[Skip to Content]

Subscribe to our web page

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

Library / Research

ბავშვთა კეთილდღეობის სისტემა საქართველოში - სისტემის გაუმჯობესების რეკომენდაციები და განვითარების სამომავლო სტრატეგიები

Library Cover Image

Head:  იაგო კაჭკაჭიშვილი

Author:   სალომე ნამიჭეიშვილი

Number Of Pages:  210

ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავდა ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის კურსის გაგრძელებასა და მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერებას. გეგმის მიხედვით, დღესაც მიმდინარეობს რეფორმა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. რეფორმის არსი იყო და არის ბავშვებზე ზრუნვის დეინსტიტუციონალიზაცია, რაც გულისხმობს დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას და თემზე დაფუძნებულ ზრუნვაზე გადასვლას. რეფორმა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ინსტიტუციური ზრუნვა არ შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას და უგულებელყოფს ბავშვის უფლებას, იზრდებოდეს ოჯახში ან ოჯახთან მიახლოებულ გარემოში (OHCHR, 1989). რეფორმის პროცესში სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა ოჯახსა და თემზე დაფუძნებულ ალტერნატიულ ზრუნვაზე გადასვლისათვის საკმარისი ძალისხმევის უზრუნველყოფა იმ პირობებში, როცა დიდ ინსტიტუციებზე უარის თქმით დაიკარგა დიდი მასშტაბიდან გამომდინარე ეკონომიის შესაძლებლობა.

რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ბავშვების მშობლებისგან განცალკევების პრევენცია ადეკვატური მხარდაჭერით, ბავშვების მშობლებთან რეინტეგრაციითა და მათი ოჯახების გაძლიერებით. ამასთანავე, რეფორმის მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენდა როგორც ოჯახსა და თემზე დაფუძნებული ზრუნვისა და მომსახურების მიწოდების გაზრდა, ასევე, ზრუნვის სისტემიდან გასვლისთვის (გადასვლა დამოუკიდებელ ცხოვრებაზე) ახალგაზრდების მომზადება მათი სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობით.

საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ინსტიტუციური ზრუნვის გავლენა გრძელვადიანი ბავშვის ჯანმრთელობასა და ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე და მისი ეფექტები ვლინდება 18 წლის შემდეგაც (Browne, 2009). ბავშვებს, რომლებიც იზრდებიან ინსტიტუციებში, არ უყალიბდებათ უწყვეტი მიჯაჭვულობის გრძნობა ძირითად მზრუნველთან ამ ტიპის ზრუნვის ფორმისთვის დამახასიათებელი რიგიდულობისა და არაინდივიდუალური გარემოს გამო (J. Williamson, 2010).

ბავშვის უფლებათა კონვენციის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესი დაცული უნდა იყოს ოჯახის მხარდაჭერით. ოჯახის მხარდამჭერი მომსახურება აძლიერებს და ინარჩუნებს ოჯახის მთლიანობას. მას შეუძლია მშობლების კომპეტენციების ჩამოყალიბება და ოჯახის ცხოვრების ხარისხის გაზრდა, რაც აისახება ბავშვების მდგომარეობაზე (EuroChild, 2013). ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების ეფექტიანობის მტკიცებულებები, ძირითადად, მოიპოვება მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში. დასტურდება მათი დადებითი გავლენა დაბადების რეგისტრაციაზე, ბავშვთა შრომაზე, ბავშვთა ქორწინებასა და ოჯახების დაშლის პრევენციაზე. ამასთანავე, სიღარიბის შემცირების სტრატეგიებს გავლენა აქვთ ბავშვთა ძალადობის შემცირებაზე (Barrientos A.J., 2013). ხანგრძლივ პერიოდში დაკვირვების მეთოდით განხორციელებულმა ნორვეგიულმა კვლევამ (NOVA, 2009) აჩვენა, რომ სიღარიბე ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვების განვითარებასა და მშობლობაზე, რაც საჭიროს ხდის ოჯახის მხარდამჭერი საჯარო პოლიტიკების არსებობას.

საზოგადოებისათვის საინტერესოა, რამდენად შეძლო საქართველოში რეფორმამ, ეპასუხა არსებული გამოწვევისათვის და დაეკმაყოფილებინა ის საჭიროება, რამაც სათავე დაუდო ალტერნატიული ზრუნვის სისტემის განვითარების რეფორმას. კვლევის ზოგადი მიზანია, განახორციელოს ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის შეფასება უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით, გამოკვეთოს საჭიროებები და, ასევე, წარადგინოს შესაბამისი რეკომენდაციები არსებული ბავშვთა კეთილდღეობის პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. კერძოდ, კვლევის ძირითადი კითხვებია: მოწყვლადობის რა რისკების წინაშე დგანან ბავშვები და ოჯახები თემების დონეზე საქართველოში? რამდენად პასუხობს ბავშვთა კეთილდღეობის სისტემები არსებული მოწყვლადობის რისკ-ფაქტორების ელიმინაციის ან შემცირების ამოცანას? რამდენად შეძლო საქართველოში რეფორმამ, დაეკმაყოფილებინა ის საჭიროება, რამაც სათავე დაუდო ალტერნატიული ზრუნვის სისტემის განვითარებას? ჰქონდა თუ არა და რა ხარვეზები ჰქონდა ახალ სისტემას გამოყენებული რესურსების, დამკვიდრებული პროცესებისა და შექმნილი მომსახურებების თვალსაზრისით? რომელი მიდგომა (უფლებებზე დაფუძნებული, საჭიროებებზე დაფუძნებული) ხორციელდება ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში, რომელი მიდგომის განხორციელებას აქვს მეტი რაციონალური საფუძველი და რისი გამოყენება იქნება უმჯობესი? ამ კითხვების საპასუხოდ კვლევამ მიზნად დაისახა, შეეფასებინა ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება – პრევენცია/რეინტეგრაცია და ოჯახების გაძლიერება. კერძოდ, კვლევის კითხვები უკავშირდება რეფორმის ამ მიმართულების ეფექტიანობის შეფასებას. კვლევა შერეული ხასიათისაა და აერთიანებს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ელემენტებს. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოიკვეთა ძირითადი საჭიროებები და ჩამოყალიბდა რეკომენდაციები ბავშვთა დაცვის პოლიტიკისა და პრაქტიკის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით. კვლევა, გამოყენების თვალსაზრისით, ნიშანდობლივია სამოქალაქო საზოგადოებისთვის ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების ადვოკატობისას ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე.

სადისერტაციო ნაშრომი 6 ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი მოიცავს დოკუმენტების ანალიზს ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ამ ნაწილში წარმოდგენილია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ღირებულებებს, უფლებადაცვით დოკუმენტებსა და კარგ პრაქტიკებს გულისხმობს ბავშვთა კეთილდღეობის დაცვა თანამედროვე ეტაპზე. მეორე ნაწილი აღწერს კვლევის მეთოდებს. მესამე და მეოთხე ნაწილში კი მოცემულია კვლევის თვისებრივი და რაოდენობრივი კომპონენტის შედეგები და მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდება დღევანდელი პრაქტიკა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროს იმ საერთაშორისო სტანდარტებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ იმ უფლებების დაცვას, რომლებსაც საქართველოც აღიარებს, მეხუთე ნაწილში მოცემულია კვლევის შედეგად ჩამოყალიბებული ძირითადი რეკომენდაციები. მეექვსე ნაწილი აღწერს კვლევის ძირითად დასკვნებს.

The website accessibility instruction

  • To move forward on the site, use the button “tab”
  • To go back/return use buttons “shift+tab”