[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ვაკანსიები

კონკურსი ნარკოპოლიტიკის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიის მოსამზადებლად

სოციალური სამართლიანობის ცენტრი იწვევს კერძო პირს/პირებს ან კომპანიებს ნარკოპოლიტიკის შესახებ საინფორმაციო კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მომზადების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.  

ნარკოპოლიტიკის შესახებ კამპანიის მიზანია, საზოგადოების ფართო ჯგუფების მხარდაჭერის მობილიზება, ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ნარკოპოლიტიკის სფეროში მომუშავე ექსპერტები და ორგანიზაციები ამზადებენ.

აღნიშნული ცვლილებები მიემართება ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდებული პირებისთვის სამოქალაქო უფლებების ავტომატური ჩამორთმევის ინსტიტუტის გარდაქმნას, მოსამართლის როლის გაძლიერების გზით.

საინფორმაციო კამპანიის სტრატეგია უნდა მოიცავდეს შემდეგ შინაარსობრივ მიმართულებებს:

  1. საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმირება, ამ ცვლილებების მნიშვნელობის განმარტება;
  2. არსებული ნარკოპოლიტიკის მავნე შედეგებზე საზოგადოების ინფორმირება; (სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევა/შეზღუდვა, არაჰუმანური სასჯელები, პრევენციის სუსტი მექანიზმი, მკურნალობა - რეაბილიტაციის მექანიზმში არსებული ხარვეზები, სტიგმა და ზიანის შემცირება).
  • სამიზნე აუდიტორია: კამპანიის მიზნებისთვის საინტერესოა ორი ასაკობრივი ჯგუფი 18-25 წლამდე და 25-35 წლამდე მოსახლეობა
  • კამპანიის იმპლემენტაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი: 16 ათასი ევრო
  • კამპანიის სტრატეგიის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი:  2 400 ევრო
  • სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მომზადების ვადა: 2023 წლის 15 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით.
  • კამპანიის განხორციელების ვადა: 2024 წლის თებერვალი-მარტი-აპრილი  (ჯამში 3 თვე).

შემსრულებელმა უნდა მოამზადოს როგორც კამპანიის სტრატეგიის დოკუმენტი, ასევე 3 თვიანი სამოქმედო გეგმაც, აქტივობების, სამიზნე ჯგუფების, არხების, ინსტრუმენტებისა და შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.  

შემსრულებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოები დაიყოფა ორ ეტაპად:

  • პირველი ეტაპი, 15-25 ოქტომბერი, 2023, - მოსამზადებელი სამუშაოები, წინასწარი მოკვლევა, საკომუნიკაციო მიზნის გამოკვეთა და დაინტერესებულ მხარეებთან, ექსპერტებთან, პროექტის გუნდთან ინტერვიუები;
  • მეორე ეტაპი, 25 ოქტომბერი - 20 ნოემბერი, 2023 - საკომუნიკაციო სტრატეგიის დოკუმენტისა და სამ თვიანი სამოქმედო გეგმის მომზადება.

აუცილებელი კომპეტენციები:

  • საინფორმაციო კამპანიების სტრატეგიებსა და იმპლემენტაციაზე მუშაობის გამოცდილება, არასამთავრობო/უფლებადაცვით სექტორში;
  • სასურველია გუნდის წევრებს ნამუშევარი ჰქონდეთ ნარკოპოლიტიკის ან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკომუნიკაციო  სტრატეგიებზე;

შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ მოკლე პორტფოლიო, რომელშიც აღწერილი იქნება გუნდის/პირის გამოცდილება კომუნიკაციის სფეროში და ასევე, საინფორმაციო კამპანიებზე მუშაობის გამოცდილება;

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.
  • საკონკურსო განაცხადები უნდა გამოგზავნოთ არაუგვიანეს 25 სექტემბრისა შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected].

ნარკოპოლიტიკის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომსახურების ხელშეკრულების დამაზუსტებელი პირობები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“