პროგრამის დირექტორი

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო თვეებში მიმდინარე პროცესები კრიტიკული თანამშრომლების დევნად და მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ღია და უხეშ ჩარევად შეიძლება, შეფასდეს. ეს პროცესი 2019 წლის დასაწყისში ნათია კაპანაძის თვითნებური და პოლიტიკურად მოტივირებული იმპიჩმენტით დაიწყო და წლის ბოლოს მმართველი პოლიტიკური გუნდის მიმართ, აშკარად, ლოიალურად განწყობილი გიორგი კოხრეიძის დანიშვნით გაგრძელდა.

2020 წელს ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ქრონოლოგია აჩვენებს კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების თანმიმდევრული დევნისა და დასჯის აშკარა პრაქტიკას. ამ დროისთვის, ახალმა მენეჯმენტმა საინფორმაციო სამსახურში საკვანძო პოზიციების მქონე თანამშრომლების უმრავლესობა გაანთავისუფლა, ან სხვა სამსახურში გადაიყვანა. 23 მარტს, კი გიორგი კოხრეიძემ, ნაცვლად იმისა, რომ პანდემიის პირობებში მაუწყებლის როლი გაეზარდა, გადაცემების დიდი ნაწილი, მათ შორის, სოციალური შინაარსის მქონე გადაცემა "ჰეშთეგი" დახურა.

ამ პოლიტიკურ პროცესებს აჭარის მაუწყებლის თანამშრომლებმა წინააღმდეგობითა და უნიკალური თვითორგანიზებით უპასუხეს. მიმდინარე წლის დასაწყისში მათ დააფუძნეს ალტერნატიული პროფკავშირი, რომელიც 100-მდე თანამშრომელს აერთიანებს და 2 მარტს კოლექტიური დავა წამოიწყეს. სამწუხაროდ, თანამშრომლების ამ მოძრაობას მენეჯმენტი მეტწილად რეპრესიითა და დასჯით პასუხობს. მათ შორის, დირექტორმა უარი თქვა კოლექტიური დავის პროცესში მონაწილეობაზე. ამასთან, მიმდინარე წლის 8 აპრილს დირექტორმა მიიღო ბრძანება თანამშრომლების ახალი ქცევის წესების შესახებ, რომელიც მათ სოციალურ ქსელებში კრიტიკულ გამოხატვას ღიად უზღუდავს და ორგანიზაციის მიმართ უპირობო ლოიალობას სთხოვს. ცხადია, რომ აღნიშნული შეზღუდვების მიზანი თანამშრომლების გაჩუმება და წინააღმდეგობის დასუსტებაა.

აჭარის მაუწყებელში პროცესი არსებითად აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული მედიის დამოუკიდებლობას, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინკლუზიური და საზოგადოების ინტერესზე დაფუძნებული საჯარო სივრცის იდეას. ბოლო წლებში აჭარის მაუწყებელი ახერხებდა ყოფილიყო მედია სივრცე ხმაწართმეული სოციალური ჯგუფებისთვისა და პროგრესული პოლიტიკური იდეებისთვის. აჭარის მაუწყებელს საერთაშორისო ანგარიშები გამორჩეულად ნეიტრალურ და დაბალანსებულ მედიად ასახელებდა. ახალი მენეჯმენტის პირობებში კი ხდება ამ რესურსისა და დაგროვებული საზოგადოებრივი ნდობის დასუსტება.

სამწუხაროდ, პანდემიის პირობებში შექმნილი სოციალური და პოლიტიკური კრიზისის გამო, აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს სათანადო ყურადღება არ ეთმობა. დისკუსია მიზნად ისახავდა აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესების პოლიტიკური და მედიაკონტექსტის შეფასებას. დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებლებმა იმსჯელეს თუ როგორია მთლიანობაში მედიაგარემო საქართველოში და არსებულ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში რა როლი და პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“