[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ვაკანსიები

მოწვევა ექსპერტებისთვის ტრენინგ მოდულის შესაქმნელად

სოციალური სამართლიანობის ცენტრი იწვევს გამოცდილ ექსპერტებს/სპეციალისტებს არასრულწლოვანთა ძალადობრივი რადიკალიზაციის საკითხზე, ბავშვთა კეთილდღეობისა და განათლების სისტემაში (განსაკუთრებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, მასწავლებლები, სოციალური მუშაკები) დასაქმებულ პირთათვის ტრენინგის მოდულისა და გზამკვლევის შემუშავებისთვის.

რადიკალიზაცია გლობალური ფენომენია, თუმცა სხვადასხვა კონტექსტში ის გამორჩეული თავისებურებებით ხასიათდება.  როგორც წესი, სწორედ რადიკალიზაციის პროცესი უსწრებს წინ იდეოლოგიურად ან სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი აქტების ჩადენას. შესაბამისად, რადიკალიზაციის ნიშნების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისი ეფექტიანი პრევენციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს არასრულწლოვანთა რადიკალიზაცია, რადგან, არაერთი კვლევის მიხედვით, არასრულწლოვნებში რადიკალიზაციის რისკი შედარებით მაღალია.

შესაქმნელი ტრენინგ მოდულისა და გზამკვლევის მიზანია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებმა მიიღონ საბაზისო ცოდნა რადიკალიზაციის არსის, სახეებისა და მისი განვითარების პროცესის შესახებ, შეძლონ მოსწავლეებში საყურადღებო ქცევის იდენტიფიცირება და მისი მართვა შეძენილი ცოდნის და შესწავლილი ინსტრუმენტების გამოყენებით.

ექსპერტს მოეთხოვება განათლების სისტემაში დასაქმებულ პირთათვის შეიმუშავოს შემდეგი 4 დოკუმენტი:

  • მოკლე სახელმძღვანელო/გზამკვლევი რადიკალიზაციის ფენომენის შესახებ (10-15 გვ.);
  • რადიკალიზაციის ნიშნების ამოსაცნობი “ჩეკლისტი”;
  • ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია;
  • პრე და პოსტ ტესტები.

დოკუმენტებზე მუშაობის ვადები:

ხელშეკრულება დაიდება 3 თვის ვადით, 01.04.2024 წლიდან 31.06.2024 წლამდე.  

ექსპერტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდგომ კრიტერიუმებს:

  • ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში, სოციალურ მეცნიერებებში, ტერორიზმისა და რადიკალიზაციის კვლევებში, განათლების მენეჯმენტში ან სხვა მომიჯნავე სპეციალობაში. დოქტორის ხარისხი ან სადოქტორო პროგრამის სტუდენტობა ჩაითვლება უპირატესობად.
  • შესაბამისი მიმართულებით კვლევითი, ანალიტიკური, აკადემიური ან პრაქტიკული გამოცდილება, არანაკლებ 5 წლისა;
  • ანალიტიკურ დოკუმენტებზე (კვლევა, ანგარიში, სტატია და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება;
  • ტრენინგ-მოდულის ან მსგავსი დატვირთვის მქონე სასწავლო მასალის შექმნის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა. დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საჭირო კანონმდებლობისა და სისტემების ზოგადი ცოდნა;
  • გამორჩეული აკადემიური, კვლევითი და წერითი უნარები;
  • შემჭიდროვებულ ვადებში სამუშაოს სრულყოფილად შესრულების უნარები.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
  • შესასრულებელ ანალიტიკურ დოკუმენტთან დაკავშირებული კონკრეტული ხედვა (არაუმეტეს 300 სიტყვისა);
  • აქამდე შესრულებული ანალიტიკური ან აკადემიური ნამუშევრების ელ. ვერსიები. არსებობის შემთხვევაში, აქამდე შექმნილი ტრენინგ-მოდული (მაქსიმუმ 5 დოკუმენტი);
  • ფასის შემოთავაზება (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის ჩათვლით);

დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ.

 სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 20 მარტი. განაცხადები უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected].

  • კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected].

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“