[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ვაკანსიები

მაღალმთიან აჭარაში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) და სოლიდარობის თემი აცხადებენ მიღებას მაღალმთიან აჭარაში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ მაღალმთიან აჭარაში (ხულოს, შუახევისა და ქედას მუნიციპალიტეტებში) მოქმედი სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულსა და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 6 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: დაბა ხულო
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  ხულოს, შუახევისა და ხელვაჩაურის სოფლებში მცხოვრები მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 9 ივლისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია, საკონტაქტო ინფორმაცია  და ასევე, ესსე თემაზე: „სომოქალაქო აქტივიზმის როლი და სირთულეები მაღალმთიან აჭარაში სოციალური ცვლილებების მხარდაჭერისთვის“ (მინიმუმ 500 სიტყვა).

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: „კრიტიკული პოლიტიკის სკოლა აჭარაში“

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“