[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

EMC: მირტაგი ასადოვი სუს-ში დაიბარეს

განახლება: 19:40, 16 აპრილი

მირტაგი ასადოვის სუსში გამოკითხვის პროცესი დღეს ვერ შედგა, რადგან ჩვენი ადვოკატისთვის მარნეულში საშვის დაშვებასთან დაკავშირებით სირთულეები შეიქმნა. ასადოვის გამოკითხვა ხვალ, 17 აპრილს 12 საათზე ჩატარდება.

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოკითხული ორი სხვა პირის განმარტებით, მათი გამოკითხვა მარნეულში ბოლო დღეებში ორგანიზებულ სოციალურ პროტესტს უკავშირდებოდა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი,ბოლო რამდნიმე დღეა ადგილობრივი მოსახლეობა საღამოს 9 საათზე 5 წუთის განმავლობაში, ქუჩაში გამოუსვლელად, მანქანების სიგნალებით აპროტესტებს მუნიციპალიტეტში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს. მათი პროტესტი სოფლის მეურნეობის პროდუქტების უკიდურესად დაბალ ფასებში ჩაბარების და მაღაზიებში პროდუქტების ფასების გაუმართლებელი და სპეკულაციური ზრდის პრაქტიკას უკავშირდება.

მირტაგი ასადოვი განმარტავს, რომ ის შეუერთდა ამ სოციალურ პროტესტს და თავისთავად ამ პროცესში დანაშაულის ნიშნების ამოკითხვა რთულია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 აპრილს შეიხი მირტაგი ასადოვი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს რამდენიმე დამფუძნებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. სუს-ის გამომძიებლის მიერ ჩვენთვის მოცემული განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის (საბოტაჟი) საფუძველზე მიმდინარეობს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საბოტაჟი, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული გულისხმობს საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას და რა თქმა უნდა, გაუგებარია როგორ ამოიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზემოხსენებულ საპროტესტო აქციაში საბოტაჟის დანაშულის ნიშნები. როგორც კი EMC-ის დამატებითი ინფორმაცია ექნება საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას ყველა დეტალს გაუზიარებს.

---------------------------

13:50, 16 აპრილი

როგორც გახდა ცნობილი, შეიხი მირტაგი ასადოვი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს რამდენიმე დამფუძნებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

სუს-ის გამომძიებლის მიერ ჩვენთვის მოცემული განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის (საბოტაჟი) საფუძველზე მიმდინარეობს. მათ ჩვენთვის არ განუმარტავთ კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. მირტაგი ასადოვი ამ პროცესს გუშინ ტელეკომპანია მთავარში მის მიერ მიცემულ ინტერვიუს უკავშირებს, სადაც მან განმარტა, რომ საქართველო არ არის თეოკრატიული ქვეყანა, ის სეკულარული სახელმწიფოა და დაყოფა "ჩვენ-სხვები" სწორი არ არის. ჟურნალისტის კითხვაზე კი, თუ რას ფიქრობდა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ ეკლესიები არ დაიკეტებოდა დღესასწაულზე, მან კითხვითვე უპასუხა: "მაშინ ჩვენ გავხსნით მეჩეთებს რამადანზე და ვნახოთ პრემიერ-მინისტრი ჩვენ მიმართ როგორ მოიქცევა". მირტაგის განმარტებით ეს მხოლოდ რიტორიკული კითხვა იყო.

EMC მირტაგი ასადოვს და სხვა პირებს საადვოკატო დახმარებას უწევს. რამდენიმე საათში ჩვენი ადვოკატი მარნეულში, სუს-ის შენობაში მირტაგი ასადოვთან და სხვა დაბარებულ პირებთან ერთად მივა. საქმის შესახებ ახალ დეტალებს EMC უახლოეს საათებში გაგიზიარებთ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“