[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა

                                                      

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის წევრების შესარჩევად. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა აქტივისტებს და მკვლევრებს, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული წესრიგის შესახებ, იფიქრონ უფრო სამართლიანი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების შექმნის გზებზე და ჩაერთონ აქტივიზმში.

კონცეფცია

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ორგანიზებული აკადემიური და პოლიტიკური პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობით, არსებული ეკონომიკური წესრიგის ანალიზით, ეკოლოგიით, ქვიარ და ფემინისტური პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდა აქტივისტებისა და მკვლევარებისთვის კრიტიკული თეორიული ცოდნის გაღრმავებისა და კოლექტიური მსჯელობის სივრცის შექმნას. პლატფორმის ფოკუსს ასევე წარმოადგენს  მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო მოქმედების გზების ძიება.

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა საშუალებას მისცემს მონაწილეებს იფიქრონ და იმსჯელონ გლობალური და ადგილობრივი პოლიტიკური მდგომარეობის კონტექსტუალიზებაზე, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კრიზისების გამომწვევ მიზეზებზე, გამოავლინონ და მოიხელთონ ძალაუფლების სხვადასხვა ღერძი და მჩაგვრელობითი წყარო, ეძიონ მჩაგვრელობით სისტემებთან შეწინააღმდეგების ხერხები. აქტივიზმის ადგილობრივი პრაქტიკები ხშირად ვერ ახერხებს ავთენტური, ინკლუზიური და სამართლიანი დღის წესრიგის შექმნას, რომელიც ადგილობრივ კონტექსტს და რეალურ საჭიროებებს დაეფუძნება. პლატფორმა მიზნად ისახავს ამ ხარვეზის შევსებას და ახალი ტიპის კრიტიკისა და მოქმედებების გაჩენის ხელშეწყობას.

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა

პლატფორმის ფარგლებში, წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე, ჩატარდება 20 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომლებსაც გაუძღვებიან შესაბამისი გამოცდილების მქონე პირები აკადემიური სივრციდან და აქტივისტური წრეებიდან. პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე.

ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები (მობილიზაცია, ორგანიზება, მეთოდები და ინსტრუმენტები)

ტექნიკური დეტალები:

  • მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15-20
    ლექციების რაოდენობა: 20 (თვეში 4)
    სალექციო დროის ხანგრძლივობა:  2 საათი
    ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 5 თვე (სექტემბერი-იანვარი)
    ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: შერეული (ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით)

მონაწილეთა შერჩევა:

პლატფორმაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა 

სკოლაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამასრულებელ კურსზე მყოფ) 21 წლიდან 35 წლამდე ასაკის სტუდენტებს, ახალგაზრდა აქტივისტებსა და მკვლევრებს. პლატფორმის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმაში მონაწილეობის მისაღებად შევსებული სააპლიკაციო ფორმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 16 სექტემბერი

სააპლიკაციო ფორმა გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე:  [email protected] 

  • გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ „კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის ორგანიზება ხორციელდება სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) ფინანსური მხარდაჭერით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / ანალიტიკური დოკუმენტები

ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები - პრობლემური საკითხები და ცვლილებების პოტენციალი

მარიამ ჯანიაშვილი 

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პარადიგმის[1] დანერგვა და გამოყენება წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ამ დრომდე მოცემული სფერო საერთაშორისო სტანდარტებთან ფორმალური სახითაც კი არ მოსულა შესაბამისობაში, რაც სისტემასთან დაკავშირებულ ათასობით ადამიანს უფლებების უხეში დარღვევებისა და უგულებელყოფის წინაშე ტოვებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციამ (შემდგომში - კონვენცია) საქართველოსთვის სავალდებულო ძალა ჯერ კიდევ 2014 წელს შეიძინა. სწორედ კონვენცია აღმოჩნდა ის რევოლუციური ინსტრუმენტი, რომელმაც ძირეულად შეცვალა შშმ პირთა მიმართ სამედიცინო მოდელზე დაფუძნებული პოლიტიკა და სახელმწიფოებს მოუწოდა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადასულიყვნენ სოციალურ და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებზე. ზემოაღნიშნული პათოსი ყველა უფლებასთან მიმართებით გასდევს კონვენციას, რომელმაც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, პირდაპირ გაუსვა ხაზი შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაციის აკრძალვის, მათ მიმართ იძულების ღონისძიებებისა თუ ქმედუნარიანობის შეზღუდვის/ჩამორთმევის დაუშვებლობას. მიუხედავად ზემოაღნიშნული სტანდარტებისა, საქართველოში სიტუაცია მნიშვნელოვნად კვლავ არ გაუმჯობესებულა.

COVID-19-ის პანდემიამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა მთელი რიგი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ერთი მხრივ, პანდემიის ტვირთი მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო, მეორე მხრივ, განსაკუთრებული მოწყვლადობის წინაშე ფსიქიატრიული სერვისის მომხმარებლები აღმოჩნდნენ.[2] ზემოაღნიშნული სისტემური გამოწვევები სახელმწიფოსგან  ინტერვენციას ითხოვდა, თუმცა, ეს სფერო ამ პერიოდშიც კი არ გამხდარა მთავრობის პრიორიტეტი. პირიქით, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ერთი შეხედვით, არადინამიური პოლიტიკა რეგრესისკენაც კი წავიდა ფსიქიატრიული სტაციონარული სერვისების მიწოდების ნაწილში, როდესაც თბილისის კიდევ ერთ მულტიპროფილურ კლინიკაში ფსიქიატრიული განყოფილება დაიხურა.

მოცემული დოკუმენტი მიზნად ისახავს, შეაჯამოს ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გვხვდება და მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აღნიშნული ბარიერები 2018 წლის ოქტომბრიდან დღემდე პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ – განხორციელების პროცესში დააიდენტიფიცირა.

დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა, ქმედუნარიანობის რეფორმის იმპლემენტაციის ჩავარდნა, პრობლემები ფსიქიატრიული სტაციონარული სერვისების მიწოდების მიმართულებით, სახელმწიფოს უმოქმედობა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით, COVID-19-ის პანდემიისას დამდგარი გამოწვევები და სახელმწიფოს დროული რეაგირების პრობლემები.

ანალიტიკური დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

დოკუმენტი მომზადდა პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi).

ფსიქიკური_ჯანმრთელობა_და_ადამიანის_უფლებები_1635582800.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იხ. Report of the Special Rapporteur on the right of everyone to the enjoyment of the highest attainable standard of physical and mental health, A/HRC/44/48, 2020, პარ. 58 – 67.

[2] იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2020, გვ. 383 – 385.

ამავე თემაზე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“