საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
თამთა ხალვაშმა დოქტორის წოდება კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტში მიიღო 2015 წელს. მანამდე, ის ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მიწვეული დოქტორანტი იყო. 2016-2017 წლებში, ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში, თამთა ხალვაში ნიუ იორკის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტში პოსტდოქტორანტად მუშაობდა. პარალელურად, ის იკავებდა ასისტენტ პროფესორის პოზიციას თავისუფალ უნივერსიტეტში. 2018 წლიდან, თამთა ხალვაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და აკადემიური საქმიანობის პარალელურად, ის ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის განვითარებაზე მუშაობს. 2017 წლიდან, თამთა ხალვაში კოლუმბიის უნივერსიტეტის კოლაბორაციული ინიციატივის, „შავი ზღვის ქსელების“ კვლევითი და სასწავლო პროგრამის კოლექტივის წევრია.
თამთა ხალვაშის კვლევა ანთროპოლოგიური თემების ფართო სპექტრს მოიცავს, და ის შეიცავს ინტერდისციპლინური თანამშრომლობის კომპონენტებს ანთროპოლოგიასა და დოკუმენტურ ფილმს შორის. სხვადასხვა დროს, ის იკვლევდა და წერდა ნაციონალისტურ კოსმოლოგიებზე, საზღვრების ანთროპოლოგიაზე, რელიგიურ ტრანსფორმაციებზე, მარგინალობის აფექტურ ფორმებსა და ნეოლიბერალურ ურბანულ ტრანსფორმაციებზე საქართველოში. მისი პუბლიკაციები ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მატერიალურობა და სივრცე, ურბანული სოციალური ფორმები, დეკოლონიური გეოგრაფია, დოკუმენტური პრაქტიკები და ტექნოლოგიები, სეკულარიზმი და ისლამი, და ვალის ანთროპოლოგია.
ამჟამად, თამთა ხალვაში მუშაობს მონოგრაფიის, „პერიფერიული აფექტი“ დასრულებაზე, რომელიც ეფუძნება მის სადოქტორო დისერტაციას სირცხვილის, მარგინალობისა და ურბანული ტრანსფორმაციის შესახებ ქალაქ ბათუმის მაგალითზე. პარალელურად, ის აგრძელებს მუშაობას დოკუმენტურ ფილმზე, „ტალღების ნებაზე“, რომელიც საოჯახო ვიზუალური არქივებისა და დოკუმენტური მასალის საფუძველზე, გვთავაზობს ავტობიოგრაფიულ რეფლექსიას შავი ზღვის სივრცულ და დროით ცვლილებაზე.
ინსტრუქცია