თუ ცხოვრობ ჭიათურაში, ან მის რომელიმე სოფელში - ითხვისში, შუქრუთში, პერევისაში, და თუ შენც გაწუხებს ის, რაც გარშემო წიაღის მოპოვების შედეგად ხდება, მოდი სოფლის შეკრებაზე 21 მაისს, 2 საათზე, სოფელ ითხვისის დარბაზში. 
 
შეხვედრა სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. ჩვენი მიზანია სოფლის მოსახლეობამ და მათმა მხარდამჭერმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ერთად ვიმსჯელოთ სოფელში არსებულ მდგომარეობაზე და ადგილობრივთა საჭიროებების გადაჭრის სამართლებრივ გზებზე.
 
ამ დრომდე უცნობია მერიის გეგმა უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებთან დაკავშირებით. მრავალ კითხვას აჩენს მუნიციპალიტეტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯები: მომზადებული წინასწარი გეოლოგიური დასკვნა ზედაპირულია, შემსწავლელი კომისიის კომპეტენცია და მათი მოკვლევის ფარგლები დაუზუსტებელია, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ჩართულობა კი ბუნდოვანია, ისევე როგორც კომპენსაციის დაანგარიშების პროცედურა. წერილი, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შეკითხვით მიმართავს მდგომარეობის შესწავლისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ამ დრომდე პასუხგაუცემელია.
 
ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობა სრულყოფილად იცნობდეს საკუთარ უფლებებს და მათ ხელთ არსებულ სამართლებრივ ბერკეტებს.