საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას „სოციალური უფლებების სკოლაში“.
სკოლა მიზნად ისახავს, გააძლიეროს სტუდენტებისა და ახალგაზრდების ცოდნა სოციალური უფლებების შესახებ, მხარი დაუჭიროს მათ, იმსჯელონ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და უკეთ დაინახონ სიღარიბისა და დემოკრატიის ხარისხის ურთიერთმიმართება.
სოციალური უფლებების შინაარსისა და მათი რეალიზაციის საკითხებზე ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში, განსაკუთრებით, ახალგაზრდებსა და სტუდენტებში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ამ უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მძიმე მდგომარეობისა და გამოწვევების გათვალისწინებით.
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან შედარებით, სოციალური უფლებების შესახებ აკადემიური ცოდნა საგრძნობლად დაბალია. ეს მაშინ, როდესაც სოციალური უფლებები, რომლებიც ძირითადი უფლებების კატეგორიას მიეკუთვნება, შინაარსს იძენს მაშინ, როცა ადეკვატურად არის აღიარებული ქვეყნის კანონმდებლობასა და სამართლებრივ პრაქტიკაში. სოციალური უფლებების შეუსაბამო გაგება ხელს უშლის მათ სათანადო დაცვასა და რეალიზაციას.
სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლა საშუალებას მისცემს მონაწილეებს, მიიღონ მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და სფეროში მომუშავე ადამიანებთან ერთად, იმსჯელონ არაერთ მწვავე საკითხზე, რომელიც სოციალური დაცვის, შრომის, გარემოს დაცვის უფლებების შინაარსს, მათი განხორციელების ძირითად ბარიერებს, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის გამოწვევასა და სახელმწიფოს ვალდებულებებს უკავშირდება. სკოლის ფარგლებში თეორიული საკითხების გარდა, კონკრეტული მაგალითები და აქტუალური შემთხვევებიც იქნება განხილული.
ტექნიკური ინფორმაცია
სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სამართალმცოდნეობის, სოციალურ ან პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების ბაკალავრიატის (მე-3 კურსიდან) ან მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ზემოაღნიშნული საკითხებით.
კონკურსის წესი: 2-ეტაპიანი, განცხადების მიღება და კანდიდატებთან გასაუბრება.
განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2024 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.
სკოლა გაიმართება პროექტის - “სოციალური და ეკონომიკური უფლებების შინაარსისა და მათი განსჯადობის შესახებ ცოდნის ხელშეწყობა” - ფარგლებში, რომელსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მთავარ მიზანს სოციალური და ეკონომიკური უფლებებისა და დემოკრატიის ხარისხთან მათი ბმის შესახებ სხვადასხვა ჯგუფების ინფორმირებულობისა და სენსიტიურობის ზრდა წარმოადგენს.
ინსტრუქცია